Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტანის დეკლარაცია უკმაყოფილების ფონზე


ეუთოს სამიტი ასტანაში
ეუთოს სამიტი ასტანაში
ეუთოს ასტანის სამიტზე საბოლოო დეკლარაციის მიღება, დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით, განახლებულ სხდომაზე მოხერხდა. ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ მიღწეული კონსენსუსის შესახებ საზეიმო განცხადება თბილისის დროით დაახლოებით ღამის 10 საათზე გააკეთა სამიტის მასპინძელი ქვეყნის - ყაზახეთის - პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა. მართალია, სამიტის საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია, მაგრამ ეუთოს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი მწვავე უკმაყოფილებას გამოხატავს რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო.

სამიტის საბოლოო დეკლარაციასთან დაკავშირებული კონსენსუსის გამოცხადებისას ასტანაში უკვე შუაღამის 12 საათი იყო და შეთანხმების მიღწევას ბევრი უკვე აღარც კი მოელოდა. ლამის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მწვავე დებატები დახურულ კარს მიღმა და, გავრცელებული ცნობით, უთანხმოების მთავარ მიზეზს რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის გზები წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ საქართველო იყო.

შუაღამისას განახლებულ სხდომაზე, როდესაც, როგორც იქნა, გამოცხადდა დეკლარაციასთან დაკავშირებული კონსენსუსის მიღწევა, იქვე სხდომის მონაწილეებმა საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასტანის სამიტზე ვერ მოხერხდა გაყინული კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის მიღება.

ამ კონტექსტში არაერთმა გამომსვლელმა ახსენა საქართველო, ქვეყანა, რომელთან დაკავშირებული კონფლიქტებიც სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. ჩეხი, კანადელი, ამერიკელი, რუმინელი თუ მოლდაველი დიპლომატების მსგავსად, საქართველოზე ილაპარაკა ევროკავშირის წარმომადგენელმაც, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის მტკიცე მხარდაჭერა:

”ევროპის კავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემით. ევროპის კავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევისადმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩათვლით, რათა მიღწეულ იქნეს უსაფრთხოება და მოგვარდეს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც, სხვათა შორის, გულისხმობს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების პირობებისა და მისი შემდგომი შეთანხმებების სრულ განხორციელებას. ევროპის კავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოში ეუთოს საქმიანობის განახლებისადმი, რაც შეიცავს ეუთოს ქმედითი ყოფნის აღდგენასაც. ევროპის კავშირი ხაზს უსვამს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვალყურეთა დაშვების მნიშვნელობას”.

კონფლიქტების მოგვარების სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო გამომსვლელთა უკმაყოფილება გაიზიარა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაევმა, თუმცა ის მაინც მაღალ შეფასებას აძლევს ასტანაში მიღებულ დეკლარაციას:

”ვიზიარებთ ბევრის მიერ გამოთქმულ იმედგაცრუებას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძელით მიგვეღწია მეტისთვის ჩვენი დატვირთული დღის წესრიგის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხიც. მაგრამ, ამავე დროს, დარწმუნებული ვართ, რომ ეს დეკლარაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის საფუძველში არსებულ ნორმებს, პრინციპებსა და ვალდებულებებს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად წევრმა სახელმწიფოებმა კვლავაც დაადასტურეს სრული ერთგულება ეუთოს წესდებისა და ეუთოს ფარგლებში მიღებული ყველა ნორმის, პრინციპისა და ვალდებულების მისამართით - დაწყებული ჰელსინკის დასკვნითი აქტით”.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება მიზეზები, თუ რატომ ვერ მოახერხეს ასტანის სამიტის მონაწილეებმა უფრო მეტი პროგრესის მიღწევა რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუმცა 2 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, უთანხმოების მთავარ თემად, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველო სახელდებოდა.

როგორც დეკლარაციის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე ქართველ ჟურნალისტებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, უთხრა, საქართველოს საკითხთან მიმართებით სამწუხაროდ, სამიტის საბოლოო დოკუმენტში, პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ფორმულირებებზე.

მართალია, სამიტის ნაადრევად დატოვებამდე, 2 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ საბოლოო დოკუმენტს რუსეთი არ მოაწერს ხელს, მაგრამ უკვე გვიან ღამით განახლებულ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი მეტად მნიშვნელოვანი, ისტორიული დეკლარაციის მიღების თაობაზე დიდ მადლიერებას გამოხატავდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG