Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე მუბარაქის შემდეგ


ეგვიპტე
ეგვიპტე
13 თებერვალს სატელევიზიო მიმართვაში ეგვიპტის არმიის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ სექტემბრის არჩევნებამდე დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას. სწორედ არმიის ხელმძღვანელობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული ეგვიპტის მთავრობა, რომელიც გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნა პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა. პარლამენტის დათხოვნასა და კონსტიტუციის შეჩერებას კმაყოფილებით შეხვდნენ კაიროს თაჰრირის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებიც ძველ პარლამენტს მუბარაქის მიერ მოსყიდულს უწოდებენ.

აი რა უთხრა კაიროს მცხოვრებმა ჰასან ალაუდიმ „როიტერსის“ სააგენტოს:

„არმიის უზენაესი სარდლობის გადაწყვეტილება, - შეიმუშაოს კონსტიტუციის ახალი პროექტი და ბოლო მოუღოს სახალხო კრებასა და პარლამენტს, დაიწყოს ახალი ცხოვრება თავისუფლების მაღალი სტანდარტებით, - ეს არის ის, რასაც ქუჩაში გამოსული ხალხი მოითხოვდა“.

ეგვიპტის არმიის ნაწილები ცდილობენ, წესრიგი აღადგინონ ტაჰრირის მოედანზე. მიუხედავად დაპატიმრებით მუქარისა, დემონსტრანტთა ნაწილი მოითხოვს, რომ სამხედროებმა ძალუფლება სამოქალაქო ადმინისტრაციას გადასცენ. მათ ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული ქომაგთა საბჭო, რათა დაიცვან რევოლუციის მიზნები და შეინარჩუნონ ზეწოლა სამხედროებზე. ადგილი აქვს გამოსვლებს სოციალური მოთხოვნებით. ასობით მოსამსახურემ დემონსტრაცია გამართა კაიროს ცენტრში მდებარე ბანკ „ალექსანდრიის“ წინ და ბანკის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვდნენ:

„წლებია უკვე ვითხოვთ ამას. ვინც დაიჩივლებდა, მას სამსახურიდან ითხოვდნენ. არსებობს დიდი სხვაობა ძველი თანამშრომლებისა და ახლების ხელფასებს შორის - ახლები გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე ძველი თაობა, რომელიც ყველა სამუშაოს ასრულებს. ხელფასებს შორის სხვაობა ასტრონომიულია“.

ცალკე მოაწყვეს გამაფრთხილებელი აქცია ტრანსპორტის სექტორისა და ახალგაზრდობისა და სპორტის ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.

რაც შეეხება გადამდგარ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს, რომელიც შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, მისი გეგმები კვლავ უცნობია. თუმცა ფაქტია ის, რომ მისმა გადადგომამ დასაბამი მისცა ანტისამთავრობო გამოსვლებს ალჟირსა და იემენში, სადაც ათასობით სტუდენტი და მოსამართლე გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტ ალი აბდულ სალეჰის გადადგომის მოთხოვნით.

ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენების ზეგავლენით უფლებამოსილება მოიხსნა პალესტინის მთავრობამ. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრ სალამ ფაიადას მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG