Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვერის უბნის მელოდიები“ – რა გვინდა წარსულისგან?


მშვიდობის ხიდი თბილისში
მშვიდობის ხიდი თბილისში
წელს „თბილისობის“ დღესასწაულის კულმინაცია დავით დოიაშვილის მიერ ღია ცის ქვეშ დადგმული სპექტაკლი „ვერის უბნის მელოდიები“ იყო. „მშვიდობის ხიდთან“ დამონტაჟდა ეკრანი, რომელზეც გიორგი შენგელაიას ფილმი უჩვენეს, სცენაზე „ვერის უბნის მელოდიები“ ახალგაზრდა მსახიობებმა გაითამაშეს. ბუბა კიკაბიძეს, ია ნინიძეს, მაია კანკავას კი მაყურებლის როლი ერგოთ. რატომ დამკვიდრდა საქართველოში ტირაჟირების მოდა? რატომ აგრძელებს არსებობას ქართული კულტურა წარსულის ხატებზე? – ვიმსჯელოთ ამაზე.

რატომ შემოვიდა მოდაში რეტრო? რატომაა პოპულარული ქართულ კულტურაში 60-იანი და კიდევ მეტად 70-იანი წლები? ძნელი დასაჯერებელია, რომ რეტროზე მოდას ფორმის კრიზისი განსაზღვრავდეს. ის კრიზისი, რომელიც დაიწყო დასავლურ კულტურაში 70-იან წლებში, როცა, 68 წლის მოძრაობისა და ჰიპების ალტერნატიული კულტურის მარცხის შემდეგ, სიცარიელემ დაისადგურა. მოგვიანებით დასავლურმა ხელოვნებამ ეს კრიზისი დასძლია და 80-იან წლებში, ასე თუ ისე, მიაგნო ფორმას. მოდა „რეტროზე“, მთელი თავისი „დიდი გეტსბით“, უკვე მოძველებულად ითვლებოდა. მოდასა და დიზაინშიც შეიმჩნეოდა გამოცოცხლება – კულტურას არ შეეძლო არსებობა წარსულით მაშინაც კი, როცა წარსულის მიმართ დისტანცია და ირონია ხაზგასმული იყო ხოლმე.

მაგრამ კრიზისი მხოლოდ ფორმას არ ეხება... არსებობს პოლიტიკური, სოციალური კრიზისები, რომელთაც თან ახლავს ასეთი განწყობა: „გუშინ უკეთესი იყო“, „ეჰ, რა კარგი დრო იყო“ და ა.შ. რუსეთში, ცოტა მოგვიანებით კი საქართველოშიც, ასეთი განწყობილება განსაკუთრებით იგრძნობოდა 90-იან წლებში; იმხანად სწორედ რუსულმა ტელევიზიამ დაიწყო პროექტი „ძველი სიმღერები მთავარზე“ („სტარიე პესნი ო გლავნომ“), რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ რამდენიმე წელი გაგრძელდა ერთ არხზე, შემდეგ კი სხვა ტელეარხებზე გადავიდა. ქართულმა ტელევიზიამ, რომელიც 90-იან წლებში მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულზე, მაშინვე მიბაძა მოსკოველ კოლეგებს და ასეთივე პროექტი, სხვადასხვა სათაურით, განახორციელა საახლწლო, საშობაო დღესასწაულებზე. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწილი „ვერის უბნის მელოდიები“ იყო – საშობაოდ, ოცდახუთსა დეკემბერსა, განსაკუთრებით ორგანულად ჟღერდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ვარდების რევოლუცია მოხდა. კულტურული რევოლუცია, როგორც მოგეხსენებათ, არ მომხდარა – არც ჩინური და არც არანაირი რევოლუცია. კულტურა წარსულის ხატებზე არსებობს, ამიტომ ყოველ დიდ ღონისძიებაზე, რომელსაც, როგორც წესი, ხელისუფლება აფინანსებს, სწორედ წარსულის სახეებს ეთმობოდათ ბურთი და მოედანი. მასობრივი მუსიკალურ-თეატრალური ღონისძიებების დადგმით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ დავით დოიაშვილი და ნიკა მემანიშვილი – ორკესტრი, კორდებალეტი, მოცეკვავეების ცისკენ აღმართული ხელებით, პოპულარული მელოდიების შესრულება – მოკრძალებულად, ფრთხილად, ასე ვთქვათ, „შეზღუდული ინტერპრეტაციით“, სხვადასხვა დროს დადგმულ თეატრალურ-მუსიკალურ წარმოდგენებში, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის შეიმჩნეოდა.

ასეთივე სტილის ერთგული დარჩა დავით დოიაშვილი თავის ახალ ნამუშევარში „ვერის უბნის მელოდიები“, რომელიც ჯერ ღია ცის ქვეშ დაიდგა „თბილისობაზე“, შემდეგ კი მუსიკალურ ცენტრში გადაინაცვლა.

