Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ქაროსანიძე


აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელი თამარ ქაროსანიძე
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელი თამარ ქაროსანიძე
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლასთან ერთად ახორციელებს პროექტს ”საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“. პროექტის მიზნებსა და სავარაუდო შედეგებზე 3 დეკემბერს თბილისის სტუდიაში პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ, ისაუბრა: ”ეს არის ოთხწლიანი ინიციატივა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტის მიზანი წარმატებული რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და ამ გზით საზოგადოების ინტერესების უკეთ დაცვა იქნება. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მათ გავუწევთ, სხვადასხვა ტიპის დახმარებას, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი დახმარება იქნება, ტრენინგების შეთავაზება, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა. ასევე გვინდა, დავეხმაროთ ანალიტიკური ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მათ საქართველოში არსებული პრობლემების უფრო სიღრმისეული კვლევა განახორციელონ”, - აღნიშნავს თამარ ქაროსანიძე. როგორც პროექტის ხელმღვანელები აცხადებენ, პროექტი ოთხი ძირითადი მიმართულებით გაიშლება: არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგისა და ადვოკატირების პროგრამების ხელშეწყობით მოქალაქეთა ინტერესების დაცვა; სახელმწიფო რეფორმებისა და, ზოგადად, საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესის, მათ შორის, კვლევისა და ანალიზის სისტემების დახვეწა; უმაღლესი სასწავლებლების საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროგრამების ინსტიტუციური გაძლიერება; არასამთავრობო ორგანიზაციათა ქმედითი კოალიციებისა და პარტნიორობების, ასევე მასმედიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებასთან მათი კავშირების განმტკიცების ხელშეწყობა. დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს: www.ewmi-gpac.org
XS
SM
MD
LG