Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში წყლის ტარიფი დაპირისპირების მიზეზი ხდება


სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვმა იმ დროიდან იმატა, როცა ახალციხელებს ოქტომბრის თვეში მოხმარებული წყლის გადასახადი სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით დაერიცხათ. ადგილობრივები ჩივიან, რომ ქვითარში მითითებული სულადობა არარეალურია.

ბინაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა რეალურად მცხოვრები ადამიანების რიცხვს რომ არ ემთხვევა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც აღიარებენ. მოსახლეობის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ სამოქალაქო რეესტრში გადაამოწმონ ინფორმაცია, თუ ვინ არის რეგისტრირებილი მათ სახლში, – აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის მენეჯერმა. გია ბაგინაშვილის თქმით, გაუგებრობა, რომელიც წყლის გადასახადს მოჰყვა, მომავალი თვიდან მოგვარდება.

ბინის მესაკუთრეს აქვს უფლება, პირადი განცხადების საფუძველზე არასასურველი პირი, რომელიც მის სახლშია რეგისტრირებული, ამოწეროს. ეს ადამიანი მისამართის გარეშე დარჩება. ბინის მესაკუთრე და სამოქალაქო რეესტრი ვალდებულნი არიან ამის შესახებ მეორე მხარეს აცნობონ, იმ შემთხვევაში კი, თუ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაძლოა ამ ადამიანმა დიდხანს ვერ გაიგოს, რომ მისამართის გარეშე დარჩა, – აცხადებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოჩა ნებაძე.

წყალმომარაგების კომპანიის მიერ სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით ხელმძღვანელობა დიდ შეცდომდ მიაჩნია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს. დავით ათუნაშვილი მოსახლეობის სულადობის მონაცემების დაზუსტებას წყალმომარაგების კომპანიას აკისრებს. ქალაქის პირველი პირი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას განახლებული ბაზის შექმნაში ხედავს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც წყლის მრიცხველი უკვე დამონტაჟებული აქვს, ნოემბრის თვის გადასახადს მისი ჩვენების მიხედვით გადაიხდის. მათ კი, ვისთანაც გამრიცხველიანება ჯერ არ დასრულებულა, დახარჯული წყლის ღირებულების გადახდა სულადობის მიხედვით მოუწევთ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წყლის მრიცხველების დამონტაჟება ახალციხეში 2010 წლის ბოლოს დასრულდება.
XS
SM
MD
LG