Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სობიანინის მისია


მოსკოვის მერობის კანდიდატი სერგეი სობიანინი
მოსკოვის მერობის კანდიდატი სერგეი სობიანინი
ხუთშაბათს მოსკოვის საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქის ახალი მერის კანდიდატურას განიხილავს. ამ პოსტზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სერგეი სობიანინი, გავრცელებული აზრით, იოლად შეძლებს მხარდაჭერის მოპოვებას და მოსკოვზე კონტროლიც მთლიანად კრემლის ხელში გადავა.

მანქანების საცობი, საყვირების ხმა და მძღოლების გაბრაზებული გინება - ეს მოსკოველთა ყველაზე უფრო უიმედო პრობლემაა. წესრიგის დამყარება მოსკოვის ქუჩებში და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ - ეს არის მთავარი პრიორიტეტები იმ ამოცანისა, რაც მოსკოვის მერის პოსტზე წარდგენისას დაუსახა დმიტრი მედვედევმა რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, სერგეი სობიანინს.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პირდაპირ და ღიად უნდა ვილაპარაკოთ, არის კორუფცია. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ამ მიმართულებით ცოტა რამ თუ გაკეთდა. რიგ შემთხვევაში კი გამოიყენებოდა ისეთი სქემები, რომლებიც, სულ მინიმუმ, აღძრავს შეკითხვებს ამ სქემების კანონიერებასთან დაკავშირებით.“

18 ოქტომბერს კრემლში გამართულ შეხვედრაზე ნათელი გახდა ის მიზეზი, თუ რის გამო გადააყენა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, უკანასკნელი მოჰიკანი 90-იანი წლების რეგიონალური ლიდერებისა, რომლებსაც კრემლისგან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა ჰქონდათ.

„ხელისუფლება მოსკოვში მთლიანად უნდა იყოს ინტეგრირებული ფედერალურ ხელისუფლებასთან, რათა მას ჰქონდეს ნდობა და იყოს ეფექტიანი.“

მოელიან, რომ მოსკოვის მერად დამტკიცების შემთხვევაში, სერგეი სობიანინი ყველაფერს გააკეთებს, რათა კრემლმა სრული კონტროლი განახორციელოს მოსკოვზე, რომელიც რუსეთის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. პოლიტიკის ანალიტიკოსის კირილ როგოვის ვარაუდით, სობიანინი უსიტყვოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრ პუტინის ბრძანებას და მოსკოვის ბიზნესს კრმელთან დაახლოებულ ოლიგარქთა ჯგუფს მისცემს სამართავად.

„აქ ყველაზე მთავარი ფინანსური ნაკადებია, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, უძრავი ქონების მიმოქცევასა და კონტროლს უკავშირდება. შეუძლებელია აკონტროლო ქალაქი, თუკი არ აკონტროლებ ამ ფინანსურ ნაკადებს.“

ოდესღაც კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის სტანისლავ ბელკოვსკის თქმით, ცნობილია ის ოლიგარქიული ჯგუფიც, რომელსაც სობიანინი ქალაქის კონტრაქტებს ჩააბარებს. ბელკოვსკი ასახელებს რომან აბრამოვიჩსა და საბანკო მაგნატ ევგენი ევტუშენკოვს.

„მთავარი ისაა, რომ სობიანინი - ეს არის სისტემის მიერ შექმნილი ადამიანი, ვინც იცის თამაშის წესები; ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რისი გაკეთება შეიძლება და რისი -არა.“

ის, თუ რისი გაკეთებაა საჭირო შექმნილ ვითარებაში, კარგად იცის მოსკოვის საკანონმდებლო ორგანომაც, რომელმაც ახალი მერის კანდიდატურა 21 ოქტომბერს უნდა განიხილოს. კრემლის ფავორიტს საჭირო ხმების მიღება არ გაუჭრდება 35 კაციან მოსკოვის დუმაში, სადაც მმართველ „ედინაია როსიას“ 32 დეპუტატი ჰყავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG