Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარის ძმის დაკავება პოლიტიკური შანტაჟია, მიიჩნევენ “ქართულ პარტიაში”


ადვოკატი ირმა ჭკადუა
ადვოკატი ირმა ჭკადუა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ოქტომბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ნავთობის ყიდვა-გაყიდვის სფეროში მომუშავე შპს "გრანდის", შპს "ამოს", შპს "ვ.ვ. ოილის", შპს "ნეროს" თანამშრომლები. დაკავებულია ასევე ექვსი ინდივიდუალური მეწარმე. დაკავებულთა შორის არის „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ძმა, ვახტანგ სუბელიანიც. რა კავშირია ზემოხსენებულ პირთა დაკავებასა და ვახტანგ სუბელიანის დაკავებას შორის? რას აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა? რა პოზიცია აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით „ქართულ პარტიაში“?

დღეს „ქართული პარტიის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა გუნცაძემ, განაცხადა, რომ შეთითხნილი ბრალდებით დაკავებულია მათი პარტიის ლიდერის, სოზარ სუბარის ძმა, ვახტანგ სუბელიანი. კოკა გუნცაძის განცხადებით, მასობრივი დაპატიმრებების გზით ხალხში საყოველთაო შიშის დანერგვას ცდილობენ:

”აღნიშნული ფაქტი ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც მძევლად აყვანა, პოლიტიკური ანგარიშსწორების ან პოლიტიკური შანტაჟის მიზნით”.

დაკავებული ვახტანგ სუბელიანის ადვოკატი ამავე პრესკონფერენციაზე, ანუ მანამ, სამან მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის საშუალება მიეცემოდა, აცხადებდა, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ აღიარებს და, საერთოდ, კომპანია ”ამოში” ის ოფიციალურად არ მუშაობდა. შესაბამისად, მისი დაკავება იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რა საფუძვლითაც კონსიტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 26 ოქტომბერს ნავთობის ყიდვა-გაყიდვის სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიის თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. დაკავებულებს ბრალად ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადების გზით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენება ედებათ.

”ბატონი ვახო თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი აღიარება, როგორც ეს გარკვეული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, არ მომხდარა. მასთან შეხვედრის შემდეგ და მას შემდეგ, როცა გამოძიება წარმოგვიდგენს, თუ რასთან დაკავშირებით იქნა ის დაკავებული, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ბატონი ვახო დაკავებული უნდა ჰყავდეს ბრალდებულის სახით, გამოძიებას ამ წუთამდე ჩვენთვის არ წარმოუდგენია”, - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც, სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანსა და კომპანია შპს ”ამოს” დირექტორს ვაჟა ლეკიშვილს შორის შედგა. ჩანაწერის მიხედვით, ვახტანგ სუბელიანი ვაჟა ლეკიშვილს ბენზინის საყიდლად მისული კლიენტისათვის გასაცემ ანგარიშ-ფაქტურაში ნაკლები ღირებულების ჩაწერის შესახებ ესაუბრება.

შს სამინისტრომ ასევე გაავრცელა დაზარალებულ არისტაკ კუჩუკიანის ჩვენების ვიდეოჩანაწერი, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ ვახტანგ სუბელიანმა მას ანგარიშ-ფაქტურაში გადახდილზე ნაკლები თანხა ჩაუწერა:

”შევედი ნავთობბაზაზე, იქ ვახო სუბელიანს შევხვდი და მათ ბენზინი ვთხოვე. მათ მითხრეს, რომ ვაჟას ვკითხავთო. დაურეკეს ვაჟას. ვაჟამ უთხრა, კარგი, მიეცითო. მან მკითხა, ვაჟამ რა გითხრა, რამდენად მოგცემო? მე ვუთხარი, 1, 78 თეთრად-მეთქი. მან მითხრა, კარგიო. ფული გადავიხადე, გამოვედი მანქანაში ჩასატვირთად, შევბრუნდი და ფაქტურა უკვე გამოწერილი იყო. ფაქტურა ავიღე და ხელი მოვაწერე. მერე ვნახე და უკვე 1, 67 თეთრი ეწერა და უკვე იძულებული ვიყავი ეს ბენზინი მეყიდა”.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახტანგ სუბელიანის მიმართ ბრალის წაყენების პროცედურას, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაში წარიმართა, ადვოკატი ირმა ჭკადუაც ესწრებოდა. მან ე.წ მოდულის შენობა უკომენტაროდ დატოვა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG