Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 14 თებერვალი 2011


11 თებერვლის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და დებატები დღეს პრესაში აქტიურად იხილება. ერთ-ერთი საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2015 წლის რამდენჯერმე ხსენებაა.

”მთელი კვირა” სტატიას აქვეყნებს, სათაურით - ”რატომ 2015?”. ამ თარიღის შესახებ ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტი სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ეკითხება, რომელიც ამბობს: ”ძნელი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი დაპირებულ მომავალ მიღწევებს თავისი მონაწილეობის გარეშე ხედავდეს. ამდენად, 2015 წელზე აქცენტი შეიძლება შეიცავდეს სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის ფარულ მინიშნებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მეორე მხრივ, 2015 წელზე ფიქსაცია ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია - ხელისუფლებაში პირველ პირად მისი არყოფნის შემთხვევაში სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი წარუმატებლობა შემცვლელს გადააბრალოს”.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი პრეზიდენტის გამოსვლაზე შთაბეჭდილებების გაზიარებას ირაკლი სესიაშვილს სთხოვს. ის ამბობს, რომ ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2012-2013 წლები იქნება ”იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საგარეო ვალის დაფარვა მოგვიწევს. სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, ალბათ, პიკს მიაღწევს, იმიტომ რომ ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ წლების მანძილზე ინვესტორები, როგორც ასეთი, წითელ წიგნში შეიყვანა, ბიზნესმენები კი საძებარი გახდა, იმიტომ რომ საქართველოში ბიზნესი თუ არსებობს, არსებობს სახელისუფლებო ბიზნესი.” - იმავე ინტერვიუში სესიაშვილი განმარტავს: ”2012-2013 წლებისთვის პრეზიდენტს სურს წინასწარ პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ მძიმე ვითარების გამო, რომელიც ამ დროისთვის იქნება შექმნილი და უთხრას, ნუ ელით ჩემგან დაპირებებს, მე გითხარით, რომ სამშობლო გაბრწყინდება 2015 წელსო.”

”მთელი კვირა”, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე: ”კარგი იყო ის, რომ იგი თავის მართლების რეჟიმში იყო გადასული, მაგრამ ცუდი იყო ის, რომ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი არსებული სიტუაციის არაადეკვატურ რაღაცებს ამბობს.”

”მთელი კვირა წერს” იმის შესახებაც, რომ ”სამხრეთ კავკასიაში ტერაქტებია მოსალოდნელი და იმაზეც, რომ საქართველოში ახალგაზრდული მოძრაობა ”კმარა” კვლავ გააქტიურდება და, ”დაუდასტურებელი ინფორმაციით”, ამ მოძრაობის უკან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე არიან.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG