Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონის ახალი სექსსკანდალის გამო გასამართლება ემუქრება


”ბერლუსკონის ჰარემი” - იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული გოგონების სურათები
”ბერლუსკონის ჰარემი” - იტალიურ პრესაში გამოქვეყნებული გოგონების სურათები
რამდენიმე იტალიელი პროკურორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის გასამართლების მოწოდებით გამოდის, არასრულწლოვან მეძავთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და შემდეგ ამ ფაქტის მიჩქმალვის ბრალდებით. ბერლუსკონი, რომლისთვისაც ახალგაზრდა ქალთან დაკავშირებული სექსსკანდალი პირველი არ არის, ბრალდებას უარყოფს და გამოძიებას „გულისამრევს“ უწოდებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მართლმსაჯულების კუთხით სერიოზული პრობლემები ემუქრება არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის ბრალდების გამო.
იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი

მილანში პროკურორებმა ბერლუსკონის დაუყოვნებლივ გასამართლება ოთხშაბათს ოფიციალურად მოითხოვეს. პრემიერ-მინისტრს ბრალად ედება მაროკულ ღამის კლუბში მოცეკვავედ მომუშავე, მაშინ 17 წლის ახალგაზრდა ქალის, სახელად რუბისთვის სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდა. ამის შემდეგ კი, პროკურორების მტკიცებით, ბერლუსკონიმ საკუთარი ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლა, პოლიციაზე ზეწოლას მიმართა და დაკავებული რუბი გამოაშვებინა.

ახლა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ამ საქმეს განსახილველად.

პროკურორები სასამართლო პროცესის სწრაფად გამართვას მოითხოვენ - აცხადებენ, რომ მათ საკმარისი მტკიცებულება მოეპოვებათ საიმისოდ, რომ საქმის წინასწარი განხილვა გამოტოვებულ იქნეს.

პროკურორების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 74 წლის პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი შესაძლოა უახლოეს თვეებში გაიმართოს.

ორივე დანაშაული თავისუფლების შესაძლო აღკვეთას ითვალისწინებს.
ის კანონის უგულებელყოფას კვლავაც გააგრძელებს, კედელივით აღმართავს წინააღმდეგობას. გამოდის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არაა...

თავად ბერლუსკონი ბრალდებას უარყოფს და გამოძიებას „გულისამრევს“ უწოდებს, მისი მთავრობის დისკრედიტაციისკენ მიმართულს.

ოთხშაბათს, 9 თებერვალს, რომში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერლუსკონი შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ამგვარი სასამართლო პროცესები ყალბია, ბრალდებები კი - აბსოლუტურად უსაფუძვლო. ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ უარყოფით მედიაკამპანიას ემსახურება“.

მაგრამ რომში მცხოვრები პოლიტოლოგის ჯეიმს ვალსტონის თქმით, ბერლუსკონის იოლი პერსპექტივა არ ელოდება: „იტალიელებს აქვთ გამოთქმა - ყველაზე უარესი არასოდეს კვდებაო. და მართლაც, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაც ბერლუსკონის ირგვლივ სექსსკანდალი მწიფდება და მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, ყოველთვის ჩნდება განცდა, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი მოხდება. თუმცა ეს შესაძლებელი ყოფილა და, მგონი, სწორედაც რომ უარესი და უარესი ამბები ხდება“.

სქესობრივ კავშირს ბერლუსკონიც უარყოფს და რუბიც, რომელიც ახლა უკვე 18 წლისაა.

ახალგაზრდა ქალი, რომლის ნამდვილი სახელი კარიმა ელ მაჰრუგია, ადასტურებს, რომ ბერლუსკონის ვილაში გამართული წვეულების შემდეგ მას ფული გადაუხადეს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა სექსის საფასური.

ბერლუსკონი, როგორც აღვნიშნეთ, არასრულწლოვანთან სექსის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას უწოდებს, რომლის მიზანიც მისი პოსტიდან გადაყენებაა.
მას მოსწონს ის, რასაც აკეთებს. მაგრამ ეს ცოტა უფრო გონივრულად უნდა აკეთოს - ისე, როგორც ამას ბევრი სხვა ახერხებს...

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ძალაუფლების გადამეტებას, ბერლუსკონი ადასტურებს, რომ პოლიციაში მართლაც დარეკა მაჰრუგის გათავისუფლების მოთხოვნით. ახალგაზრდა ქალი ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული. თუმცა ბერლუსკონი ამბობს, ეს ქალი მაშინ ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ძმისშვილი მეგონა და დიპლომატიურ უხერხულობას მოვერიდეო.

ბერლუსკონი უარს აცხადებს დაკითხვაზე გამოცხადდეს და ამბობს, რომ მილანელ პროკურორებს ამ საქმის წარმოების უფლება არა აქვთ.

იტალიის ოპოზიციის წარმომადგენლები ბერლუსკონის ქმედებებს კანონის უპატივცემულობად აღიქვამენ. „ჩვენთვის აშკარაა, რომ ის კანონის უგულებელყოფას კვლავაც გააგრძელებს, კედელივით აღმართავს წინააღმდეგობას. გამოდის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არაა“, - ამბობს პარლამენტარი სტეფანო პედიჩა.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ეს საქმე ბერლუსკონის პოპულარობაზე უარყოფითად აისახა, თუმცა მას ამომრჩევლის მყარი ბაზა მაინც შენარჩუნებული აქვს.

კათოლიკური ეკლესიის მხრიდან მკაცრი გაკიცხვის მიუხედავად, იტალიის ბევრი მოქალაქე ბერლუსკონის საქციელში რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ვერ ხედავს. მათ შორისაა ბიზნესმენი ჯანფრანკო ზული: „მას მოსწონს ის, რასაც აკეთებს. მაგრამ ეს ცოტა უფრო გონივრულად უნდა აკეთოს - ისე, როგორც ამას ბევრი სხვა ახერხებს“.
ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ხალხს ჯერ კიდევ არ ესმის მაინც როგორ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, მან თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოსო...

ბერლუსკონის გასამართლებას და, ბოლოს, გადაყენებას ყველაზე ხმამაღლა ახალგაზრდა იტალიელები მოითხოვენ. „ძალიანაც სამართლიანია, რომ ასე ხდება. ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ხალხს ჯერ კიდევ არ ესმის მაინც როგორ პიროვნებასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს რომში მცხოვრები თინეიჯერი, ფრანჩესკა ლანდიჩი, და დასძენს, „ვფიქრობ, ძალიან სწორია - მან თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოსო“.

სასამართლო პროცესის დაუყოვნებლივ გამართვის შესახებ პროკურორების მოთხოვნა მედიამაგნატ პრემიერ-მინისტრზე ზეწოლას მნიშვნელოვნად ზრდის. არადა, ბერლუსკონის ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა - მათ შორის, სხვა სექსსკანდალები და მის პარტიაში მომხდარი განხეთქილება.

აქვე კიდევ ერთი ცნობა: იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ თვეში შესწორება შეიტანა ბერლუსკონის მთავრობის მიერ დამტკიცებულ კანონში, რომელიც მას სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს უწესებდა. სასამართლოს განჩინებით, გადაწყვეტილება, გასამართლდეს თუ არა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ცალკეული მოსამართლის გამოსატანია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG