Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 27 დეკემბერი 2010


პრესის დღევანდელ მიმოხილვას მთლიანად დავუთმობთ ბადრი ბიწაძის, ნინო ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის ურთიერთბრალდებებს, იმიტომ რომ გაზეთების გვერდების ლამის ნახევარი ამ თემის განხილვას ეხება.

ჩვენ დავიწყებთ ”ასავალ-დასავალით“, რადგან სკანდალი სწორედ ამ გაზეთმა ააგორა. ლაპარაკობენ, დაადასტურებს თუ არა ბადრი ბიწაძე კიდევ ერთხელ სკანდალურ ფაქტებს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს და მიხეილ სააკაშვილს შორის შემდგარ გარიგებას, ასევე ლევან გაჩეჩილაძის სახლის სარდაფში შემდგარ შეხვედრასა და გაჩეჩილაძის მხრიდან სახალხო კრებასთან ვაჭრობის დეტალებს შეეხება. მე დავუკავშირდი მოსკოვიდან დაბრუნებულ ბადრი ბიწაძეს, - წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და ბიწაძის პასუხი მოჰყავს: ”მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე ვადასტურებ ამ ფაქტებს და მზად ვარ ლევან გაჩეჩილაძეს საზოგადოების წინაშე გავუმეორო, თუ რაზე ევაჭრებოდა იგი სააკაშვილს და რაზე ვაჭრობდა სახალხო კრებასთან!”. მზად ვარ მომდევნო ნომერში ვრცელი ინტერვიუ მოგცეთ და ყველა კითხვას პასუხი გავცეო, - უთხრა ბიწაძემ ”ასავალ დასავალს”.

ამ თემას განიხილავს ”კვირის პალიტრაც”, რომელიც ვასილ მაღლაფერიძეს გაესაუბრა. "რა მიზნით გადაწყვიტა ჯერ ისევ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მისი კონფიდენციალური საუბრისთვის ვიღაცას უნდა მოესმინა? რით დაიმსახურა მაინცდამაინც ბადრი ბიწაძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის ასეთი ნდობა? მაინცდამაინც ბადრი ბიწაძის გვერდითა ოთახში დასმა ხომ არ განაპირობა იმან, რომ მას ეს ამბავი მოეყოლა ჯერ ისევ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძისთვის და დაერწმუნებინა, რომ ლევან გაჩეჩილაძე "დაკერილია", წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს და ყველაფერი დამთავრებულია", - უთხრა ”კვირის პალიტრას” ვასილ მაღლაფერიძემ.

ბადრი ბიწაძის ბრალდებებთან დაკავშირებით აზრს საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც გამოთქვამს ”მთელი კვირისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. ”მისი ქმედება ეჭვს ბადებს და არ მიმაჩნია სწორად. ისე, ასეთ ჭუჭყიან და ბინძურ საქმეებში ჩარევა არ მიყვარს. ვიცი,რომ ლევან გაჩეჩილაძე ღირსეული პიროვნება და ღირსეული პოლიტიკოსიაო”, - უთხრა შევარდნაძემ ”მთელ კვირას:.

ეკა ბესელია კი ”კვირის ქრონიკასთან” საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის საფრთხეს უქმნის "სახალხო კრებას". ”იმისთვის, რათა არ მოხდეს კრების გაიგივება რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან და ამ დაპირისპირებაში კრების აღმასრულებელი საბჭო არ აღმოჩნდეს რომელიმე მხარეს, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთთან არკვევენ რა არის სიმართლე და რა არა, ხომ არ აჯობებს აღმასრულებელ საბჭოს წევრმა პოლიტიკოსებმა შეიჩერონ თავიანთი უფლებამოსილება, მოახდინონ საბჭოსგან დისტანცირება და დროებით გადგნენ გვერდზეო”, - უთხრა ბესელიამ ”კვირის ქრონიკას“ და დასძინა: ”ვიდრე არ გაირკვევა სიმართლე და კონფლიქტი არ იქნება ამოწურული, "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" აღმასრულებელ საბჭოში ჩემს უფლებამოსილებას დროებით შევიჩერებ.მე არ მაქვს მორალური უფლება კრების აღმასრულებელ საბჭოში დავრჩე."

დაბოლოს, ”ვერსია” წერს: "პოლიტიკურად მძიმე დღეები უდგას ნინო ბურჯანაძეს. ასეთი დაბნეული მხოლოდ ერთხელ ახსოვს საზოგადოებას - საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ბადრი და ანზორ ბიწაძეები საძმაკაცოსთან ერთად "ბიტებით" რომ დარბოდნენ, ჟურნალისტები კი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს სთხოვდნენ კომენტარს. ახლაც ასეა. თუმცა ამ შემთხვევაში ბევრად ძვირი დაუჯდება ქალბატონ ნინოს მეუღლის შურისძიება, ვიდრე წარმოედგინა”. გაზეთი ამატებს: „ბურჯანაძეს, გარე ძალებთან ერთად, პარტიის შიგნითაც უჭირს განმარტება იმისა, რა მოხდაო". სტატიას ”ვერსიაში“ წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG