Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჩოჩიევის თქმით, იძულებით ადგილნაცვალი პირები უნდა დაბრუნდნენ ახალგორში


დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები. მათი ვიზიტის მიზანს მე-14 რაუნდის დღის წესრიგის შეთანხმება წარმოადგენდა. ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი შეხვდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს, ბორის ჩოჩიევს - რომელმაც თქვა, რომ ოსური მხარისთვის მთავარ საკითხებად ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის მიღება და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხის განხილვა რჩება. ამასთან, ჩოჩიევის თქმით, ოსური მხარე ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების მომხრეა: “ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ადამიანები, რომლებსაც არ მივიჩნევთ დევნილებად, ისინი საქართველოს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლნი არიან და აიძულეს საკუთარი სახლების დატოვება. მე მხედველობაში ლენინგორის რაიონის მცხოვრებლები მყავს“ – განაცხადა ჩოჩიევმა. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პიერ მორელმა, შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიის განხილვის მთავარ თემად ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების დოკუმენტი რჩება. ხუთშაბათს თანათავმჯდომარეები შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ. ჟენევის დისკუსიის მე-14 რაუნდი კი 16 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG