Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაკმა მთავრობა დაითხოვა


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მთავრობის წევრები უკვე ოფიციალურად დათხოვნილად ითვლებიან იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კაბინეტის წევრები მას შემდეგ გადადგნენ, რაც პარასკევს, გვიან საღამოს, პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა მთავრობის დათხოვნის პირობა დადო სატელევიზიო გამოსვლაში - თუმცა დასძინა, რომ თავად ხელისუფლებაში რჩება. საპროტესტო გამოსვლები ქუჩებში დღესაც გრძელდება. ცნობილი ეგვიპტელი დისიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ ელ ბარადეი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მუბარაკი „უნდა წავიდეს“. ეგვიპტის ჯარმა დღეს საზოგადოებას მოუწოდა, დაემორჩილონ დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას და არ შეიკრიბონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მაგრამ აქციები მაინც გრძელდება კაიროს ცენტრში, ალექსანდრიაში და სხვა დიდ ქალაქებში. ოფიციალური ცნობით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეტაკებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია დაახლოებით 2,000.

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან ჰოსნი მუბარაკის მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. პარასკევს საღამოს, ვაშინგტონიდან გავრცელებულ განცხადებაში ობამა ამბობს, რომ აშშ კვლავინდებურად მხარს უჭერს ეგვიპტელი ხალხის უფლებებს - მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს. ობამას თქმით, ის მუბარაკს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა „კონკრეტული ნაბიჯები“ გადადგას დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად. ეგვიპტის მთავრობისთვის აშშ მნიშვნელოვან მოკავშირეს წარმოადგენს. ვაშინგტონი კაიროს ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს ეკონომიკური და სამხედრო დახმარების სახით.
XS
SM
MD
LG