Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია გრძელდება


ქუთაისის ბაგა-ბაღებში სწავლა 1 თებერვლიდან განახლდება. ბაღებში ერთთვიან არდადეგებს ქალაქის ხელისუფლება ახალი სისტემის ფორმირებით ხსნის. უკვე ჩამოყალიბდა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 4 მილიონ 856 ათას ლარს 35 ბაღზე კვებისთვის, გათბობისა და სხვადასხვა ხარჯისთვის გადაანაწილებს.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებათა დირექტორის, მაია პაქსაძის, განმარტებით, ქალაქის ბაღების მართვა მიმდინარე წლიდან ცენტრალიზებულად ხორციელდება, რაც ყველა ბაღის ერთნაირი საკვებითა და გათბობით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ბაღის დირექტორების უფლებამოსილების შეზღუდვასა და ახალი გაერთიანების ჩამოყალიბების აუცილებლობას ხელისუფლება გასული წლის ნოემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ქალაქის 9 საბავშვო ბაღში ჩატარებული ოპერაციით ხსნის, რომლის დროსაც ბაგა-ბაღის 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი დაახლოებით 2 მილიონი ლარის მითვისება.
ქალაქის 12-მა მართვის ტერიტორიულმა ორგანომ უკვე წარადგინა მათს ტერიტორიაზე განთავსებული ბაგა-ბაღების ფილიალთა დირექტორები. ქუთაისში მოქმედ 35-სავე ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც მაია პაქსაძე აღნიშნავს, ინციდენტის შემდეგ ყველა დირექტორმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. თავის მხრივ, ყოფილი დირექტორები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში განმარტავენ, რომ მართვის ტერიტორიულმა ორგანოებმა ფილიალების ხელმძღვანელებად, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის კადრი დაასახელა. ბრალდებებს ადგილობრივ ხელისუფლებაში არ იზიარებენ და რეორგანიზაციის გაგრძელებაზე ლაპარაკობენ.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა იმ მშობლებს, რომლებსაც შვილი ბაღში დაჰყავთ. ჩვენი რესპონდენტების თქმით, მუნიციპალური ბაგა-ბაღების არსებობა ოჯახებისთვის შეღავათია, რადგან, კერძო ბაღებთან შედარებით,იქ გადასახადი გაცილებით ნაკლებია. მათი თქმით, ბაღებში კვების გაუმჯობესებაზე ხელისუფლებას აქამდეც უნდა ეზრუნა.

მაია პაქსაძის ინფორმაციით, 1 თებერვლიდან მშობლები კვებაში ყოველთვიურად, წინა წელთან შედარებით, 4 ლარით მეტს - 12 ლარს - გადაიხდიან. თითოეული ბავშვის კვებისთვის 24 ლარია განსაზღვრული და დანარჩენს ბიუჯეტი უზრუნველყოფს. მისივე თქმით, აღნიშნულ თანხაში ბავშვების ორჯერადი კვებაა გათვალისწინებული - სადილი და სამხარი. ამასთან, ბაგა-ბაღები ბავშვებს 10-დან 6 საათამდე მოემსახურებიან და მშობლებს ცალკე გახანგრძლივებული ჯგუფისთვის გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ. ქალაქის ბიუჯეტი 100%-ით დააფინანსებს ობოლ, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედების შვილებს, შეღავათები ექნებათ ასევე დევნილი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბავშვებს.
XS
SM
MD
LG