Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა მოსკოვის მერად პუტინის მრჩეველი დანიშნა


სერგეი სობიანინი
სერგეი სობიანინი
რამდენიმეკვირიანი ვარაუდების შემდეგ მოსკოველებმა, როგორც იქნა, შეიტყვეს ქალაქის ახალი მერის ვინაობა. რუსეთის პრეზიდენტმა დმირტი მედვედევმა, თანამდებობიდან გადაყენებული იური ლუჟკოვის ნაცვლად, მოსკოვის გაძღოლა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის აპარატის ყოფილ ხემძღვანელს სერგეი სობიანინს დაავალა. იმისათვის, რომ უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგეს, სობიანინს მოსკოვის ქალაქის საბჭოს - მოსკოვის დუმის - მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა მედვედევ-პუტინის ტანდემის ფავორიტს ამ ფორმალური პროცედურის გადალახვა არ გაუჭირდება.

მოსკოვის ახალი მერის საკითხს რუსეთის პრეზიდენტმა წერტილი შაბათს დაუსვა. მოსკოვის მახლობლად, გორკის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დროს დმიტრი მედვედევმა საკუთარი გადაწყვეტილება სერგეი სობიანინს ტელეკამერების წინ გამოუცხადა. მედვედევმა იქვე ისიც მიანიშნა სობიანინს, რომ მომავალი მერისაგან „კორუფციული სქემების“ წინააღმდეგ რეალური ბრძოლის დაწყებას მოელის:

„ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პირდაპირ და ღიად უნდა ვილაპარაკოთ, არის კორუფცია. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ამ მიმართულებით ცოტა რამე თუ გაკეთდა. რიგ შემთხვევაში კი გამოიყენებოდა ისეთი სქემები, რომლებიც, სულ მინიმუმ, აღძრავს შეკითხვებს ამ სქემების კანონიერებასთან დაკავშირებით“.

რუსეთის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სკეპტიკურად შეხვდნენ სერგეი სობიანინის წარდგენას მოსკოვის მერის პოსტზე. პარტია „იაბლოკოს“ ლიდერი სერგეი მიტროხინი ვარაუდობს, რომ სობიანინს, რომელიც არამოსკოველია, გაუჭირდება მოსკოველთა ნდობის მოპოვება. სობიანინი 2005 წლამდე ციმბირში მოღვაწეობდა, სადაც ჯერ ქალაქ კოგალიმის მერად, შემდეგ კი ტიუმენის ოლქის ხელმძღვანელად მუშაობდა. 2005 წელს ვლადიმირ პუტინმა სობიანინი კრემლში გადაიყვანა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ედგა სათავეში. მოსკოვის საქალაქო საბჭოს წევრმა კომუნისტური პარტიიდან, ანდრეი კლიჩკოვმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი ფრაქციისათვის თანაბრად მიუღებელია ყველა კანდიდატურა, რომელსაც კრემლიდან დანიშნავენ:

„მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას კენჭისყრაზე მხარი დავუჭირო წარმოდგენილ კანდიდატურას. ისევ და ისევ, არ მინდა ისე ჩანდეს, რომ კონკრეტულად სობიანინს არ ვუჭერდეთ მხარს. ჩვენ არ ვართ მზად დავუჭიროთ მხარი - ივანოვი იქნება, პეტროვი თუ სიდოროვი - იმ სისტემის პირობებში, როდესაც ჩვენ წაგვართვეს ქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა“.

თუმცა სობიანინს კრემლის უპირობო მხარდაჭერა აქვს - მოსკოვის მერობის კანდიდატი მედვედევ-პუტინის აბსოლუტური ნდობით სარგებლობს. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი კი, 18 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თანამდებობიდან 28 სექტემბერს სწორედ „ნდობის დაკარგვის“ გამო გადააყენა. 16 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ, სობიანინი ხაზს უსვამდა ნდობის ფაქტორს:

„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ნდობაა. და იმ შემთხვევაში, თუ აღვიჭურვები უფლებამოსილებით, შევეცდები გავამართლო ის. პირველი წელი არ არის, რაც მე მოსკოვში ვცხოვრობ, კარგად ვიცი ქალაქის გასაჭირი და პრობლემები. მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა არსებობს სერიოზული საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლად გადაწყვეტას მოითხოვს.“

თუკი იური ლუჟკოვი ცნობილი იყო როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე და კრემლთან დაპირისპირებული ხელმძღვანელი, იგორ სობიანინი უფრო მოქნილია და წინამორბედზე უფრო ნაკლებად დამოუკიდებელი იქნება. თუკი მოსკოვის დუმა მხარს დაუჭერს სობიანინის კანდიდატურას, ეს ნიშნავს, რომ ფედერალური მთავრობის კონტროლი გაიზრდება იმ ფინანსურ და ბიზნეს „იმპერიაზე“, რომელიც ყოფილმა მერმა რუსეთის დედაქალაქში შექმნა. რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური პარტია ამაოდ ითხოვს, მოსკოველებს დაუბრუნდეთ წართმეული უფლება თავადვე აირჩიონ დედაქალაქის ხელმძღვანელი. 2004 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში - მათ შორის, მოსკოვში - მერის არჩევნები გააუქმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG