Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 27 იანვარი 2011


”პირველი საინფორმაციო კავკასიურის” – ”პიკის” - პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით დღევანდელ პრესაშიც იხილება. ”ალიას” ავტორი წერს: ”ხმები იმის შესახებ, რომ ჩვენს გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებს, ინტერვიუებსა და, ზოგადად, მასალებს მიშა ერთი ყურიდან მეორეში ატარებს, მთლად ზუსტი არ აღმოჩნდა. ასე მაგალითად, სააკაშვილმა ორი საგაზეთო მასალა ახსენა სამსაათიანი საუბრის დროს და აქედან ერთი დარეჯან მეფარიშვილისა გახლდათ, ხოლო მეორე - ჩემი.”

”ახალი თაობა”, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე: ”ის საუბრობდა, რომ წლების წინ ძლიერი იყო ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში იყო. დღეს სუსტია ოპოზიცია, რომელიც ქუჩაში აღარ არის. სინამდვილეში, სააკაშვილს აწყობს ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ქუჩის მეთოდებით მოქმედებს, რომელიც მორიგი ორთქლის გამოშვებად იქცევა ხოლმე, რაც შემდეგ საზოგადოებაში ობიექტურ ნიჰილიზმს იწვევს. ეს მას თითქოს აშინებს, რეალურად აწყობს. ის, რაც ვითომ მოსწონს, სინამდვილეში არის მისთვის პრობლემა.”

”24 საათი” ოპოზიციის წარმომადგენლებს ორ შეკითხვას უსვამს იმაზე, ეთანხმებიან თუ არა სააკაშვილის შეფასებას, რომ ოპოზიცია სუსტია და რამ გამოიწვია, მათი აზრით, ოპოზიციის დასუსტება და, მეორე, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ძალების აღსადგენად. მანანა ნაჭყებია: ”ოპოზიცია სუსტია იმ ქვეყანაში, სადაც არ არის დემოკრატია”; დავით უსუფაშვილი: ”განა შეიძლება, რომ რინგზე ერთ მხარეს იდგეს მოკრივე, მოკრივის ხელთათმანით, და მეორე მხარეს - ვითომ მოკრივე, ”კალაშნიკოვის” ავტომატით, და ამბობდეს, მე უფრო ძლიერი ვარო?!”; ბაჩუკი ქარდავა: ”თუ ის იმ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა, რომლებიც გარედან იმართებიან, ეს ძალები ნამდვილად დასუსტდნენ და ამას მივესალმებით”; ირაკლი ჩიქოვანი: ”რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური პარტიის სიძლიერეს, ამას ხელისუფლება უახლოეს არჩევნებზე იხილავს”; გიორგი გუგავა: ”...ეს კომედიანტი, როდესაც იგი უნიჭოდ დადგმულ კომედიშოუში თამაშობს, ნამდვილად არ ღირს სერიოზული კომენტარის გასაკეთებლად”; ზვიად ძიძიგური: ”ვეთანხმები აზრს, რომ ხელისუფლება გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს დღევანდელი ოპოზიციის პირობებში, ვიდრე 2 და 3 წლის წინ გრძნობდა.”

”რეზონანსი”, თურქულ მედიაზე დაყრდნობით, წერს, რომ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვა მოხდა, რის გამოც სომხეთის მოსაზღვრე თურქეთის 6 პროვინციაში რადიაციის დონეს ზომავენ.

”საქართველოს რესპუბლიკა” ეკონომიკის საკითხებზე გამოცემული ერთი ახალი ნაშრომის შესახებ წერს. ”საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა” - ასე ეწოდება ნაშრომს, რომლის პრეზენტაციაც ორიოდე დღის წინ შედგა. გაზეთში ნათქვამია: წიგნის ავტორების დასკვნით, ”საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა ეროვნული სახსრებით უნდა განხორციელდეს. სხვა შემთხვევაში მას იგივე ბედი ეწევა, რაც თავის დროზე ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამას”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG