Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


შვეიცარიაში გამომავალმა „ნოიე ციურხერ ცაიტუნგმა“ საქართველოზე ვრცელი წერილი დაბეჭდა, რომლის ავტორმაც საქართველოს მთიანეთში იმოგზაურა - ძირითადად, ყაზბეგში - და ახლა შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველს. სილვია შტიობერს შეუტყვია, რომ ყაზბეგს საერთოდ სტეფანწმინდა ჰქვია, მაგრამ უფრო მე-19 საუკუნის მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის, სახელითაა ცნობილი. ყაზბეგი, წერს „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მწყემსად მუშაობდა და ხანდახან დასავლეთევროპელ მოგზაურებს აკვირვებდა უცხო ენების ცოდნითო. შტიობერი აღწერს ადგილობრივ მცხოვრებთა სახლებს, რომელთაგან ბევრი, მისი დაკვირვებით, მიტოვებული და ძველია. რაც ყაზბეგის ორღობეში იხილა გერმანელმა ჟურნალისტმა, ალბათ, საქართველოს რეალობაა: წითელ ქურთუკში გამოწყობილი გოგონა მუქლაქებიან ღორებს მიდენის და თან მობილური ტელეფონით ლაპარაკობს; ქარისგან დაცულ კუთხეში კი სამი კაცი მაღალპროცენტიანი არყის ბოთლს ატრიალებს. ჟურნალისტი აღწერს ერთ, როგორც ის გვამცნობს, მთამსვლელების ოჯახსაც. თვით ბებია ქსენიაც კი ნამყოფია 5033 მეტრის სიმაღლის მთაზეო, წერს შტიობერი, რომელიც იქვე სამების ეკლესიის სილუეტს ხედავს და „ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“ მკითხველს ეუბნება, ეს ის სურათია, რომელიც საქართველოს სიმბოლოდ იქცა, ისევე როგორც ყველა ტურისტული მოგზაურობის ნაწილია ამ ქვეყანაში სამხედრო გზის მონახულებაო. ქვემოთ, სტატიაში, ამავე ოჯახის ერთი წევრის აზრია მოყვანილი, რომ ყაზბეგის მომავალი ტურიზმშია, თუმცა იქვე ისიცაა ნათქვამი, გარემოს დაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, ვინც ამ არეალის განვითარების სამუშაოებშია ჩართული, ადგილობრივები თავშეკავებით შეხვდნენო. ცალკე თავს უძღვნის სტატიის ავტორი ტრადიციულ მართლმსაჯულებას. აქ ის წერს, რაც უფრო მოშორებულია რეგიონი ცენტრს, მით უფრო მეტია მის მოსახლეობაში სიამაყე საუკუნეების წინ მოპოვებული თავისუფლებით და საკუთარი მიწა-წყლითო. იქვე სისხლის აღების ძველ, უკვე გადაგდებულ, წესზეა ლაპარაკი და იმაზეც, რომ კანონიერი ქურდების მიერ დადგენილმა წესებმა დააწყებინეს მთიანი რეგიონების მცხოვრებთ ორიენტაციის შეცვლა ამ სფეროში.

