Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 25 ნოემბერი 2010


ქართულ პრესას დღეს ორი ძირითადი თემა ჰქონდა მიმოსახილი. ერთი გახლდათ პორტუგალიური გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულ დელეგაციას ლისაბონში 80 მეძავი ჰყავდა დაქირავებული. ”ქართველი აშიკები ლონდონში” - ასეთია ”ყველა სიახლის” მოწინავე სტატის სათაური. ”ალია” კი სათაურში ახალაიას, ბოკერიას, ბარამიძის, ვაშაძისა და 80 პორტუგალიელი მეძავის აღვირახსნილობის ისტორიის დეტალებს გვპირდება. სტატიას თან ნახევრად შიშველი ქალების გაურკვეველი წარმოშობის ფოტოები ახლავს, თავად ”აღვირახსნილობის დეტალების” შესახებ კი ავტორი ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, ანუ ინფორმაციას ანონიმური წყაროც კი არა ჰყავს. გაზეთი, უბრალოდ, წერს, თურმე ასე და ასე მომხდარაო.

მეორე თემას ცოტა მეტ ყურადღებას დავუთმობთ. - გაზეთები ბევრს წერდნენ დღევანდელ სახალხო კრებაზე და იმაზე, იქნება თუ არა არეულობა. ”რეზონანსი” კითხულობს, იქნება ეს წარმომადგენლობითი სახალხო კრება თუ მორიგი მიტინგი გაურკვეველი შედეგებითო. ”კრების ინიციატორები პირობას დებენ, რომ დღევანდელი დღე იქნება გადამწყვეტი, რუბიკონის გადალახვის მსგავსი აქტი და ამის შემდეგ ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლა ყველა მეთოდით გაგრძელდება", - წერს გაზეთი, თუმცა იქვე ამატებს: ”ბევრი ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ეს დღე იქნება მორიგი შეკრება, რომელიც რამდენიმე საათში დასრულდებაო”.

”ყველა სიახლე” ქართული პარტიის დამფუძნებელ კრებაზე წერს და ირაკლი ოქრუაშვილის ფიგურას ასეთ შეფასებას აძლევს: ”მან თანამდებობიდან წასვლისას კარი ხმაურით გაიჯახუნა, ამ ხმამ 2007 წლის შემოდგომაზე ხალხი გამოაფხიზლა. ეს სააკაშვილის რეჟიმის პირველი დიდი შეტორტმანება იყო, რადგან ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ირაკლი ოქრუაშვილი კი ამ პროცესების კატალიზატორი გახდა”. - გაზეთი მის დღევანდელ ძალაზეც ლაპარაკობს: ”დღეს ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ საბრძოლო მზადყოფნაშია. მისი ყველაზე ხმამაღალი განაცხადი კი "ქართული პარტიის" შექმნააო“.

ნანა დევდარიანი კი ”ახალ თაობასთან” საუბარში არც სახალხო კრებას იწონებს და არც ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობას. ”300 ათასმა კაცმა ვერ გადააყენა ეს ხელისუფლება და კრების წარმომადგენლები, 25 ათასის რაოდენობით, შეძლებენ ამის გაკეთებას?” - კითხულობს ის. ოქრუაშვილზე კი ამბობს: ”საზოგადოების ერთ ნაწილს არ დავიწყებია, რომ ბევრი რამ, რაც იყო მიუღებელი, თავის დროზე სწორედ ოქრუაშვილის გაკეთებული იყო. მეორე ნაწილისთვის მიუღებელია ის, რომ კამერაში ერთი დღით ჯდომის შემდეგ კაცმა აღიარებითი ჩვენება მისცა”. ნანა დევდარიანთან ინტერვიუს „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG