Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 16 ნოემბერი 2010


”რვა გამოცდა კომპიუტერით ჩაბარდება” - ”რეზონანსი” საატესტატო გამოცდების ახალი მოდელის შესახებ წერს. ავტორი განათლების მინისტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოსწავლეებთან შეხვედრის შესახებ ჰყვება და მოსალოდნელი გამოცდების სპეციფიკაში უკეთესად გასარკვევად გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს სოსო გოგილიძეს სთხოვს განმარტებას. გამოცდები კომპიუტერით ჩაბარდება. რაც შეეხება ელექტრონულ ტესტს, გოგილიძე ამბობს: ”რა რაოდენობის შეკითხვა იქნება, ამის თქმა ძალიან რთულია. სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: პროგრამა მოსწავლის პასუხის მიხედვით ადგენს იმას, თუ რა დონეზე იმყოფება მოსწავლე. თუ სწორად უპასუხა პირველ შეკითხვას, სთავაზობს ოდნავ გართულებულ შეკითხვას. თუ კიდევ დადებითად უპასუხა, უფრო რთული შეკითხვა მოჰყვება. თუ ვერ უპასუხა შეკითხვას, წინასთან შედარებით პროგრამა ნაკლები სირთულის შეკითხვას სთავაზობს. საუბარია ერთ რამეზე, რომ პროგრამამ გარკვეული შეკითხვების შემდეგ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ მოსწავლის უნარი. გამოცდის შედეგი ამ შემთხვევაში არის არა მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, არამედ ჩათვლა. ანუ ეს არის ჩათვლა იმის განსასაზღვრად, სკოლადამთავრებულს ეკუთვნის თუ არა ამა თუ იმ საგანში ატესტატი. ქულა, როგორც ასეთი, არსად იწერება, რადგან ეს არის სასერტიფიკაციო გამოცდა”, - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სოსო გოგილიძე. მას ”რეზონანსის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში საატესტატო გამოცდების საკითხზე ლაპარაკობს ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი: ”დღეს ბრძოლა მიდის არა იმაზე, ოთხ გამოცდას ჩააბარებენ ბავშვები თუ რვა გამოცდას. დღეს უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის მიდის ბრძოლა. პრაქტიკულად, ეს მოსწავლეები დღეს აბარებენ თავიანთი ცხოვრების უმთავრეს გამოცდას - შეძლებენ იყონ ღირსეული მოქალაქეები თუ ვერ შეძლებენ. თუ დღეს ამას ვერ შეძლებენ, მაშინ ხვალ შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ ცხოვრებაში, რადგან მათ იმ ასაკში განაცდევინეს მარცხი და შეაჩვიეს უსიტყვო მორჩილებას, რომლის გამოსწორება შეიძლება მერე იყოს ძალიან ძნელი”, - ამბობს სოზარ სუბარი. მასთან ინტერვიუ ”ახალ თაობაში” ქვეყნდება.

”24 საათი” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებებს უბრუნდება: ”პრეზიდენტის უკმაყოფილება, როგორც ჩანს, იმ ფორმულირებამ გამოიწვია, რომელიც 8 პოლიტიკური პარტიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტშია მოცემული. კერძოდ, ოპოზიციური პარტიები ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ნაცვლად რეგიონალურ-პროპორციული სისტემის შემოღებას უჭერენ მხარს. ”24 საათი” ამ თემის შესახებ ”ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ვეფხვაძეს, ესაუბრა. მისი განმარტებით, ”საქმე ის არის, რომ ერთმანდატიანი ოლქები სახელისუფლებო პარტიისთვის კომფორტულია. 8 პარტიის ვარიანტის მიხედვით, ერთეულები მსხვილდებიან, ხოლო ამომრჩეველი როგორც პროპორციულ, ასევე რეგიონალურ-პროპორციულ ბიულეტენში პარტიას მისცემს ხმას”. მისი თქმით, ”მაგალითად, იმერეთის (ან ნებისმიერ) რეგიონში მოქალაქეები ხმას მისცემენ სიას ოთხი-ხუთი კანდიდატის შემადგენლობით, რომლებმაც საქართველოს პარლამენტში იმერეთი უნდა წარმოადგინონ”, - უთქვამს ვეფხვაძეს ”24 საათისთვის”.

”ალია” წერს, რომ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს ირაკლი ეზუგბაიას დაპატიმრება ემუქრება. ავტორი, როგორც თავად წერს, ”რკინიგზის საკითხებში ექსპერტ” გია ყრუაშვილის ინფორმაციას ეყრდნობა. ყრუაშვილის ვერსიით, საქართველოს რკინიგზის მორიგი შეფი გიორგი არველაძე იქნება.

”ალიაში” ქვეყნდება ინტერვიუ ეკა ბესელიასთან, რომელიც ამბობს: ”დღეს სააკაშვილს არავის და არაფრის ეშინია, გარდა ერთისა - ეს არის ხალხის შეკრების შიში. ასევე ეშინია, რომ ამ შეკრებას არ ჰქონდეს კრების ხასიათი და არ მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ-პოლიტიკურ პროცესს გახდის ლეგიტიმურს. ამიტომ მოხდა ხელოვნური ბარიერების შექმნა. აქედან გამომდინარე, ”სახალხო კრება” ჩატარდება ტრადიციულ და ისტორიულ ადგილზე, საქართველოს პარლამენტის წინ”, - ამბობს ეკა ბესელია ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG