Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელი ცხოვრება „თბილისობასთან“ ერთად


2010 წლის ”თბილისობა”, ტივით გასეირნება მტკვარზე
2010 წლის ”თბილისობა”, ტივით გასეირნება მტკვარზე
„მთელი ცხოვრება „პროფილთან“ ერთად...“ – გვითხრა მაია ასათიანმა ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში... ამ პოპულარული შოუს თაყვანისმცემლებს გაუხარდათ, ოპონენტები გაღიზიანდნენ... არადა, „პროფილის“ წამყვანმა, რომელიც გადაცემაში იუმორის გრძნობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, ამ შემთხვევაში ნამდვილად იხუმრა... იმ ხალხს, ვინც „პროფილის“ ახალმა დევიზმა გააღიზიანა ან გაახარა, რატომღაც არ უკითხავს, ვინ აპირებს მთელი ცხოვრება გადაცემა „პროფილთან“ ერთად ყოფნას – შოუს წამყვანი თუ შოუს მაყურებელი...

აი „თბილისობა“ კი, რომელიც გასული კვირის ბოლოს დასრულდა, როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება ჩვენთან ერთად იქნება. ერთი პერიოდი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უარი თქვეს მის ჩატარებაზე – ეროვნულ ხელისულებას მეტისმეტად კოსმოპოლიტურად მიაჩნდა ედუარდ შევარდნაძის მიერ კომუნისტების ეპოქაში დაარსებული ეს დღესასწაული... მაგრამ შევარდნაძე ისევ დაუბრუნდა საქართველოს და მასთან ერთად საბჭოთა კავშირის დროს „ინტერნაციონალური ძმობის“, პოსტსაბჭოთა ეპოქაში კი „ტოლერანტულობისა და მულტიკულტურალიზმის“ ზეიმად მონათლული „თბილისობაც“ დაგვიბრუნდა. მას მერე არაფერი შეცვლილა – ყველა „თბილისობა“ ერთნაირი იყო: ირჩევდნენ საპატიო თბილისელებს, გლეხებს აძლევდნენ საშუალებას მთლად ქალაქის ცენტრში გაეყიდათ შემორჩენილი ყურძენი და ღვინო... მედუდუკეები უკრავდნენ... ხალხი თვრებოდა და „თბილისობის“ კვირადღე ერთი დიდი კონცერტით სრულდებოდა... მოგვიანებით კვირას შაბათი დაემატა... მერე კიდევ ერთი დღე... როგორც ჩანს, „თბილისობის“ ორგანიზატორებს მაინც ჰქონდათ უკმარისობის გრძნობა... ჰოდა, ვინ შეუშლიდა ხელს, ანდა ვინ გამოთქვამდა პროტესტს? წლევანდელი „თბილისობა“ უკვე ათი დღე გაგრძელდა – აღმოჩნდა, რომ ესაა საუკეთესო დღესასწაული იმისთვის, რომ ყველა კმაყოფილი იყოს – ხალხიც და ხელისუფლებაც.

თუმცა წლევანდელი „თბილისობა“ მაინც ოდნავ განსხვავებული იყო. თუკი უწინ, როგორც ამბობენ, პირადად შევარდნაძის მიერ მოგონილი ზეიმის იდეა „ქალაქისა და სოფლის დაახლოება“ იყო (დიახ, ისე, როგორც მეცნიერული კომუნიზმის სახელმძღვანელოში), სააკაშვილის, უფრო სწორად, უგულავას „თბილისობაზე“ აქცენტი არა სოფელსა და თბილისზე, არამედ საქართველოსა და ევროპის ინტეგრაციაზე გაკეთდა.
2010 წლის თბილისობა, ქალაქის მერი ყურძნის წურვის დროს

„ევროპის ქვეყნების ელჩებმა დღეს თბილისში კულტურული შოკი მიიღეს: სუფრა - ტივზე, ნაკვერჩხალი - მდინარეზე და ეს ყველაფერი თბილისური ბაიათების თანხლებით... ასეთი რამ მათ დღემდე არ უნახავთ... „თბილისობა 2010“ ნელ-ნელა პიკს აღწევს. საწნახელში ყურძენი დაწურულია, ავტოშოუ დასრულდა და ახლა ყველა ფეშენ უიკს და შინის კონცერტს ელოდება“, - გვითხრა ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა. ევროპა შოკშია! ევროპელებს მოსწონთ ყველაფერი – მოსწონთ, როგორ წურავს ყურძენს ფეხებით ქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორ უკრავენ მედუდუკეები, როგორ ცეკვავენ კინტოები და როგორი ჩვენებები ეწყობა მოდის კვირეულზე თბილისში; ყველაფერი დაამთხვიეს „თბილისობას“... თვით ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეც კი, რომელიც, წესით, მარტში უნდა აღენიშნათ.