სტატიაში განხილულია საქართველოს მთიანეთის ცხოვრება გეოპოლიტიკურ ფონზეც, რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში და, ბოლოს, იმაზეა ლაპარაკი, რომ ამ რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით, ხალხს ინვესტიციების იმედი აქვს.
წმინდა ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილშია დანახული პრობლემა გერმანულენოვან „შპიგელში“ დაბეჭდილ წერილში, რომელიც უკვე რა ხანია გამოქვეყნდა და ახალ წელს უკავშირდება. წერილის სათაურია „სიკვდილი ნაძვის ხის ქვეშ“, ხოლო ქვესათაური - „ბინძური საშობაო ბიზნესი“. სტატია ეხება გერმანიაში პოპულარულ საშობაო ნაძვის ხეს, რომლის წარმოება-მოყვანის მთავარი წყარო საქართველოა. ეს ჯიში, რომელსაც ევროპაში უფრო ნორდმანის ნაძვის ხედ იცნობენ, საქართველოში, უმთავრესად, რაჭაშია გავრცელებული და სტატიის ავტორიც სწორედ რაჭას, კერძოდ, სოფელ თლუღს ეწვია. ის თავიდანვე წერს: იმისათვის რომ მდიდარი დასავლეთ ევროპა მოამარაგონ, ხის თესლის მომპოვებლები თავს საფრთხეში იგდებენო. შემდეგ აღწერს რაჭის ამ სოფლის ყოფას და შენიშნავს, უკიდურესად ღარიბ დასახლებაში ერადერთი მაღაზიააო. ამ სოფლის შემოგარენში მოიპოვება, წაიკითხავთ „შპიგელის“ სტატიაში, თესლი, რომელსაც გერმანიის და დანიის სანერგეები იყენებენ ნორდმანის ნაძვის მოსაშენებლად და რომლის მოპოვების ადგილი, ამბროლაური, ისეთივე მნიშვნელობის სამარკო ნიშანია, როგორიცაა წითელი ღვინისთვის „ბორდო“. წერილში ნათქვამია, რომ ის პირები, რომლებიც ნაძვის ხის გირჩებს აგროვებენ ევროპაში გასაგზავნად, დიდ რისკს სწევენ. ზოგიერთი ხის სიმაღლე, რომელზე ასვლაც უწევთ გირჩების შემგროვებლებს, 60 მეტრს აღწევს. ასე რომ, ეს მძიმე შრომააო, წაიკითხავთ სტატიაში, სადაც ერთი შემთხვევაცაა მოყვანილი, როცა გირჩების მოკრეფის დროს ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა სოფლის მკვიდრი, ოჯახის მამა. იმისათვის, რომ ხეზე აცოცება და გირჩების კრეფა ნაკლებად სახიფათო იყოს, არსებობს აღჭურვილობა, მაგრამ ამისთვის ფული არავის ემეტება. თესლის სიმწიფის საუკეთესო პერიოდი ორ კვირას გრძელდება, წლის დარჩენილ დროს კი ისინი შემოსავლის გარეშე არიანო. სტატიის ავტორი მიიყვანეს იმ არეალში, სადაც სეზონის დროს დაკრეფილი გირჩების პირველი ხელისთვის ჩაბარება უხდებათ. ორ კილოგრამ გირჩაში მათ ერთ ლარს უხდიან. ფირმებს შორის, რომლებიც ევროპაში ამ სფეროში საქმიანობენ, დიდია კონკურენცია, ერთმანეთთან ბრძოლა. რაჭის მცხოვრებმა გირჩის მკრეფავებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ევროპაში საშობაო ნაძვის ხით ვაჭრობის სფეროში ორი მილიარდი ევროს ოდენობის ფული ბრუნავს. მხოლოდ გერმანიაში, მოჰყავს რიცხვები „შპიგელს“, შარშან 29 მილიონი საშობაო ხე გაიყიდა 700 მილიონ ევროდ. ნაკლებად ცნობილია ისიც, რომ ევროპაში გაყიდული საშობაო ხეების უმეტესობა საქართველოში შეგროვებული თესლიდან აღმოცენდა.

ორმეტრნახევრიანი ნორდმანის ერთი ნაძვი კი ბერლინში, მაგალითად, 60 ევრომდე ღირს. სტატიის ავტორმა გამოთვალა და მივიდა დასკვნამდე, რომ გირჩა, რომელსაც რაჭაში აგროვებენ და შემდეგ აბარებენ, ევროპაში 50-ჯერ უფრო ძვირად ფასობს. ბუნებრივია, შემგროვებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის არაერთი ხელი თბება ამ საქმეზე. მათ შორის არის ორგანიზაცია „ფეარ ტრის“ - „პატიოსანი ხის“ -დამაარსებელი დანიელი ცოლ-ქმარი, რომელმაც რაჭაში გირჩების შემგროვებელთათვის აღჭურვილობა შეიძინა და დაურიგა მათ. მათვე სიცოცხლის დაზღვევა გაუფორმეს გირჩების 30 შემგროვებელს.

ბოლოს, ინფორმაცია საქართველოს ახალი ტელეარხის შესახებ, რომელსაც ბრიტანეთის „დეილი ტელეგრაფი“ ავრცელებს. სტატიაში ლაპარაკია რუსულენოვან არხზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა დააფინანსებს და რომელიც თანამგზავრის საშუალებით დაიწყებს მაუწყებლობას 25 იანვარს. არხს, რომლის სახელწოდებაა „პიკი“, უხელმძღვანელებს ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი, რომელიც საქართველოს იცნობს და ქართულადაც ლაპარაკობს. პარსონსმა უთხრა „დეილი ტელეგრაფს“, რომ უამრავი მოვლენაა ისეთი, რომელსაც რუსეთის მედია არ ეხება და არხი მათ გაშუქებას ფიქრობს. პარსონსივე ვარაუდობს, რომ კრემლი მათ პროექტს საქართველოს პროპაგანდად მიიჩნევს, მაგრამ, ამბობს მოსკოვში „ბი-ბი-სის“ ყოფილი კორესპონდენტი, მისი არხი არ აპირებს პროპაგანდის წინააღმდეგ პროპაგანდითვე ბრძოლას და კრიტიკოსებს სთხოვს, არხის მუშაობა მისი ხარისხის მიხედვით შეაფასონ. თუკი ჩვენ კიდევ ერთ პროპაგანდისტულ არხად ვიქეცით, მაშინ წარუმატებლობისთვის ვართ განწირული, ამბობს რობერტ პარსონსი, საქართველოს ახალი რუსულენოვანი ტელეარხის ხელმძღვანელი, რომელსაც „დეილი ტელეგრაფი“ ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG