Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 8 იანვარი 2011


დილით შაბათს მოსულს გაზეთები ლიფთან დაცვის ბიჭებთან მხვდება ხოლმე, შეკვრას რომელშიც ათამდე გაზეთია ცელოფნის პარკში შეფუთული, პასტით აწერია: რადიო თავისუფლება. დღეს ერთი ცალი დამხვდა ცელოფნის გარეშე. სიმართლე გითხრათ გამიხარდა, რადგან უნდა ითქვას, რომ დიდ სიამოვნებას ამ გაზეთების კითხვისგან არ ვიღებ. თემები ისედაც გორდება სოციალურ ქსელებში და ეს გაზეთები, რომლებიც ძირითად შემთხვევაში ძველი სტანდარტის დევნაში ახალ არათუ ფორმატს, ახალი თვალით დანახულ თემების გაშუქებასაც კი ვერ ახერხებენ, უზომოდ ბევრ ქაღალს ხარჯავენ და ადამიანებში აპოკალიპტურ მისწრაფებებს აღვივებენ. ამ დღევანდელ ერთ ცალ ”ახალ თაობაშიც” მოძღვარი მიყურებს ხელში დიდი ოქროსფერი ჯვრით, მის თავზე წარწერა ”დიდმა ბაბუამ დამჭრა”, კიდევ უფრო ზევით ”მშობლებმა ცოცხით მცემეს”… არა, აპოკალიტური სათაურიც უნდა იყოს სადღაც და აი ისიც: ”სოციალური აფეთქება გარდაუვალია”. ვინ ვინ და ამას ადვოკატი ლალი აფციაური წინასწარმეტყველებს. არა ადვოკატმაც ბუნებრივია შესაძლოა იგრძნოს საზოგადოებაში მიმდინარე ტენდენციები, ან პროფესია რა შუაშია, უბრალოდ ეს გაზეთების სტილი არაა. არის რამდენიმე კაცი ხოლმე, ძირითადად ერთი და იგივე ხალხი, რომელთაც გაზეთები მსგავს თემებზე აზრს ეკითხებიან, ისინი რუბრიკის ფუნქციას ასრულებენ ანუ, ჭკვიანი სახით და სერიოზული საზრისით ავსებენ ხოლმე გაზეთის ცარიელ და შესავსებ გვერდებს. ეტყობა ახალ წლებზე ეს ხალხი ისვენებს.

ისე ”ახალმა თაობამ” ამ კვირასვე სხვა წინასწარმეტყველებაც ”გაისროლა”, მომავალი პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე იქნებაო, ოღონდ აქ კითხვის და ძახილის ნიშანი დასვა გაზეთმა. გაზეთი თეორიას ანვითარებს რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტი ყოველდღიური პოლიტიკისაგან დისტანცირებული ფიგურააო და ამიტომ სულაც არაა აუცილებელი იგი პოლიტიკოსი იყოსო. სიმართლე გითხრათ თავად თეორია ნაკლებ საინტერესოა და აი რატომ: პრეზიდენტი, წესით, ის იქნება, ვისაც მე და თქვენ ავირჩევთ, თუმცა ამაზე გაზეთი არ წერს.

ისე, რადგან ცოტაა გაზეთები და მეტის თქმა შემიძლია, მინდა გავიხსენო ამერიკაში ჩემი ყოფნის დროს გამომავალი ის გაზეთები, რომლებიც თითქმის ყოველ კვარტალურად გადიოდნენ ბიზნესიდან, რადგან ინტერნეტთან რეკლემისმიმცემებისათვის ბრძოლაში მარცხდებოდნენ. ხშირად ვხედავდი ადამიანების სახლების კარებებთან დახვავებულ წაუკითხავი შეფუთული გაზეთების გროვას. და რადგანაც წლიანი ხელმოწერა უკვე გაკეთებული იყო, ფოსტალიონი ჯიუტად ისროდა არწასაკითხავად განწირულ ახალ შეკრულ დასტასაც… ალბათ ცდილობდა მიზანში გაერტყა. ასე იზრდებოდა გაზეთების გროვა დღიდან დღემდე…

ვეტერანების აქციაზე იმაზე მეტი არც ერთ გაზეთში წერია, რამდენიც სოციალურ ქსელებში ითქვა. ”საქართველოს რესპუბლიკამ” მაგრად იცის ხოლმე გაბრაზება. მოკლედ, ვეტერანების აქციის დარბევის კადრი დაბეჭდეს წინა გვერდზე და იქვე გამოიცანით რა ფოტო მიაბეჭდეს? პრეზიდენტი როა წაქცეული და დაცვა ეფარება ომის დროს…

სიყვარულით და მოწიწებით უნდა ავივსოთო წერს იგივე ”საქართველოს რესპუბლიკა” სხვა ნომერში, კიდევ სხვა ნომერში სულის სიმაღლეზე წერს, მაღალი უნდა იყოსო სულიო… შემწყნარებელიო…სხვა თემებში ბევრია საუბარი, სიყვარულზე, სიხარულზე, სათნოებაზე, ლოცვა/მარხვა/დღესასწაულებზე.

