Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი ნიქოზში სასმელი წყლის პრობლემას აგვარებს


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ჭაბურღილისა და 25 ტონიანი რეზერვუარის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ჭაბურღილისა და 25 ტონიანი რეზერვუარის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო
წლის ბოლომდე სოფელ ზემო ნიქოზს სასმელი წყლის პრობლემა მთლიანად მოეხსნება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ჭაბურღილისა და 25-ტონიანი რეზერვუარის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო. რეზერვუარში დაგროვილ წყალს სპეციალური მილსადენით მოსახლეობა სახლებში მიიღებს. ნიქოზელების აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევით სოფელში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება.

ზემო ნიქოზში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროექტის ფარგლებში, 26 საუბნო ონკანი დამონტაჟდება. შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის თქმით, მეოთხე ჭაბურღილის ამოქმედებით სოფელს მთლიანად ეხსნება სასმელი წყლის პრობლემა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი რეგიონში ჰუმანიტარული მიმართულების პროექტებს ახორციელებს. ამ ორგანიზაციის ძალისხმევით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გორის რაიონის სხვადასხვა სოფელში უკვე 11 ჭაბურღილი დაიდგა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გორის ოფისის ხელმძღვანელის კატია სორინის თქმით, ჰუმანიტარული მიმართულების პროექტებს ორგანიზაცია მომავალ წელსაც განახორციელებს.

ნიქოზელებისთვის მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის უქონლობა რჩება. მეორე წელია ცხინვალს ქართული სოფლებისთვის სარწყავი არხები გადაკეტილი აქვს; საქართველოს ხელისუფლება კი ალტერნატიულ პროექტებზე მუშაობს. დღეს ნიქოზელებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მიიღეს დაპირება, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე სარწყავი წყლის პრობლემაც მთლიანად მოგვარდება.
XS
SM
MD
LG