Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტრომ” ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობის რეჟიმი შეცვალა


ტელეკომპანია მაესტრომ მაუწყებლობის რეჟიმი შეცვალა. არხის ეთერით გადაიცა სპეციალური განცხადება, რომლის თანახმად, მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, ახალი ამბების რედაქცია იძულებულია მუშაობის საგანგებო რეჟიმი დააწესოს და დღეიდან ინფორმაციას გაავრცელებს იმ სიხშირით, რის საშუალებასაც ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა იძლევა. მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმის ამოქმედებაში მაესტროს გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა, ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი დაადანაშაულა. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექაურმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნის შემდეგ, კიწმარიშვილმა მოისურვა, მაესტრო მისი ინტერესების გამომხატველ ტელევიზიად გადაექცია და ამ მიზნის მისაღწევად დაფინანსების წყაროები გადაკეტა. ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაარსებულ კომპანიას 3-წლიანი მართვის უფლებით მაესტრო შარშან, ნოემბერში გადაეცა. არხის გენერალური დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, მმართველი კომპანიის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მასთან კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურა მაესტრომ უკვე დაიწყო.
XS
SM
MD
LG