Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 13 იანვარი 2011


სამხედრო-სასწავლო ცენტრ „კრწანისში” 11 იანვარს მომხდარის შესახებ პრესა დღესაც წერს. ”ალიას” ავტორი, ”თავდაცვის სამინისტროს წყაროებიდან” მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ 11-ში, გვიან საღამოს, თავდაცვის მინისტრს დახურული თათბირი ჩაუტარებია: ”ბაჩო ახალაიას განუცხადებია, რომ არ კმაყოფილდება ამ ”ჭანჭიკების” დაკავებით და, შესაძლოა, მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. რადგანაც ყველამ იცის, რომ საარტილერიო დანაყოფები დევი ჭანკოტაძის კურირების სფეროა, ჭანკოტაძისკენ გაუხედავს ყველას”, - წერს ”ალიას” ავტორი, თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, და იქვე თავად 11 იანვრის ამბის დეტალებზე ჩერდება: ”მოკლედ, სიტუაცია ასეთი ყოფილა: როდესაც ჩადეს ეს 120 მმ-იანი ჭურვი, შემდგომში დაავიწყდათ მისი ამოღება, სწავლების პროცესში, და როდესაც მოხდა ცრუ გათამაშება, ცარიელი ეგონათ და მაშინ იფეთქა თურმე... კარგა ხანი გონზე ვერ მოვიდნენ და აქეთ-იქით ატარეს სასწრაფოებმა დაჭრილები - ჯერ რუსთავში, მერე გორში... გორში იმიტომ, რომ დახურული ზონაა და სამოქალაქო პირები არ შესულიყვნენ...” - წერს ”ალია”.

”ყველა სიახლემ” ”კრწანისის” სამხედრო-სასწავლო ცენტრში მომხდარზე კომენტარი სამხედრო საკითხებში ექსპერტს გიორგი თავდგირიძეს სთხოვა. ”უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად არაპროფესიონალური იყო თავდაცვის უწყების მიერ ტრაგედიის თაობაზე გავრცელებული პირველი ინფორმაცია - თითქოს სასწავლო წვრთნისას დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა. გამოთქმა ”ტექნიკური შეცდომა” არ არსებობს სამხედრო ტერმინოლოგიაში და არც არავინ იცის, რას ნიშნავს. ტრაგედია შესაძლოა მომხდარიყო ან საბრძოლო ტექნიკის გაუმართაობით, ანაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად, რაც საბოლოოდ ითქვა კიდეც”, - ამბობს გიორგი თავდგირიძე ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”რეზონანსის” პირველი გვერდი: ”ვის პრეზიდენტობას ”ერგება” ახალი კონსტიტუცია”. სტატია ეძღვნება კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის განსაზღვრულ პირობებს არბილებს. ტექსტი კი ასე იწყება: ”უნდა თუ არა ლევან ვასაძეს საქართველოს მოქალაქეობა, გაურკვევლად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი მის თხოვნას არ აკმაყოფილებს და მოქალაქეობას არ აძლევს, აღმოჩნდა, რომ მას ასეთი განცხადებით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.” იქვე,”რეზონანსში”, წაიკითხავთ: ”აღსანიშნავია, რომ ლევან ვასაძე ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა იმის გამო, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას უკავშირებდნენ. დღემდე არ დასტურდება, რომ იგი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.”

”ახალი თაობა” ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან ინტერვიუს აქვეყნებს. პაპავა ამბობს: ”ბიუჯეტს შეიძლება შეექმნას პრობლემები საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის კუთხით, იმიტომ რომ 2010 წლის მეორე ნახევარი გამორჩეული იყო განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესზე სახელისუფლებო ტერორით, რომლის შედეგადაც არაერთი ობიექტი დაიხურა.”

”24 საათი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე წერს სტატიაში, სათაურით - ”უალტერნატივობა - ქართული ფეხბურთის სენი”. ” ‘მე ფეხბურთი არ ვიცი’ - წელიწად-ნახევრის წინ ასეთი კურიოზული განცხადებით დაიწყო და, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, წარმატებით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამადაც ერთადერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ. უალტერნატივობა - სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მოულოდნელობა”, - წაიკითხავთ ”24 საათის” სტატიაში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG