Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერი ორგანოებით ვაჭრობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი


ჰაშიმ ტაჩი
ჰაშიმ ტაჩი
არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის მძიმე ბრალდება წაუყენეს. მას 1990-იანი წლების ბოლოს იმ კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ბრალდება, რომელიც იარაღით და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. ბრალდებას, რომელიც ევროსაბჭოს ანგარიშის პროექტშია გამოთქმული, კოსოვოს მთავრობა „ცილისმწამებლურს“ უწოდებს.

ევროპელი გამომძიებელი კოსოვოს გათავისუფლების არმიის - KLA-ს - ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალს სდებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში. გამომძიებლის მიერ შედგენილი ანგარიშის პროექტის თანახმად, ეს 1999 წელს სერბ უშიშროების ძალებთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ ხდებოდა.

ევროსაბჭოს საგანგებო მომხსენებლის, დიკ მარტის ანგარიშში მითითებულია, რომ პატიმართა ორგანოების ტრეფიკინგის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო კოსოვოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ჰაშიმ ტაჩი, რომელიც ომის დროს ეთნიკურ ალბანელთა პარტიზანულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

კოსოვოს მთავრობის პირველი რეაქცია ანგარიშის გადაჭრით უარყოფა იყო - მას „ცილისმწამებლური“ უწოდეს და დაიმუქრნენ, რომ მარტის წინააღმდეგ „ყველა ლეგალურ და პოლიტიკურ ნაბიჯს თუ ზომას მიიღებენ.“ კოსოვოს მთავრობა ევროსაბჭოს ანგარიშის უარყოფისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიშის მიზანი ტაჩის „შერცხვენაა“ კვირას, 12 დეკემბერს, გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისმა პარტიამ გაიმარჯვა. კოსოვოსთვის ეს პირველი არჩევნები იყო 2008 წელს სერბიისგან გამოყოფის შემდეგ.
სერბიის მთავრობის წარმომადგენლების რეაქცია განსხვავებულია. ბელგრადში, სადაც ტაჩი 1997 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს როგორც „ტერორისტი“, ომის დანაშაულთა პროკურატურის წარმომადგენელმა მარტის ანგარიშს სერბიის „გამარჯვება“ უწოდა.

მოსკოვში მყოფმა სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტაჩის მომავალი ბუნდოვანი გახდაო. „ეს ანგარიში მოწმობს, რომ დადგა დრო მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ შეწყვიტოს თვალის დახუჭვა კოსოვოში არსებულ საზარელ რეალობაზე. ანგარიში აჩვენებს, რას წარმოადგენს დღევანდელი კოსოვო და მისი ლიდერები. და ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ [კოსოვოს] საკითხის გადაჭრის გზა“, - განაცხადა სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, ანგარიშში გამოთქმული ბრალდებები თუ დადასტურდა, საქმე „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან“ გვექნებაო: „ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ცნობები საკმარისად დიდი ხნის წინ გაჩნდა. ახლა, რამდენადაც მესმის, შესაბამისი ფაქტების გამოსაძიებლად პროფესიონალური სამუშაო ჩატარდა. ეს ანგარიში დახურულ დოკუმენტად არ უნდა დარჩეს.“

კოსოვოს გათავისუფლების არმია 1998-99 წლებში პარტიზანულ ომს აწარმოებდა ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის ძალების წინააღმდეგ. საბოლოოდ ბელგრადს ამ ტერიტორიაზე კონტროლი ნატოს სამხედრო ჩარევამ დააკარგვინა. ტერიტორიაზე გაეროს მიერ ადმინისტრირებული ერთეული ჩამოყალიბდა.

ომს დაახლოებით 13,000 ადამიანი ემსხვერპლა. დაახლოებით 1,900 პირი ჯერაც დაკარგულად ითვლება.

თავის ანგარიშში მარტი წერს, რომ კოსოვოს გათავისუფლების არმიას ჩრდილოეთ ალბანეთში სამოქალაქო პირები საიდუმლო პატიმრობაში ჰყავდა და რომ ამ ადამიანებს, მათ საბოლოო გაუჩინარებამდე, არაჰუმანურად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ.

ანგარიშის თანახმად, შუალედურ პერიოდში, როცა კონფლიქტი დასრულებული იყო, მაგრამ საერთაშორისო ძალების მხრიდან კოსოვოში წესრიგის აღდგენისთვის საკმარისი დრო არ იყო გასული, ალბანეთში, ფუშე-კრუიასთან მდებარე კლინიკაში, ზოგიერთ პატიმარს ორგანოებს აჭრიდნენ. შემდეგ ეს ორგანოები ალბანეთიდან გაჰქონდათ და მათ ორგანოთა საერთაშორისო შავ ბაზარზე - კერძო კლინიკებზე - ყიდიდნენ.

შესაბამისად, მარტი წერს, რომ ტაჩი ალბანეთის მთავრობის, უშიშროების და მაფიის დახმარებით მოქმედებდა.

გამომძიებელი აცხადებს, რომ მისი დასკვნები კოსოვოს გათავისუფლების არმიასთან დაახლოებული პირების ჩვენებებს ემყარება - მძღოლების, მცველების, ისევე როგორც ორგანოებით ვაჭრობის უშუალო ორგანიზატორების ინფორმაციას.

ანგარიშში არ არის მოცემული ამ პროცესში დაღუპული ადამიანების რიცხვი.

მარტის თქმით, იმ დიპლომატიურმა და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ, რომელიც ტაჩიმ დასავლეთის ქვეყნებისგან კოსოვოს შესახებ მოლაპარაკებებისას მიიღო, მას „ხელშეუხებლობის“ განცდა გაუჩინა.

ევროსაბჭოს გამომძიებელი ამ საქმეზე უკვე ორი წელია მუშაობს. ის რეგიონშიც ჩადიოდა და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს ხვდეობდა - იქნებოდა ეს ბელგრადში, ტირანასა და პრიშტინაში.

მარტის ანგარიში ახლა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხებისა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. თუ დამტკიცდება, მას 25 იანვარს უკვე საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს.

მარტის გამოძიება ემყარება წიგნს, რომელიც 2008 წელს გამოსცა კარლა დელ პონტემ - ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა ბრალმდებელმა.

თავად დიკ მარტი უწინ შვეიცარიაში მუშაობდა პროკურორად. საერთაშორისო ასპარეზზე მისი სახელი ცნობილი გახდა 2007 წელს, როცა ევროსაბჭოს სახელით გამოძიება ჩაატარა და 14 ევროპულ ქვეყანას ბრალი დასდო, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უფლებას აძლევდნენ მათ ტერიტორიებზე საიდუმლო ციხეები ჰქონოდათ და საიდუმლო ფრენები ეწარმოებინათ.
XS
SM
MD
LG