Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკილიკსის“ ახალი მასალები: „მოსკოვი სეპარატისტებს იარაღით ამარაგებდა, რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა“


ბოლო არა აქვს საინტერნეტო ვებგვერდ „ვიკილიკსის“ დოკუმენტებს, რომლებშიც საიდუმლო დიპლომატიური არხებით მოძრავი წერილები ქვეყნდება. ასეთი მასალების ბოლო პარტია იუწყება, რომ რუსეთი, სხვა ქმედებათა შორის, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს მძიმე იარაღით ამარაგებდა, კრემლის უშიშროების სამსახური სადეზინფორმაციო კამპანიას მიმართავდა საქართველოს ხელისუფალთა წინააღმდეგ და აქტიურად იყო ჩართული ამ რეგიონების დე ფაქტო მართვაში; არის იმის დამადასტურებელი ცნობებიც, რომ რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა.

რუსეთის საიდუმლო სამსახური სადეზინფორმაციო კამპანიის დროს ავრცელებდა ხმებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს „პარანოიდური დისფუნქცია აქვს“.

„ვიკილიკსი“ აქვეყნებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯო ტეფტის დახურულ წერილებს, სადაც ასევე წაიკითხავთ, რომ კრემლის ერთ-ერთი ამოცანა სააკაშვილის ჩამოგდება, მაგრამ უფრო ფართო მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების შეცვლა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება იყო. მოსკოვისვე მიზნად ტეფტი მიიჩნევს საქართველოს ლიდერების პროვოცირებას სწრაფ რეაქციაზე, რაც საქართველოს უფრო მეტად დააშორებდა დასავლეთს. წერილში ტეფტს მოჰყავს არაერთი სავარაუდო აქტი მოსკოვისა, რომელიც საქართველოს დესტაბილიზებას ესწრაფვოდა. მათ შორისაა კოდორის ხეობაზე სარაკეტო თავდასხმაც. ტეფტს ეჭვი არ ეპარება, რომ მოსკოვი პირდაპირ ეხმარებოდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს საქართველოს მთავრობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს დახმარება ატარებდა სამხედრო ხასიათსაც. სამხრეთელი ოსები, წერს ტეფტი, რუსეთისგან იღებდნენ იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის - „გრადის“ ტიპის რაკეტებს.

გაზეთი „გარდიანი“ წერს, რომ ამ წერილებში ავტორი სააკაშვილის პოზიციას უჭერს მხარს, რომ რუსეთი პროვოკაციებს მიმართავდა, რომ სეპარატისტებთან ურთიერთობას ავითარებდა, რომ ყოველმხრივ ეხმარებოდა. მოყვანილია ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების სამსახური პირდაპირ აკონტროლებდა სამხრეთ ოსეთს, რომ მისი ჯაშუშები ისხდნენ დე ფაქტო მთავრობაში. იქვეა ლაპარაკი ფაქტზე, რომ მოსკოვი ხელფასებს უხდიდა სეპარატისტულ პოლიციას და სხვა ამგვარ უწყებებს, და იმაზეც, რომ რეგიონის მოსახლეობის 95 პროცენტს რუსეთის პასპორტები მისცა, რათა შემდეგ რუსეთის ეს მოქალაქეები დაეცვა.