განვაგრძოთ. იგივე ”ახალი თაობა”, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობს ამ ახალ წლებზე, ხუთშაბათს 6 იანვარს წინა გვერდზე წერს, რომ წლის საუკეთესო დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედა გამხდარა. იგივე ახალი თაობა გვამცნობს ციტატას კახა კუკავასგან, რომ ქვეყანა ახლა უკვე სააკაშვილის რეჟიმის გასასამართლებლად უნდა მოემზადოს. გოგა ხაინდრავა კი ამბობს, რომ ”ეს ხელისუფლება არის ჭირი”. ომი ტყდება ბურჯანაძესა და გაჩეჩილაძეს შორისო, წერს იმავე წინა გვერდზე გაზეთი და იქვე მიაწერს ციტატას: ”თავხედმა ბურჯანაძემ გაბედა ისე წარმოეჩინა თითქოს ხსნა ჩამოიტანა რუსეთიდან”.
რა ვუყო ისევ ”ახალი თაობა” 4 იანვარი. სათაურებს წაგიკითხავთ. ”საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა დამარცხებისთვის არის განწირული”. კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: ”ხელისუფლება პენსიებს ვეღარ დაარიგებს”.

გაზეთი ”კვირის ქრონიკა” 3-9 იანვარი შავ ფონზე სამხედრო მუნდირებში ჩაცმული ადამიანების სურათს აქვეყნებს წარწერით: ”ამოვიდა უკვე ყელში ყველაფერი”. იქვე კიდევ ერთი მინაწერი: ”ხელისუფლებას ტყუილად გონია, რომ ჩვენთან ომს ასე ადვილად გადაიტანს. ჩვენი დამარცხება ადვილი არ იქნება და ამას მალე ნახავს”. ვეტერანების ციტატებია იგივე შავ ფონზე გამოტანილი, ერთ-ერთი დარბეული ვეტერანი ამბობს: ”თოთო ბავშვი მყავს სახლში, სიცხიანი და დენი ჩამიჭრეს, რადგან გადახდა ვერ შევძელი”.

”24 საათი” გვამცნობს, რომ მთავრობა 2011 წელს პრიორიტეტებს არ ცვლის. საუბარია ეკონომიკურ კურსზე ორი მიმართულებით. პირველი საგადასახადო კუთხით. ახალი საგადასახადო კოდექსი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით შექმნილა. მეორე მიმართულება კი დასაქმებაა, რომელზეც გაზეთის გვერდზე ვერა ქობალია საუბრობს. ის ორ პერსპექტიულ მიმართულებას გამოყოფს, ესაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, რომ ორიათას თერთმეტ წელს რამდენიმე ახალი ტურისტული ცენტრი შეიქმნება ქვეყანაში.

აი, ბოლოც ”ახალი თაობისგან”: გაზეთი დავით ონოფრიშვილის პრესკონფერენციას აშუქებს. უფრო სწორად ყოფილი ფინანსთა მინისტრი ”მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აცნობს საზოგადოებას. კვლევა 139 ქვეყანას მოიცავს. ჩავიკითხავ მთავარ პარამეტრებს; მაგალითად, მაკროეკონომიკური პარამეტრებით, საქართველო 139 ქვეყანას შორის, გაზეთის მიხედვით 130 ადგილზეა. საკუთრების უფლების დაცვით - 116 ადგილზე. ანტიმონოპოლიური პოლიტიკით - ბოლოდან მეოთხე ანუ 135-ე პოზიციაზე. განათლების ხარისხით - 104 ადგილზე, ხოლო სასამართლო დამოუკიდებლობით იმავე - 104 ადგილზე. ციფრების მოყვანის შემდეგ გაზეთი დავით ონოფრიშვილს ციტირებს:

”ეს ციფრები მიუთითებს ამ ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე, ეს არის არასწორი და ცრუ-ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობა”, - ამბობს დავით ონოფრიშვილი ახალი თაობის სტატიაში სახელწოდებით ”ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა”.

სულ ეს იყო დღეისათვის. ჰო, კინაღამ დამავიწყდა: თუ გაინტერესებთ, რა უკადრებელი იკადრა გოგი ქავთარაძემ გაზეთ ალიას 6-10 იანვრის ნომერში წაიკითხეთ სტატია სახელწოდებით ”გოგი ქავთარაძემ უკადრებელი იკადრა”. ისე, ეს გაზეთი ორი ლარი ღირს. რა შეიძლება გააკეთოს კაცმა ორ ლარად? ერთი ვიცი, კინოს სახლის პირველ სართულზე კარგ ფილმებს აჩვენებენ, როგორც წესი, ქართულ თუ უცხოურ კლასიკას რუსული თარგმნით - ერთი ლარად.
XS
SM
MD
LG