„სტუმრებს ჰქონდათ იდეა, სადმე თბილისის ბაღში ყოფილიყო ჭაბუკიანის სახელობის ხეივანი. ჩვენ შევარჩიეთ „დედა ენის“ ბაღი, რადგანაც, ჩვენი აზრით, ესაა მნიშვნელოვანი ადგილი – მეცხრამეტე საუკუნეში „ორბელიანების ბაღი“ ერქვა... მაგრამ ადგილმდებარეობის გამო ბევრი ვერ ახერხებს მოსვლას, ამიტომ გვინდა, რაც შეიძლება მიმზიდველი გავხადოთ, გვინდა გაიზარდოს ამ პარკის კულტურული დანიშნულება, გადაიქცეს მწერლებისა და წიგნის მოყვარულების თავშესაყარად“, - ეს უკვე გიგი უგულავას განაცხადია.

დიახ, ქალაქის მერმა ასევე მიიღო მონაწილეობა ხეების დარგვის იმ რიტუალში, რომელიც, ცხადია, კამერების წინ ჩატარდა, თანაც უცხოელ სტუმრებთან ერთად. მიუხედავად ამისა, ვახტანგ ჭაბუკიანის ხეივნის გაშენების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნინო ანანიაშვილმა, აქცენტი მაინც ქართველებზე გადაიტანა – ხის დარგვა ქართველის მოვალეობააო.

წლევანდელი „თბილისობა“ კიდევ ერთი სიახლით გამოირჩეოდა. თუკი უწინ ზეიმის კულმინაცია საპატიო თბილისელების არჩევა იყო, წელს მედიამ ძალზე ზედაპირულად გააშუქა ეს ღონისძიება. შეიძლება იმიტომ, რომ ჩათვალა – ასარჩევი ვინც იყო, უკვე აირჩიეს... ასეა თუ ისე, ყურადღება სხვა კონკურსებზე გამახვილდა – არქიტექტურულ კონკურსზე, რომელზედაც ქართველ არქიტექტორთა 300-მდე პროექტი იყო წარმოდგენილი და, რაც მთავარია, ლიტერატურულ კონკურს „გალაზე“, რომელიც არაოფიციალურად ლიტერატურული კონკურსის, „საბას“, ალტერნატივად ითვლება... თუმცა, „საბასგან“ განსხვავებით, „გალას“ ქალაქის ხელისუფლება ატარებს და აქაც აქვს საშუალება გამოიჩინოს თავი.

წლის საუკეთესო წიგნად ზურაბ ლეჟავას მოთხრობების კრებული დასახელდა. „გალა“ მას კულტურის მინისტრმა გადასცა. ხელისუფლების სხვა წევრები კი ჯერ ღიმილით შესცქეროდნენ ამ, მართლაც რომ, ყველასგან განსხვავებულ ავტორს, მერე კი ღიმილი „გაეყინათ“ სახეზე.

„მე მინდა მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს, ქალაქის საკრებულოს და მის ხელმძღვანელს, ზაალ სამადაშვილს... და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის მერს გიგი უგულავას... ნუ, ასევე მადლობას ვუხდი, რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასაც... პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებს და ჩვენს სწორუპოვარ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც ვუხდი მადლობას“, – ბრძანა ლეჟავამ.
2010 წლის თბილისობა, სადღესასწაულო სუფრა

სიტყვამ „სწორუპოვარი“ ვიღაც გაახალისა, ვიღაც დააბნია... ამ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, ბათუმში ყველაზე თბილი ზღვაა და სეზონი ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდებაო... „თბილისობაზე“ არ ჩანდა... დედაქალაქის ახლა უკვე ერთკვირიანი დღესასწაულის მთავარი გმირი მედიისთვის გიგი უგულავა გახდა. ყურძენს რომ წურავდა მოღრუბლულ ამინდში, ქალაქის მერმა ჟურნალისტებს უთხრა:

„მინდა მივულოცო, მიუხედავად ცუდი ამინდისა. სხვათა შორის, როცა კლიმატის ცვლილებაზეა საუბარი, „თბილისობას“ ეს ყველაზე ცუდად დაეტყო.. ახლა საკრებულოს წევრებთან ერთად ვსაუბრობდით, ოქტომბრის დასაწყისში ხომ არ გადმოგვეტანა...“

თუკი ოქტომბრის დასაწყისში გადმოიტანენ, არის შანსი მომავალი „თბილისობა“ არა ათი დღე, არამედ ერთი თვე გაგრძელდეს. მაშინ, შესაძლებელია, ეს იყოს ყველაზე გრძელი ზეიმი, რომელზეც უცხოელები იტყვიან, „ასეთი რამ არასდროს გვინახავსო“.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG