Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 11 იანვარი 2011


დღევანდელი ”რეზონანსი” წერს, რომ ”წლევანდელ სკოლადამთავრებულებს 12 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ” – ”საატესტატო-გამოსაშვები 8 გამოცდა და უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად 4 გამოცდა” - განმარტავს გაზეთი. ამავე ნომერში წაიკითხავთ იმის შესახებაც თუ როგორ შეხვდნენ ახალ წელს გალის რაიონში - ”ახალი წლის შემობრძანება ტრადიციისამებრ, ქართული დროით 12 საათზე იზეიმეს გალელებმა. 1 საათის დაგვიანებით, ანუ რუსული დროით რუსებმა და აფხაზებმა აღნიშნეს და ავტომატის ჯერით აუწყეს იქაურობას ახალი 2011 წლის დადგომა”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი. გაზეთის კორესპონდენტი ტელეკომპანია ”მაესტროში” არსებული ვითარებით ინტერესდება. ამ თემაზე წაიკითხავთ პუბლიკაციას სათაურით - ””მაესტრო” და კიწმარიშვილის კომპანია შერიგდნენ. ახალი გენდირექტორის ვინაობა ამ კვირაში გახდება ცნობილი”. ჟურნალისტის შეკითხვა კომპანიის დამფუძნებელ მამუკა ღლონტს: ”კახა ბექაურის განცხადებები, რომ ეროსი კიწმარიშვილი ”მაესტროში” პოლიტიკური ინტერესების გატარებას მოითხოვდა, მოგვარდა?”. მამუკა ღლონტის პასუხი: ”ეს ყველაფერი იყო მათ შორის და მათი პრობლემა გახლდათ”. ”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 იანვარს სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელის ვახტანგ კომახიძისა და მისი შვილის - კონსტანტინე კომახიძის სარჩელის არსებითი განხილვა. ისინი კომპანია ”რეალ ტივის” 2010 წლის 9 თებერვალს ეთერში გასული სიუჟეტის გამო უჩივიან.

”ალია” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს პარლამენტის ყოფილ წევრ, ახლა ”დევნილობაში მყოფ” ვალერი გელბახიანთან, რომელსაც ჟურნალისტი საქართველოს შიდაპოლიტიკურ ამბებზე ეკითხება. გელბახიანი ამბობს: ”მე რომ მცოდნოდა, ოპოზიცია ასეთი ნაძირალა აღმოჩნდებოდა, დღეს ემიგრაციაში არ ვიქნებოდი. ახლა ვხვდები, რომ სერიოზული შეცდომა მაქვს დაშვებული. იმ პერიოდში ჩვენ მზად არ ვიყავით სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა ვხვდები, რომ მე არავის იმედი არ უნდა მქონოდა და იმ ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილს არ უნდა ჰქონოდა არავის იმედი და ვხვდები, რომ ჩემი მტერი უფრო იყო ის ოპოზიცია მაშინ, ვიდრე მიშა სააკაშვილის” - აცხადებს ვალერი გელბახიანი და ამავე ინტერვიუში ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

”არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება” – ”24 საათი” საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს: ”ტერმინ ოკუპაციის საერთშორისოდ დამკვიდრებას ქვეყნისთვის ნამდვილ მიღწევად მიიჩნევს კიდევ ერთი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. მისი განმარტებით, წარმატება არ უნდა გახდეს გაპასიურების საბაბი. ტერმინის დამკვიდრება არ არის არაღიარების გარანტი”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება სტატია სათაურით - ”ფრთხილად - ჩრდილოეთ კავკასიაა!”. ავტორი ასე ასრულებს ტექტს: ”ჩვენს ინტერესებში ზუსტადაც რომ პირველი ადგილი უნდა ეკაოს სწორედ მეზობელ ხალხებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აწყობას, საერთო ინტერესებიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე, რაც პირველ რიგში გულისხმობს მშვიდობის შენარჩუნებას ამ ზედმეტად ფეთქებადსაშიშ რეგიონში, მაგრამ არა მგონია, ამ მიზნის მისაღწევად კარგი საშუალება იყოს ”ორის დაძმობილება მესამიდ წინააღმდეგ” და ამით ისედაც უკიდურესობამდე დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, მით უმეტეს იმ იდეის გამო, რომელიც კავკასიის მთავარი ქედის გადაღმა არასდროს ყოფილა პოპულარული”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG