Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიამფლობელები – ცნობილი, დაფინანსება – უჩინარი?


12 ნოემბერს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“. ცვლილებათა პროექტი მიზნად ისახავს მედიასაშუალებათა მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობას, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი ამა თუ იმ მედიასაშუალების დაფინანსების გამჭვირვალობაზე, რასაც, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს. რეალობა ცხადყოფს, რომ პარლამენტის ორი კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გახმაურებულ ინიციატივას.

26 ოქტომბერს, როდესაც მედიის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივა გაახმაურა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობა ორი მთავარი მიმართულებით განსაზღვრა:

„...ვინ არის საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების მფლობელი, რა ადამიანი ან რომელი ადამიანთა ჯგუფები დგანან მედიასაშუალებების უკან (იქნება ტელევიზია, გაზეთი თუ ნებისმიერი სხვა საშუალება), და როგორ ხდება ამ საშუალებების დაფინანსება...”

ჩვენ ამ ინიციატივით მიზნად არ ვისახავთ დამატებით პირდაპირი ცვლილებების შეტანას, რომელიც უკავშირდება ფინანსურ გამჭვირვალობას. ჩვენი კანონმდებლობით ეს საკითხი დარეგულირებულია ...
მედიასაშუალებათა დაფინანსების წყაროებთან და მედიამფლობელების ვინაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადება დავით ბაქრაძემ იმ დღეს იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტებს დაავალა. მუშაობისთვის მათ ორკვირიანი ვადა მიეცათ.

ხსენებული კომიტეტების მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომამ 12 ნოემბერს დაარეგისტრირა, მედიასაშუალებების ფლობას და ლიცენზიაზე განაცხადის შეტანას აბსოლუტურად უკრძალავს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს, ხოლო სხვა დანარჩენებს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მფლობელობის სქემაში განხორციელებული ცვლილებების დროულად, დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას ავალებს. ასევე, დაწესდება კონკრეტული (სავარაუდოდ ექვსთვიანი) ვადა ოფშორში დარეგისტრირებული მოქმედი მედიამფლობელებისთვის, მათი საქმიანობის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

თუმცა საპარლამენტო კომიტეტების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაში არაფერია ნათქვამი საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის ვალდებულებაზე.

რა მოხდა, რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში საკითხი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაშიც იყო ასახული?

პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, რომ მედიასთან დაკავშირებით დღეს მოქმედი „ლიბერალური კანონმდებლობის“ გათვალისწინებით, პროექტის მომზადების პროცესში მსგავსი საჭიროება არ გამოვლინდა:

„ჩვენ ამ ინიციატივით მიზნად არ ვისახავთ დამატებით პირდაპირი ცვლილებების შეტანას, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას უკავშირდება. ჩვენი კანონმდებლობით ეს საკითხი დარეგულირებულია. თუმცა, ბუნებრივია, გაიმართება კონსულტაციები და შეიძლება ამის შედეგად რაღაც სიახლე იყოს... მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია კონკრეტული საკითხის გადაჭრა, რომელიც მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას უკავშირდება“.

ვფიქრობთ, რომ მარტო ოფშორებში რეგისტრაციის გახსნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პრობლემები გადავჭრათ ...
ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს იმასაც, რომ თუკი გამჭვირვალე გახდება ამა თუ იმ მედიასაშუალების მფლობელის ვინაობა, მაშინ „გვექნება მეტი ინფორმაცია იმაზეც, თუ საიდან ხდება ფინანსური შემოსავლების აკუმულირება კონკრეტულ მედიასაშუალებაში“.

თუმცა ასეთი, ასე ვთქვათ, სავარაუდო მიდგომები არასაკმარისია საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფისათვის, რომელმაც 12 ნოემბერს პარლამენტში საკუთარი საინიციატივო პაკეტი შეიტანა. ამ პაკეტისთვის მედიაექსპერტებმა და იურისტებმა რვა კანონპროექტი მოამზადეს. საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს და გაზეთ „რეზონანსის“ მთავარ რედაქტორს, ლაშა ტუღუშს მიაჩნია, რომ მედიის პრობლემები კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და რომ ამ გზაზე სიჩქარე არავის გამოადგება:

„ვფიქრობთ, რომ მარტო ოფშორებში რეგისტრაციის გახსნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პრობლემები გადავჭრათ... ჩვენ გვჭირდება ფინანსური გამჭვირვალობა და კიდევ უამრავი სხვა საკითხის შეცვლა. ლიცენზირების საკითხია ძალიან პრინციპული, სახელმწიფო სახსრების ხარჯვაა ძალიან სერიოზული პრობლემა, მონოპოლიების საკითხია ძალიან სერიოზული პრობლემა, სასამართლოა სერიოზული პრობლემა – მოკლედ, ძალიან ბევრი პრობლემაა. ვფიქრობთ, რომ უნდა დავსხდეთ და სერიოზულად ვიმსჯელოთ ამის შესახებ და არა ასე, ავარიულ რეჟიმში, ნახევარ საათში, დავწეროთ რაღაცა...”

ლაშა ტუღუშის საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფი აპირებს, აქტიურად ჩაერთოს იმ განხილვებშიც, რომლებიც საპარლამენტო კომიტეტების მიერ მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით გაიმართება. ჯგუფი ეცდება, რომ მტკიცე არგუმენტების მოშველიებით ხელისუფლება აუცილებელ კომპრომისებზე დაიყოლიოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG