Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა, 12 თებერვალი 2011


უცხოეთის პრესა გასული კვირის მანძილზე ბევრს არ წერდა საქართველოს შესახებ.

მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და მასთან საუბრის შესახებ გვიამბობს გაზეთ „,ტაგესშპიგელის“ კორესპონდენტი. მას მერე, რაც აღწერს სააკაშვილის მოუსვენარ ბუნებას, ის წერს, პალტოში გამოწყობილი თანამშრომელი ელოდებოდა, თითქოს ეჩქარებოდათ, არადა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, უკვე ჩავლილი იყოო. გერმანელი ჟურნალისტი გვამცნობს, სააკაშვილს იმედი ჰქონდა,რომ გერმანიის კანცლერის მეშვეობით ევროპის კავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება დაჩქარდებოდა და რუსეთთან „დიალოგის კარი გაიღებოდაო“... რუსები, ჩვეულებრივ, გამირბიანო, უთქვამს სააკაშვილს, რომელსაც გერმანიის რუსეთთან კარგი ურთიერთობის გამოყენება სურს იმისთვის, რომ გადასცეს რუსებს: თავი ანებონ კონფრონტაციას, საზღვრისპირეთში შეიარაღება შეწყვიტონ და დიალოგს გზა გაუხსნან. საქართველოს, მისი პრეზიდენტის თქმით, იუწყება „ტაგესშპიგელი“, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება სურს მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი დაპყრობილია. არ არის აუცილებელი თავიდანვე კონტაქტები უმაღლეს დონეზეო, თავის შეხედულებას უზიარებს გაზეთს სააკაშვილი, დონეს არა აქვს მნიშვნელობაო. გაზეთი გვამცნობს მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას, რატომაა ეს დასავლეთის ინტერესებშიც: იმიტომ, რომ საქართველო რეგიონის წამყვანი ქვეყანაა რეფორმების დარგში; დემოკრატიულია; ვიძლევით ავღანეთთან მისასვლელ გზას და ენერგიის მოწოდების საქმეშიც მნიშვნელოვანი ვართო. სააკაშვილს, მერკელისგან განსხვავებით, არ სურს ეგვიპტესა და რევოლუციებზე საუბარი. მას უთქვამს, ჩემი საქმე არაა მუბარაქს რჩევები მივცე, მომავალი თვეები კი არა, ათწლეულებია მნიშვნელოვანიო. არა დროშების ფრიალი, გარდაქმნებისთვის აუცილებელია რეფორმების რუტინად გადაქცევა, როგორც საქართველო აკეთებს უკვე შვიდი წელიწადია, უთქვამს სააკაშვილს. გერმანელი ჟურნალისტი განაგრძობს: ის, რომ თვითონ 2007 წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ მძაფრად იმოქმედა, ნორმალურად მიაჩნია სააკაშვილს და ამ მძაფრ რეაქციას არ ნანობს. შემდეგ არჩევნებში 96 პროცენტი მომემხროო, განმარტავს ის. სააკაშვილს 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეუძლია. ამასობაში საქართველოს კონსტიტუცია იმდენად შეიცვალა, რომ პრემიერს მეტი ძალაუფლება ექნება. თავისი მომავლისთვის ზრუნავს სააკაშვილი, როგორც მისი რუსი „ძმა“ პუტინი? ეკითხება ჟურნალისტი: სააკაშვილი არ უარყოფს, რომ პრემიერობას მოისურვებს, მაგრამ ლაპარაკით არ ლაპარაკობს პირად მომავალზე.

„მოსკოუ ტაიმსი“ თბილისში მომუშავე დასავლელი ჟურნალისტის, პოლ რიმპლის წერილს ბეჭდავს. სტატია შეეხება საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მცდელობებს მოიპოვონ მოკავშირეები მსოფლიოში. ის იხსენებს დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, წარმოთქმულს 2008 წლის ომის შემდეგ: გვინდა ლათინური ამერიკის ქვეყნები დავარწმუნოთ, აფხაზეთი აღიარონო. სომალიზე უთქვამს მაშინ ღვინჯიას, სომალი არ გვინდა, სომალილენდი გვირჩევნია, ის უფრო სტაბილურიაო. ამ სომალის გარშემო წერს შემდეგ რიმპლი, საქართველოს მთავრობამ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, რაც კიდევ ერთ ხმას ნიშნავს გაეროში, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებსო. რიმპლი ახასიათებს სომალის, ყველა მის უარყოფით მხარეს, და მოსკოვის ერთ მაშინდელ ნაბიჯს იხსენებს: რუსეთმა 50 მილიონი გადაუხადა გაღარიბებულ ნაურუს, რათა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინაო. იქვე ჟურნალისტი ამბობს, საქართველოს მთავრობას დრო დასჭირდა, მაგრამ, ბოლოს, მანაც დაიწყო აქტიურობაო. ახსენებს ირანსაც, რომელთან ურთიერთობის მცდელობა სოხუმსაც ჰქონდა, თბილისმა კი მასთან კავშირები გააუმჯობესა სავიზო რეჟიმის გაუქმებითო. პოლ რიმპლი სტატისტიკას იმოწმებს იმის საჩვენებლად, რომ საქართველომ არაერთ ქვეყანასთან დაამყარა დიპლომატიური კავშირი.

უცხოეთის გაზეთების მთავარი თემა გასულ კვირაში ეგვიპტე იყო. პარასკევ საღამოს გამოცხადდა, რომ პრეზიდენტი მუბარაქი გადადგა. პარასკევსვე გაზეთები ბევრს წერდნენ იმ იმედგაცრუებაზე, რომელიც მუბარაქის გამოსვლას მოჰყვა ხუთშაბათს, როცა მან მხოლოდ ხელისუფლების ნაწილი გადასცა ვიცე-პრეზიდენტ სულეიმანს, რეჟიმის ერთგულ მსახურს, უშიშროების არცთუ კარგი რეპუტაციის სამსახურის ხელმძღვანელს. გაზეთი „ტაიმსი“ წერდა თავის ვერსიაზე, თუ რატომ იყო უუნარო მუბარაქი დაეთმო სავარძელი. მისი ვარაუდით, მუბარაქს, ალბათ, ზურგს უმაგრებდა საუდის არაბეთის მეფე აბდულა, რომელიც თამამად ცდილობდა აშშ-ის გავლენისთვის თავი დაეღწია და გამოაცხადა, მე გამოვყოფ თანხებს, თუკი ობამას მთავრობა დახმარებას შეამცირებსო.

როგორც ცნობილია, ეგვიპტის პრეზიდენტმა ხელისუფლება სამხედროებს ჩააბარა. თურქეთის გაზეთი „ზამანი“ წერდა: ეგვიპტის არმია პოლიტიკაში განსაკუთრებითაა ჩარეული და, ამავე დროს, იზოლირებულია სამოქალაქო საზოგადოებისგან. არმიას საკუთარი საცხოვრებელი რაიონები აქვს, აწარმოებს საკუთარ სურსათს, ოფიცრები კარგად ცხოვრობენ. ამასთან, სამხედროებმა ბოლო 30 წლის მანძილზე პოლიტიკაში ჩარევით ხალხში ავტორიტეტი მოიპოვეს. როცა 2008 წლის მარტში იაფი პურის გაყიდვა შეწყდა და ქვეყანაში არეულობა დაიწყო, არმიამ ხალხს საკუთარი საცხობიდან დაურიგა პური და ვითარება დააწყნარა. ახლა კი არმიამ უარი თქვა ტაჰრირის მოედანზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასულიყო. ის დემონსტრანტების მიმართ მეტ მოთმინებას იჩენს, ვიდრე მთავრობაო, წერდა თურქული გაზეთი. არმიისათვის დროებით ხელისუფლების ჩაბარებაზე ბევრი იწერებოდა შაბათსაც. შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ წერდა: ყველაზე ნაკლებად ცნობილი ახლა ისაა, როგორ მოიხმარენ სამხედროები ძალაუფლებასო. მთავარსარდალი, ფელდმარშალი ტანტავი ბოლო 20 წელიწადია თავდაცვის მინისტრია. მან განსაზღვრა რეჟიმსა და საპროტესტო მოძრაობას შორის ფრთხილი კურსი, როცა არმიამ არ ესროლა დემონსტრანტებს და, ამავე დროს, ლეგიტიმურობა შეუნარჩუნა მუბარაქს. ტანტავი ერთადერთი იყო რეჟიმიდან, ვინც ტაჰრირის მოედანზე მივიდა და ხალხს დაელაპარაკა. მან იმაზე უნდა იფიქროს, რომ ერთობა ხალხსა და არმიას შორის არ დაიშალოსო, წერს“ ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“. უნგრეთში გამომავალი „ბეპსაბადსაგი“ კი სამხედროთა მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი: ეგვიპტის არმია საშიში, ეკონომიკის ყველა სფეროში გაბატონებული ძალაა. ის მონაწილეობს მეტალურგიულ, ასევე სურსათის მრეწველობაში, გარეულია საავტომობილო ინდუსტრიაში. უნგრული გაზეთის თანახმად, ისინი ეშმაკსაც კი შეეკვრებიან, რათა ნასერის მიერ შემოღებული, შემდეგ სადათისა და მუბარაქის მიერ განვითარებული პრივილეგიები შეინარჩუნონო.

საფრანგეთის „მონდი“ წერს: სიმართლე ისაა, რომ მოვლენები ეგვიპტეში აშშ-ის გარეშე განვითარდა. ვაშინგტონი დაბნეულია და ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლია. ცივი ომი დასრულდა დიდი ხანია. ვაშინგტონი და მოსკოვი აღარ განსაზღვრავენ თავიანთ გავლენის სფეროებში მოვლენებსო. ბრიტანულ გაზეთ „ტაიმსის“ აზრით, რაც ეგვიპტეში მოხდა, არა მხოლოდ 80 მილიონიანი ხალხის ბედს შეცვლის, არამედ შეცვლის მთლიანად არაბული სამყაროს პოლიტიკას. გაზეთი წერს, ყველა არაბული ქვეყანა მალევე ამ გზაზე არ დადგება, მაგრამ, ალბათ, მიხვდებიან, რომ მხოლოდ კარგ მთავრობას შეუძლია კმაყოფილება და სტაბილურობა მოიტანოსო. ეგვიპტე გაფრთხილებაცაა და ინსპირაციაც, აფასებს იქაურ მოვლენებს „ტაიმსი“.

ისრაელის „ჯერუსალემ პოსტი“ ეგვიპტის მომავალს სკეპტიკურად უყურებს: დემოკრატიული ტრადიციების უქონლობის გამო, ამ ქვეყნის საქმე კარგად ვერ წავა. ეგვიპტე, ალბათ, კიდევ ერთი მაგალითი გახდება იმისა, რომ კორუმპირებული და რეპრესიული რეჟიმი ადვილი ჩამოსაგდებია, მაგრამ უზომოდ ძნელია შემდეგ ქმედობაუნარიანი დემოკრატიული სახელმწიფო ააშენო, აანალიზებს შექმნილ ვითარებას იერუსალიმში გამომავალი გაზეთი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG