Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 26 ოქტომბერი 2010


პრესის მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ. გაზეთი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 2 თვის განმავლობაში თითქმის 10 პუნქტით გამყარდა, სამომხარებლო ბაზარზე ფასები არც ერთ პროდუქტზე არ შემცირებულაო. გაზეთი განაგრძობს: იმპორტიორი კომპანიები ფასების შემცირებას არც აპირებენ, მიზეზად კი პროდუქციის გაძვირებას ასახელებენო. „რეზონანსი“ ამატებს: არსებობს ერთი ნიუანსიც. ცნობილია, რომ ბიუჯეტი ინფლაციისა და მაღალი ფასების ხარჯზე ივსება, პროდუქციის გაიაფება კი ავტომატურად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას იწვევს. ასე რომ, თავად მთავრობაა დაინტერესებული, რომ ფასები დაბლა არ ჩამოვიდესო. - „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის სათაურია: „პროდუქციის გაიაფებას მთავრობის მონოპოლიები და მთავრობა უშლის ხელს“.

„ალია“ მოწინავე სტატიად აქვეყნებს პუბლიკაციას „ქართული პარტიის“ ოფისის პრეზენტაციის შესახებ. ამ სტატიის დიდი ნაწილი ეთმობა საჭმელზე ლაპარაკს, პარტიის წინა პრეზენტაციაზე გამასპინძლების დაწუნებას და ახლანდელი ფურშეტის აღწერას. წინა პრეზენტაციაზე ნაწყენი დავრჩი, როდესაც პოლიტიკოსებმა და არასამთავრობოებმა ერთიანად გადაძოვეს საჭმელებით სავსე მაგიდა, ჟურნალისტები კი „ღიპიანი ყმაწვილებივით“ შევცქეროდითო. ჟურნალისტი მოწონებით აღწერს ახალ პრეზენტაციას, სადაც „ ‘ქართული პარტიის’ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა სუფრასთან საგანგებოდ მივეყვანე და, ტოლმა თუ არა, პეროგი მაინც შემოეთავაზებინაო“. პრესსამსახურის უფროსი სტატიაში ასეა აღწერილი: ”კარგი გოგოა ნინო, უშუალო და თბილი. ნამდვილად არ ჰგავს მის ზოგ კოლეგას, ვაქირულა ვირივით რომ გასდით წიხლიო”.

„ალიაშივე“ წაიკითხავთ კარგა მოზრდილ, ორგვერდიან, სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტმა ფეისბუკზე მეგობრობა ჟურნალისტს. აქ დაწვრილებით არის აღწერილი სააკაშვილის ფეისბუკის პროფილი. ისიც წერია, ვებგვერდზე პრესმდივნის 91 ფოტოა, საკუთარი ცოლისა კი 82 ფოტო აქვსო.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე კი ყველაზე დიდი შრიფტით ასეთი წარწერაა: „სიონის ტაძრის წინ ბუდას ქანდაკებას დგამენ“. ეს გახლავთ ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან, რომელიც ჯერჯერობით პარტია „თავისუფლების“ წარმომადგენელია, თუმცა ინტერვიუში შენიშნავს, პარტია უკვე 3 თვეა აღარ ფუნქციონირებსო. ბუდას ქანდაკებაზე საუბრისას კი ამბობს, ვიღაცები მომედავებიან, პარიზშიც არის ბუდაბარიო. „პარიზის და თბილისის შედარება არ შეიძლება. პარიზის მერი, ბოლოს და ბოლოს, ჰომოსექსუალისტია. მაშინ ავირჩიოთ ჩვენც ჰომოსექსუალისტი მერი. ეს არანაირი არგუმენტი არ არისო“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG