Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალადობა ოჯახში“ – სისასტიკე კინოსახეებში და დისკუსია


დისკუსია თემაზე „ძალადობა ოჯახში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა, დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაიწყო. ამ პატარა ჩანახატში, რომელიც თავისი სტილით სოციალურ რეკლამას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფილმს, ქალზე ძალადობის ფაქტები გვიჩვენეს - უფრო სწორად, გვიჩვენეს ქალი, რომელიც ძალადობაზე გვიამბობდა. მსახიობი კითხულობდა ძალადობის მსხვერპლის მონოლოგს.

როგორც ქალთა საკონსულტაციო ცენტრის - „სახლის“ - ხელმძღვანელმა, რუსუდან ფხაკაძემ, აღნიშნა, ეს არ იყო დადგმული სცენა, ეს იყო აბსოლუტურად რეალური ამბავი. უბრალოდ, გასაგები მიზეზის გამო, ძალადობის მსხვერპლი მსახიობით შეიცვალა. საქართველოში ქალებს კამერის წინ საუბარი უჭირთ მოძალადე ქმრებზე, მამებზე, ძმებზე.. ეს კი არა, იყო დრო, საერთოდ არ შეეძლოთ ამაზე საუბარი. დღეს პროგრესი აშკარაა – ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლთ... ეხმარებიან ქალებს, ეყოთ გამბედაობა და თავიანთი ტკივილი სხვას გაუზიარონ მაშინაც კი, როცა ამას შეიძლება ოჯახის დანგრევა მოჰყვეს, ეხმარებიან ქალებს გაიაზრონ, რომ ადამიანის ღირსება არ შეიძლება ოჯახის სიმტკიცეზე მაღლა დავაყენოთ – მით უმეტეს, რომ ძალადობაზე აგებული ოჯახის სიმტკიცე მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებაა.

საქართველოში 2006 წლიდან ქალზე ძალადობა კანონით ისჯება. თუმცა, ქალთა უფლებების დამცველთა თქმით, კანონის მიღება მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთია. ძალადობის მსხვერპლთ ხშირად ჰყოფნით გამბედაობა განაცხადონ, მაგრამ ძალიან ხშირად უკან მიაქვთ თავიანთი სიტყვები. ქალთა უფლებების დამცველთა თქმით, დოკუმენტური ფილმები, რომლებშიც ძალადობის კონკრეტული ფაქტებია ასახული, ამ ქალებს ეხმარებათ გაიაზრონ მთავარი: ისინი მარტონი არ არიან. ადამიანები უნდა გაერთიანდნენ ძალადობის წინააღმდეგ. დისკუსიის მონაწილემ, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელმა მარი მესხმა სწორედ სოლიდარობა დაასახელა ყველაზე ძლიერ იარაღად ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ქალთა საკონსულტაციო ცენტრის - „სახლის“ - ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე ამბობს, რომ ძალადობასთან ბრძოლის დაწყება, პირველ რიგში, ამ პრობლემის აღიარებით და კონკრეტულ ფაქტებზე მსჯელობით უნდა დაიწყოს. აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლი ისეა შეშინებული, რომ ზოგჯერ საკუთარი სიტყვებისაც კი ეშინია. პირველ რიგში, ლაპარაკის შიში უნდა დავძლიოთ. ამიტომ საუბარი სოციალური რეკლამის თუ ქალზე ძალადობის შესახებ გადაღებული ფილმების მხატვრულ დონეზე, ქალთა უფლებების დამცველთა აზრით, რბილად რომ ვთქვათ, ადეკვატურობას მოკლებულია. ის, რაც სიყალბეა და არაა დამაჯერებელი იმისთვის, ვინც არ იცის რას ნიშნავს ქალზე ძალადობა, შეიძლება აბსოლუტური სიმართლე იყოს ძალადობის მსხვერპლისთვის.

რუსუდან ფხაკაძის თქმით, საქართველოში ფსიქოლოგიური ძალადობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიკური, და ბევრად უფრო ტაბუირებულია. თუმცა დისკუსიის დროს ქალთა უფლებების დამცველებმა გაგვახსენეს, რომ ძალადობის 5 ფორმა არსებობს: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და იძულება. საქართველოში ყველა ეს შემთხვევა აღრიცხულია და ყველა ეს ფორმა, გენდერის საკითხებში გაეროს ქალთა ფონდის მრჩევლის თამარ საბედაშვილის თქმით, ერთნაირად დამამცირებელია.

და მაინც, კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა, მაგალითად, ქმარი სცემს? იკითხეს დისკუსიაზე... პასუხი ბანალური იყო, თუმცა მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ეს პასუხი გაუკვირდათ: ქმარი როდესაც სცემს, უნდა მიმართოს პოლიციას, ანდა დარეკოს ცხელ ხაზზე. პოლიციას აქვს ვალდებულება გამოწეროს ეგრეთ წოდებული „შემაკავებელი ორდერი“.

მაგრამ პრობლემა ამით არ წყდება. როგორც ქალთა საკონსულტაციო ცენტრის - „სახლის“ - ხელმძღვანელმა რუსუდან ფხაკაძემ აღნიშნა, ახალი პრობლემები ჩნდება მაშინ, როცა ძალადობის ინტერპრეტაცია იწყება.

2009 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის 169 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. ფართომასშტაბიანი კვლევით, საქართველოში რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აქ ჩანს, როგორი განსხვავებაა გაცხადებულ შემთხვევებსა და დაფარულ შემთხვევებს შორის... ქალთა უფლებების დამცველთა თქმით, ამიტომაა აუცილებელი ადამიანებმა საკუთარი თვალით იხილონ ძალადობის ფაქტები. ამის ნახვა მძიმეა, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, კათარზისის ეფექტს მაინც ახდენს, თუკი, რა თქმა უნდა, მხატვრულ სახეებში წარმოდგენილ სისასტიკეს დისკუსია მოჰყვება... თუკი საზოგადოება გაიაზრებს სისასტიკის მიზეზებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG