Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი ახალგორელებს ქონებას ართმევს


რუსული სამხედრო ვერტმფრენი ახალგორის თავზე
რუსული სამხედრო ვერტმფრენი ახალგორის თავზე
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ახალგორის რაიონის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები ჩამოართვა.

როგორც ოსური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, შესაბამის ბრძანებას კოკოითიმ ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტი, ახალგორის რაიონიდან 90-იან წლებში დევნილი ოსი მოსახლეობის დაბრუნებას და საცხოვრებელი დავების გადაჭრას ისახავს მიზნად. კოკოითის ბრძანებით, ბათილად გამოცხადდა 1991 წლიდან 2008 წლამდე ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. ამრიგად, რაიონის საცხოვრებელი ფონდი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ამჟამად ახალგორში დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ საცხოვრებელი ფონდის აღწერა, შენობების და სათავსოების, ასევე მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. ახალგორელები ბოლომდე ვერ ერკვევიან რაში დასჭირდა კოკოითს ახალი ბრძანების გამოცემა. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა, თამარ მეარაყიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მოსკოვის დავალებას ასრულებენ.

სადაბო კომისიამ ასევე უნდა ჩაატაროს იმ მოქალაქეების აღწერა, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, რაიონიდან საქართველოს ხელისუფლებამ განდევნა. დევნილებს კი სამხრეთ ოსეთის სასამართლოებში განცხადებების შესატანად პირობები უნდა შეუქმნან, რათა მათი საცხოვრებელი ფართებიდან იქ შესახლებული მოქალაქეები გამოასახლონ. თამარ მეარაყიშვილი ადასტურებს რომ რამდენიმე სადავო სახლი მართლაც არსებობს დაბაში, მაგრამ იქ შესახლებულმა ქართველებმა რაიონი ომამდე დატოვეს და უკან აღარ დაბრუნებულან. ბევრმა ოსმა კი სახლები თვითონ გაყიდა და უკეთესი პირობების საძებნელად ვლადიკავკაზში გადავიდა. მისი თქმით, დაბაში ოსები დიდი ენთუზიაზმით არ ბრუნდებიან.

ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი ედუარდ კოკოითის ბრძანებას ახალგორელებისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ სრულ უკანონობას უწოდებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში ვერ ჯდება და იგი მხოლოდ ფარატინა ქაღალდია. ყოჩიშვილის თქმით, ახალგორში ვინ რა ქონებას ფლობს, ყველასთვის ცნობილია. საუკუნეების განმავლობაში, მთის ტრადიციების მიხედვით, ეს ქონება შთამომავლობით გადაეცემოდა და კოკოითის ბრძანება მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას იქიდან ძალით გამოყრიან.

ახალგორელები უკვე დაიღალნენ მუდმივი აღწერებით, მათ ბოლომდე იმასაც ვერ უმარტავენ, თუ ეს ყველაფერი რისთვის კეთდება. დაბის მოსახლეობის აზრით, თუ კოკოითის ხელისუფლება აქტიურ ქმედებებზე გადავა და სახლების და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევას დაიწყებს, სხვების მსგავსად ისინიც დატოვებენ დაბას და წეროვანში გადასახლდებიან.
XS
SM
MD
LG