აფხაზეთის რეგიონს რაც შეეხება, ამერიკის ელჩი მთავრობისთვის მიწერილ თავის საიდუმლო წერილებში აღიარებს, რომ სოხუმი გარკვეულად უფრო დამოუკიდებელია, სამხრეთელი ოსი სეპარატისტებისგან განსხვავებით, მაგრამ კრემლს ძლიერი ბერკეტები აქვს აფხაზეთის საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პრეზიდენტზე, სერგეი ბაღაფშზე, ზემოქმედებისა. იქვე ნათქვამია, რომ ერთხელ, როცა ბაღაფში ავად გამხდარა, ქართველების ინფორმაციით, ის მოსკოვში სამკურნალოდ წაუყვანიათ რუსეთის უშიშროების სამსახურის თვითმფრინავით. ამას გარდა, ტეფტს აქვს სხვა არაერთი წყაროს მიერ დამოწმებული ცნობა, რომ ბაღაფშის საპრეზიდენტო შენობაში ცალკე ბინაში ცხოვრობდა რუსეთის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი. ამ ყველაფერთან ერთად, „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში წაიკითხავთ, რომ აშშ მუდმივად აფრთხილებდა საქართველოს მთავრობას, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს, ემოქმედა თავშეკავებით და რუსეთს არ დაპირისპირებოდა. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ეკუთვნის უკვე აშშ-ის ელჩს მოსკოვში, უილიამ ბერნსს, წერია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, მეთიუ ბრაიზას, სააკაშვილი გაუფრთხილებია, თუკი ძალას გამოიყენებ, მარტო დარჩებიო. ომს რაც შეეხება, „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მერიოტ ლესლი, ახლა ნატოში ბრიტანეთის ელჩი, წერდა, რომ ომი იყო „სტრატეგიული ტექტონიკური ძვრა საერთაშორისო ურთიერთობებში“.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა იმაზე, რომ ვებგვერდი საიდუმლო წერილებსა და დოკუმენტებს აქვეყნებს, განაცხადა, დიპლომატიური სამსახური თავისი დოკუმენტების მიმართ უფრო ფრთხილი უნდა იყოსო. ასეთი გაჟონვები ადრეც ხდებოდაო, ამბობს პრემიერი, რომელიც ამაში კატასტროფას ვერ ხედავს. რაც შეეეხება რუსეთს, როგორც ასეთს, „ვიკილიკსის“ მიერ მიგნებულ ამ წერილებში, რომელიც მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა, რომელიც ახლოს თანამშრომლობს დამნაშავეობრივ ქსელებთან. წერილებიდან ირკვევა, რომ ამის მიზანი სხვადასხვაა. მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეთათვის ამაში ახალი არაფერია, ობამას მთავრობა იღებს ცნობებს, რომ რუსეთის მთავრობა უკიდურესად ცენტრალიზებული და კორუმპირებულია. რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვასთან ერთად, ვაშინგტონი ფხიზელი თვალით აკვირდება კრემლს. ერთ-ერთ დოკუმენტში, რომლის ავთენტურობა არაა დადასტურებული, წერია, რომ რუსეთის მთავრობა ავტორიტარიზმის თანამედროვე ბრენდს წარმოადგენს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი თავის ერთ-ერთ წერილში წერს, რომ რუსეთის დემოკრატია გაქრა. სხვა წერილიდან, რომლის ავტორია სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, დენიელ ფრიდი, ირკვევა, რომ პუტინმა შეიძლება იცოდა ბრიტანეთში დისიდენტ ლიტვინენკოს მკვლელობის მომზადების ამბავი. აქვეა ინფორმაცია იმაზე, რომ ესპანელი პროკურორი ხოსე გონსალესი, რომელიც თავის ქვეყანაში რუსეთის დანაშაულებრივი ქსლის საქმიანობას იძიებდა, აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელს ერთ წერილში სწერს, რუსეთის პოლიტიკური პარტიები მჭიდროდ თანამშრომლობენ მაფიოზურ ჯგუფებთანო. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ხელისუფლები დამნაშავეობრივი გაერთიანებების მეთაურებს პოლიტიკურ თანამდებობებზე სვამდნენ, რათა მათთვის იმუნიტეტი მიენიჭებინათ, რომ ვერ გაესამართლებინათ. გონსალესივე ადანაშაულებს რუსეთის უშიშროების სამსახურს, რომ ორგანიზებას უკეთებდა თურქეთში ქურთული ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებას თურქეთის დესტაბილიზების მიზნით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG