Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრაგედიით მოპოვებული პოპულარობა


ნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი
14 იანვარს, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს კურთხევით, მრევლი ვანკუვერში დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის საფლავთან შეიკრიბა. სასულიერო პირებმა ბაკურიანის კურთხევა ჯერ კიდევ მშენებარე მაცხოვრის შობის ეკლესიიდან დაიწყეს. ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილზე როგორც გმირზე, ისე საუბრობენ. კურორტზე აღნიშნავენ, რომ ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული მოციგავე სხვათა დაუდევრობისა და არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი გახდა.

12 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდება. საკრებულოს წევრი და ბაკურიანის ყოფილი გამგებელი ლევან შავკანი ამბობს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა მთავარი – ნოდარის სახელობის საციგაო ტრასის მშენებლობა ბაკურიანში - ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ბორჯომის საკრებულოში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის არსებული პროექტის გადაკეთება მიმდინარეობს, თუმცა რატომ, მათთვის უცნობია.

სპორტსმენის სამშობლოში გადმოსვენება, დაკრძალვის ხარჯები, საკრებულოს გადაწყვეტილებით ძველი რკინიგზის ქუჩისთვის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის მინიჭება – ბაკურიანელების თქმით, ეს შესრულებული დაპირებებია, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საციგაო ტრასა, რომელიც ბაკურიანში უნდა აშენდეს და რომელსაც ასევე ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი უნდა მიენიჭოს, ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს. ნოდარის ბიძაშვილი და მოციგავე ვლადიმერ ქუმარიტაშვილი იმ პერსპექტივაზე საუბრობს, რომელიც საციგაო ტრასის აშენებას შეიძლება მოჰყვეს.

ნოდარის გარდაცვალებამ ციგაობა უფრო პოპულარული გახადა, – მიაჩნიათ ბაკურიანში. ძველი სპორტსმენი გულიკო ხეთაგური ფიქრობს, რომ ნოდარის სახელის უკვდავსაყოფად საციგაო ტრასისთვის ადგილის სწორად შერჩევა ძალზედ მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდა სპორტსმენის მეგობარი და მოციგავე ლევან გურეშიძე იხსენებს, რომ მეშვიდე, ბოლო დაშვება ნოდარისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სპორტის ამ სახეობაში მომზადება მოზარდებმა 13 წლის ასაკში გადაწყვიტეს. 9 წლის თავდაუზოგავმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და ნოდარიც, ლევანთან ერთად, მსოფლიო მოციგავეთა იმ 40 კაციან სიაში მოხვდა, ვისაც ოლიმპიურმა კომიტეტმა ვანკუვერში საასპარეზოდ ლიცენზია მიანიჭა. თუმცა იმავე კომიტეტმა, ციგაობის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, ოფიციალურ დასკვნაში დაწერა, რომ ნოდარის გარდაცვალება არა ტრასის გაუმართაობამ, არამედ შეცდომათა მთელმა ჯაჭვმა განაპირობა.

ტრასის არასტანდარტულობისა და გაუმართაობის შესახებ ნოდარის ბიძა და მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილიც საუბრობს. ყოფილი მოციგავე განმარტავს, რომ ლიცენზირებული სპორტსმენი ამ სახეობაში გამოცდილ და პროფესიონალ სპორტსმენად ითვლება.

ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნამდე უისტლერის ტრასაზე საკვალიფიკაციო დაშვების დროს რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG