Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 18 ნოემბერი 2010


”რეზონანსი” და ”ალია” ხელისუფლებაში მოსალოდნელ გადაადგილებებზე წერენ. ”რეზონანსის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ: ”თემურ იაკობაშვილი, შესაძლოა, აშშ-ში ელჩად გაუშვან”. ავტორის ინფორმაციით, იაკობაშვილს შტატებში ელჩად დანიშნავენ, მის ადგილს კი, სავარაუდოდ, უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი დაიკავებს. მსგავს ინფორმაციას აქვეყნებს ”ალიაც”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ საარსებო მინიმუმმა საქართველოში ბოლო ექვსი წლის მანძილზე მაქსიმუმს მიაღწია: ”2010 წლის მონაცემებით, ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 145,5 ლარი შეადგინა, რაც თითქმის 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ერთი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ის, ამ წლის მონაცემებით, 244,1 ლარს შეადგენს, 2009 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, ის 214,4 ლარი იყო”.

”რა ეღირება ხვალ ჩვენი კატლეტი?” – ”საქართველოს რესპუბლიკა” ამ სათაურით სტატიას ხორცზე ფასის საკითხზე აქვეყნებს. ავტორი საკითხში სახელმწიფოს ჩარევის შესახებ წერს: ”სადღეისოდ საქართველოში საბაზრო ეკონომიკა გვაქვს თუ სოციალუსტური? თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პირობებში საქონლის, ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასს ვინ არეგულირებს: ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შეფარდება თუ მინისტრის ნება-სურვილზე დამოკიდებული ”საპატაკოდ” გამოსადეგი განკარგულება? თუ არ ვცდებით, თავისუფალი ბაზარი პროდუქციის ფასს თავად უნდა არეგულირებდეს, მაგრამ როცა ”ჩაფარი და ბოქაული ვერიჩკას და ბაკურის ხელშია, ვინ იცის, რა ეღირება ხვალ ჩვენი კატლეტი თუ ხარჩოს წვნიანი?”. ხორცის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში შექმნილ ვითარებაზე დღეს ”ალიაც” წერს.

”24 საათში” ქვეყნდება ინტერვიუ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან. ის საატესტატო გამოცდების შესახებ ამბობს: ”მესმის, რასაც ახლა ვაკეთებთ, ბევრი შეიძლება უმადური იყოს, მადლობა არავინ გვითხრას, მაგრამ მზად ვარ მივიღო კრიტიკაც, გინებაც და წყევლაც, რის შესახებაც პრესაში ვკითხულობ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის, რასაც ჩვენ ყველა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ვაკეთებთ, მნიშვნელოვანი საქმეა და მადლობას წლების შემდეგ გვეტყვიან - მაშინ, როდესაც შედეგს ნახავენ”. ამავე ინტერვიუში შაშკინი აგრეთვე ამბობს: ”ერთადერთი არ მივიღებ იმ ადამიანების კრიტიკას, რომლებიც განათლების სისტემას წლების განმავლობაში მართავდნენ და ახლა საყვედურს გამოთქვამენ, რადგან ჩვენ სწორედ შეცდომებს ვასწორებთ.”

”შაშკინი ავტორიტეტი არა მგონია იყოს, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმისკენ რომ ისწრაფის, ფაქტია. მივდივართ საბჭოთა კავშირის განათლებისკენ”, - ამბობს თეა თუთბერიძე ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ის თვლის, რომ ”შაშკინიც არ დარჩება დიდხანს დაუსჯელი”.

”ჯორჯიან ტაიმსში” ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გაგნიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ჩემი ღრმა რწმენითა და იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც მომაწოდეს, გიგი თევზაძე ედუარდ შევარდნაძის მიერაა შეგზავნილი დღევანდელ ხელისუფლებაში”, - ამბობს გაგნიძე და ამავე ინტერვიუში აზუსტებს: ”რომ იცოდეთ, შევარდნაძე სწორედ გიგი თევზაძეს ამზადებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, უტყუარი ინფორმაციაა.”

”ახალ თაობაში” ქრისტიან-დემოკრატ დეპუტატ გიორგი ახვლედიანთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის რეგიონებში სახელისუფლებო უწყებების გადატანის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს: ”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადასვლა სამეგრელოში ლოგიკური იქნებოდა. უფრო ლოგიკური იქნებოდა ამ სამინისტროს ფოცხოში გადასვლა. სწორედ სამეგრელოს რეგიონშია დევნილი მოსახლეობის მთავარი კონცენტრირება.”

”ყველა სიახლე” ნონა გაფრინდაშვილს ესაუბრა. ”სახალხო კრება რომ პარლამენტის წინ ჩატარდება, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა და არა ჩვენი. მმართველი გუნდი ისე შეაშინა წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეამ, რომ არც სპორტის სასახლე დაგვითმეს და არც ”ლოკომოტივის” სტადიონი”, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი. ”ყველა სიახლეშივე” უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს: ”კი, ბატონო, ჩატარდეს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. სიმართლე გითხრათ, ეგ საკითხი დიდად არ მაინტერესებს. საქმე ის არის, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა პოლიტიკური იდეის გარშემო ერთიანდება ეს კრება. ნინო ბურჯანაძის ერთპროცენტიან პარტიას რა მოსაზრებები აქვს, არ მაინტერესებს. ეს არის რუსული პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩანერგეს საქართველოში.” - ნუგზარ წიკლაურთან ინტერვიუ ”ყველა სიახლეში” ქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG