Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 2 მარტი 2011


”12 მილიონ 667 ათასი ლარი - ბიზნესის წილი არჩევნებში ‘ნაციონალური მოძრაობისთვის’ ” – ”ვერსია” 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დახარჯული თანხის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. ავტორი ხაზგასმით შენიშნავს, რომ ყველა დანარჩენი პარტიის დაფინანსება მილიონ ლარს არ აღემატებოდა. ის ინტერესდება ”არის თუ არა ეს ფინანსური ანგარიში ქვეყანაში არსებული კორუფციის ნიმუში? განსაკუთრებით კი ისეთი დეტალი, როგორიცაა რამდენიმე კომპანიის მიერ ერთჯერადად კი არა, სამჯერ და ოთხჯერ გადახდილი თანხა?”. ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ჟურნალისტს უპასუხებს: ”ეტყობა, ამ კომპანიებს შიში ჰქონდათ, რომ თუკი ასეთ გადარიცხვებზე და ქველმოქმედებაზე არ წავიდოდნენ, შემდგომში საგადასახადო სამსახურთან სირთულეები შეექმნებოდათ. ამას კორუფციას ვერ დავარქმევთ, მაგრამ სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას კი ნამდვილად ჰქონდა ადგილი.“

”სინგაპურის არადემოკრატიული ხიბლი” – ”რეზონანსში” ამ სათაურით ქვეყნდება ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან, რომელიც ამბობს: ”სინგაპური ეს გახლავთ თბილისზე დიდი ერთი ქალაქი, მაგრამ ქალაქის მართვა სხვა ტიპის ფენომენია. გარდა ამისა, როდესაც ვაცხადებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტი თავისუფალი ვაჭრობაა ევროკავშირთან და ამ დროს ვსაუბრობთ სინგაპურიზაციაზე, ეს მთელი ერისთვის ცნობიერების გაორებას ნიშნავს. აქ შეიძლება ილაპარაკო მხოლოდ იმაზე, რომ სინგაპურის მიმართ მიმზიდველობა უფრო არადემოკრატიულ გარემოსთან შეგუებადობით არის წარმოქმნილი, ვიდრე სურვილით, რომ ქვეყანა უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იხილო.”

”ახალ თაობას” ”სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა, უთხრა: ”ჩვენ ყველას გვინდა არჩევნები და გვინდა, რომ გვეღირსოს თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევნები. ეგვიპტეშიც ეს უნდოდა ხალხს. მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევნები და სწორედ ამიტომ ჯერ უნდა წავიდეს მუბარაქი. სწორედ ასე იდგა იქ საკითხი. ყველგან ასე იყო, ტუნისშიც და ყველგან. თუ ეგვიპტელებს აქვთ გაცნობიერებული, ტუნისელებს და ლიბიელებს, ჩვენ, ვერ გავიგე, ნაკლებ გონიერი ხალხი ვართ, ნაკლებად მოაზროვნე ადამიანები ვართ, თუ გვირჩევნია საკუთარი თავი მოვიტყუოთ?!” - კითხულობს ბათიაშვილი.

”ახალ თაობაშივე” ქალთა პარტიის ლიდერ გუგული მაღრაძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ამბობს: ”სწორედ საარჩევნო კანონზე მუშაობისას და სხვა საკითხების გადაწყვეტისას ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას არ უნდა ერთი შემხვედრი ნაბიჯი მაინც გადადგას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მაინც კუნთების იმედი აქვს. არა მგონია, ქვეყანაში ასეთ დროს, ამ პირობებში და იმ ტენდენციის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოშია, ასეთმა ხელისუფლებამ საქართველოში ბოლომდე შეინარჩუნოს მმართველობა...”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ”ქართული აკადემიის” აჭარის წარმომადგენლობასთან არსებული უხუცესთა სათათბიროს ღია წერილი ქვეყნდება. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ აჭარაში დაგეგმილი მუსულმანური სალოცავების მშენებლობაზე წერენ: ”ჩვენი ღია წერილი, რომლითაც დღეს ღვაწლმოსილ უხუცესთა სათათბიროს სახელით მოგმართავთ, თქვენთვის სიგნალი უნდა იყოს იმისა, რომ აჭარის საკითხების განსჯისა და შეფასების დროს მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ, აჭარას თქვენს პირად ინტერესებს, მეზობელი ქვეყნის ლიდერთა გულის მოგებას ნუ შესწირავთ...”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG