Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირების გაერთიანება მიმავალ წელს აჯამებს


პროფკავშირების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი საპროტესტო აქცია
პროფკავშირების მიერ მოწყობილი ერთ-ერთი საპროტესტო აქცია
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას 2010 წლის ანგარიში წარუდგინა. ”ამგვარი პრეზენტაცია ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს”, - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მისი შეფასებით, საკმაოდ რთული წლის მიუხედავად, პროფესიულმა კავშირებმა დაკისრებულ მოვალეობასა წარმატებით გაართვეს თავი და თავიანთი ფუნქცია შეასრულეს.

”აქციები და გაფიცვები ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი მიზანია დასაქმებულთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა. როდესაც ეს უფლებები ირღვევა, როდესაც ვხედავთ, რომ სიტუაცია სხვანაირად არ შეიცვლება, მაშინ ქუჩაში გამოვდივართ”, - ამბობს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

2010 წელს სხვადასხვა დარგის პროფესიულმა კავშირებმა და მთლიანად გაერთიანებამ 14 აქცია და გაფიცვა მოაწყო - მათ შორის, აქცია, დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევების აღმოფხვრის მოთხოვნით, მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების მხარდამჭერი აქცია და სხვა... ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ბოლო წელი ცხადყოფს იმას, რომ საქართველოში პროფკავშირი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი, ფეხს აქტიურად იკიდებს:

”ეს წელი პროფკავშირებისათვის საკმაოდ შრომატევადი იყო. ყველა გამოკითხვა ადასტურებს და, საბოლოო ჯამში, საქართველოს პრეზიდენტმაც დააფიქსირა საკუთარი აზრი, რომ პროფკავშირები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განმსაზღვრელი ფაქტორია. კარგია, რომ დღესდღეობით ეს დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მეტ-ნაკლებად ფეხს იკიდებს. სწორედ ეს გახლავთ პასუხი იმისა, რომ პროფკავშირები ევროპული კულტურის ნაწილია”.

რაც უფრო მეტი დასაქმებული ჩაერთვება პროფკავშირულ საქმიანობაში, რაც უფრო სოლიდარულები იქნებიან დასაქმებულები ერთმანეთის მიმართ, მით უფრო გაიოლდება მათი უფლებების დაცვა, მით უმეტეს, რომ დასაქმებულთა უფლებების დარღვევა არცთუ იშვიათი მოვლენაა საქართველოში, აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი. ის, რომ, ზესტაფონისა და ჭიათურის მაღაროებში მასშტაბური გაფიცვების შედეგად, დასაქმებულებს შრომის ანაზღაურება 15 პროცენტით მოემატათ, ადმინისტრაციებმა დაიწყეს შრომის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებები, დაიდო უვადო ხელშეკრულებები... - ეს სოლიდარობისა და ერთად დგომის დამსახურებააო, ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი სოციალური დიალოგის დაწყებას ასახელებს: 2010 წლის 2 მარტის ბრძანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სახელმწიფო კომისია შექმნა. ეს არის ევროპული ტიპის ურთიერთობები სახელმწიფოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

”ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ეს ინსტიტუცია უკვე არსებობს. რამდენად ძლიერი და ეფექტური იქნება მისი მუშაობა, ისევ და ისევ საზოგადოებასა და ჩვენზეა დამოკიდებული”.

პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს წლის მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნიათ ახალგაზრდული პროფკავშირის შექმნა. მისი ხელმძღვანელი, ლაშა ბლიაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ორგანიზაცია აერთიანებს იმ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში სოციალური უფლებების დაცვით.

”სტუდენტები რეალურად თავიანთ მომავალზე ფიქრობენ და მგონია, რომ ყველა სტუდენტისათვის აქტუალური უნდა იყოს სოციალური უფლებების დაცვა. როდესაც საქართველოში, მაგალითად, სწავლის საფასური ყოველწლიურად იზრდება და ამისაგან დაცული არავინ არის, სტუდენტები გარკვეულ მექანიზმებს უნდა ფლობდნენ ამ სიტუაციის შესაჩერებლად”, - ამბობს ლაშა ბლიაძე.

გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტების თქმით, იურიდიული კონსულტაციებისათვის გაერთიანებას 387-მა ადამიანმა მიმართა. მიმართვები, ძირითადად, შრომით სამართლებრივ საქმიანობასა და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა. პროფკავშირების იურისტის რაისა ლიპარტელიანის თქმით, სასამართლოში წარმოებული საქმეების 68 პროცენტი პროფკავშირების წევრთა სასარგებლოდ გადაწყდა.

”იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შრომითი კანონმდებლობა დასაქმებულისათვის არის არახელსაყრელი, სასამართლო პროცესებზე გვაქვს ხოლმე წარუმატებლობებიც, თუმცა, უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება სახელფასო დავალიანებებს, იძულებით მოცდენებს, გვაქვს წარმატებული საქმეები, ანუ სასამართლომ ან სრულიად დააკმაყოფილა სარჩელები ან ნაწილობრივ”, - აღნიშნავს რაისა ლიპარტელიანი.

2011 წლისათვის პროფკავშირების გაერთიანება საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების საქართველოს მიერ რატიფიცირების პროცესის გააქტიურებას გეგმავს. მათ შორის არის კონვენცია დედობის დაცვის შესახებ და მავნე პირობებში მომუშავეთა დასაცავად დამატებითი ღონისძიებების შესახებ. მათივე განცხადებით, პროფკავშირი მოამზადებს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს კანონპროექტს ”მავნე პირობებში დასაქმებულთა საპენსიო შეღავათების შესახებ”.
XS
SM
MD
LG