როგორც გაირკვა „ვერის უბნის მელოდიების“ აღდგენა სცენაზე, ღია ცის ქვეშ, თავდაპირველად გიორგი შენგელაიას შესთვაზეს, მაგრამ კინორეჟისორმა უარი განაცხადა, თუმცა დართო ნება დავით დოიაშვილს დაედგა წარმოდგენა. რეპეტიციებს ესწრებოდა და პრესასთან საუბარში აზრიც გამოთქვა, აღნიშნა, რომ კმაყოფილია ამ დადგმით:

„კმაყოფილი ვარ – ვთქვი რამდენჯერმე ტელევიზიით, რომ მივესალმები ეგეთ ტირაჟირებას. ფილმი იყო, ეხლა სპექტაკლია, პირიქითაც ხდება ხოლმე. მგონი კარგ დონეზე მიდის“, – აღნიშნა გიორგი შენგელაიამ.

მიაქციეთ ყურადღება? გიორგი შენგელაიამ თქვა, რომ მიესალმება არა ინტერპრეტაციას, არამედ „ტირაჟირებას“. ამ სიტყვას, როგორც წესი, უარყოფით კონტექსტში იყენებენ ხოლმე, როცა ხელოვნების ნაწარმოებზეა ლაპარაკი. მაგრამ პოპულარული ქართული ფილმისთვის „ტირაჟირება“ სწორედაც რომ არ შეიცავს ნეგატიურ აზრს – გრძელდება ქართულ კულტურაში ოდითგანვე დანერგილი ტენდენცია – უფროსი თაობა უმცროსისგან „განმეორებას“ მოითხოვს... ისე ცხოვრებას, როგორც თავად სურს და იმის გაკეთებას, რაც თავად მოსწონს... თაობები იცვლებიან... და არავითარი ფორმის კრიზისით! რეტროს პოპულარობის საიდუმლო ისაა, რომ ახალი თაობა ვერ ბედავს განახლებას. უფრო სწორად, შეიძლება ბედავს, მაგრამ კულტურულ ელიტაში დამკვიდრებულია მორჩილი და დამჯერი, მას უკვეთენ და მას აფინანსებენ.

სხვათა შორის, 1973 წელს გადაღებულ გიორგი შენგელაიას ფილმში, რომელიც, ცხადია, იმ დროს ძალზე პოპულარული მიუზიკლების, განსაკუთრებით „ოლივერის“ გავლენით შეიქმნა, თაობათა ეს „ჰარმონიული კავშირი“ განსაზღვრავდა მედროგე პავლესა და მისი ობოლი გოგონების ისტორიას. გულუბრყვილო ბავშვები, გულუბრყვილო მშობლები, ბავშვურ-ინფანტილური სამყარო, სადაც მღერიან და ცეკვავენ და სადაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტზე – 70-იანი წლების საბჭოთა საქართველოსთვის, რომლის სათავეში ედუარდ შევარდნაძე მოდის, ეს ზღაპრულობა და სიმსუბუქე ორგანული იყო, ისევე, როგორც დოდო აბაშიძის გმირი და მოწოდება: „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი“, რომელიც მას შემდეგ არაერთხელ აუტაციათ საქართველოში.

მაგრამ მეტისმეტად გულუბრყვილოები იქნებით, თუ გადაწყვეტთ, რომ „ვერის უბნის მელოდიების“ ახალ, „ტირაჟირებულ“ ვერსიაში, სადაც ახალი თაობა მღერის და ცეკვავს, მაგრამ იმდენად თავისუფლად არა, რომ ორიგინალის ავტორი გააღიზიანოს, რაიმე პოლიტიკური ინტონაცია შეიგრძნობა... არა და არა! წარმოდგენაში, რომელიც „თბილისობაზე“ ხელისუფლების ხელშეწყობით იდგმება, პოლიტიკური ასოციაციები არ უნდა გაჩენილიყო და არავის არ უნდა გაეცინა გულში ფრაზაზე „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი“. ამ თვალსაზრისით, წარმოდგენის ავტორი ორმაგად შეზღუდული აღმოჩნდა – ერთი მხრივ, ფილმის ავტორისგან, მეორე – სპონსორისაგან.

ასე რომ, თუკი ქართულ აფიშაზე თვალი მოჰკარით სპექტაკლს, ფილმს, კონცერტს, რომელიც რაღაცის მიხედვითაა დადგმული, გადაღებული თუ დაკრული, იცოდეთ, თითქმის არა გაქვთ შანსი რაიმე ახალი იხილოთ... მაგრამ თუკი გინდათ დაიჯეროთ, რომ გუშინ დღევანდელზე უკეთ ვცხოვრობდით, ადამიანიც უკეთესი იყო, ურთიერთობაც, მოზრდილებს პატივს სცემდნენ, ხალხი თავის თავზე იღებდა დანაშაულს, კეთილი ზრახვებით ციხეშიც ჯდებოდა... მოკლედ, თუ გინდათ წარსულის მშვენიერებას ეზიაროთ, არ გამოტოვოთ არაფერი, რაც ტირაჟირებულია. მერე რა, რომ სხვაგან ამ სიტყვას ნეგატიური მნიშვნელობით იყენებენ ხოლმე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG