Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 6 იანვარი 2011


როდის დაიწყებს ”მაესტრო” მაუწყებლობას და ვინ გახდება არხის გენერალური დირექტორი - ამ და სხვა შეკითხვებით გაზეთმა ”ალიამ” ტელევიზიის დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს მიმართა. მამუკა ღლონტი ამბობს, თუ თანამშრომლები თანახმა იქნებიან, რომ დროებით უხელფასოდ იმუშაონ, არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა 10 იანვრიდან აღდგება. მამუკა ღლონტი გაზეთთან ინტერვიუში ასევე განმარტავს, რომ მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურის დასრულებამდე იგი ხელშეკრულების ყველა პარაგრაფს ზედმიწევნით იცავს, რათა შემდეგ სასამართლოში არ აღმოჩნდეს წაგებული. კითხვაზე კი შესაძლოა თუ არა, რომ ”მაესტრო” სამართავად კიდევ გადაეცეს ვინმეს, მამუკა ღლონტი პასუხობს:

” მართვაშიც შეიძლება გადავცე, წილიც შეიძლება გავყიდო და მე ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ. სამარცხვინოა, როდესაც ეკრანზე ხდება არაობიექტურად გაშუქება, მიმხრობა, მიკერძოება, დამალვა. აი, ეს არის სამარცხვინო, დანარჩენი კი ეს ჩემი ბიზნესია და როგორც მოითხოვს საჭიროება, ის ვიმოქმედებ”.

დღესვე გაზეთ ”ალიაში წაიკითხავთ ინტერვიუს აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის პრესსპიკერთან, თამაზ ბაკურიძესთან. საუბრის თემაა ასლან აბაშიძის მემუარები, რომელიც თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, უკვე დასასტამბადაა მზად:

”ის წერს რამდენიმე რთულ პერიოდზე . ეს ეხება გამსახურდია-შევარდნაძესთან ურთიერთობას. აბაშიძე ქრონოლოგიურად აღწერს, რა უთანხმოებები ჰქონდა გამსახურდიასთან, შემდეგ კი დასძენს, ზვიადს ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ის დღესაც ცოცხალი იქნებოდაო.”

ინტერვიუში თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ასლან აბაშიძის მემუარებისა და მასში აღწერილი სკანდალური ფაქტების შესახებ მოუთხრო მოსკოვში მცხოვრებმა მეგობარმა, რომელიც ასლან აბაშიძესთან დაახლოვებული პირია.

ვინ შეცვლის კობა სუბელიანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრის პოსტზე? გაზეთ ”ახალი თაობის” ცნობით, მინისტრ კობა სუბელიანს თანამდებობას უახლოეს ხანში დაატოვებინებენ და მის ადგილს, კულურული ინფორმაციით, სოსო ქარჩაიძე დაიკავებს. ”ახალი თაობის” თანახმად, ეს უკანასკნელი თავის დროზე ზემო აფხაზეთში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ძალებს უწევდა კოორდინაციას.

თბილისში, გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქციის დარბევა, ქართული გაზეთების ძირითად თემად რჩება დღესაც. გაზეთ ”24” საათის თანახმად, ვეტერანთა აქციის დარბევის შემდეგ დისკუსია ორი მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, აქცენტი კეთდება მოშიმშილე ვეტერანების უხეში ფორმით დაშლაზე და ამავდროულად სულ უფრო აქტიურად განიხილება ვეტერანთა სოციალური პრობლემები.
XS
SM
MD
LG