Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 18 მარტი 2011


”რუსეთსა და აფხაზებს შორის ტერიტორიული დავა იწყება” – ”რეზონანსი” წერს ამის შესახებ აფხაზურ პრესაზე დაყრდნობით: ”სოხუმში გამომავალი ”ნოვი დენ” წერს, რომ ბოლო დროს აფხაზურ პრესაში განიხილება ხელისუფლების სტრუქტურებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დემარკაციის შეთანხმების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც გაგრის რაიონში მდინარე ფსოუს მიმდებარე 160 კვადრატული კილომეტრი რუსეთის ფედერაციაში უნდა გაიყვანონ”, - წერს ”რეზონანსი”, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ სილაგაძემ განუცხადა, რომ რუსებსა და აფხაზებს შორის დემარკაციის შესახებ გაფორმებულ დოკუმენტს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალა არ ექნება.

”ვერსიის” პირველ გვერდზე მთავარი ადგილი ავთანდილ მარგიანთან ინტერვიუს სათაურს უკავია. ინტერვიუში ის ამბობს: ”დიახ, ღმერთი და მარგიანი სამობითაა ორივე! ორჯერ უკვე ვიყავი და ერთხელ კიდევ ვაპირებ ხელისუფლებაში მოსვლას.”

”ვერსიაშივე” ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ სოფო ხორგუანთან ინტერვიუს წაიკითხავთ. ის ამბობს, რომ ”რეალობას მოკლებულია სახალხო კრების მიერ რევოლუციური ტალღის აგორება”. ამავე ინტერვიუში: ”ბურჯანაძის მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს, ალბათ, ყველამ იცის. არასოდეს დამიმალავს, რომ მის არც ერთ სიტყვას არ ვენდობი. ჩემი პარტიის პოზიციას რაც შეეხება სახალხო კრებასთან გაერთიანებასთან დაკავშირებით, პროვოკატორ ნინო ბურჯანაძესთან ნამდვილად არ დადგება.” სოფო ხორგუანი ”ქართული პარტიის” შესახებ ამბობს: ”ჩვენი მიზანია ამ ხელისუფლების დასრულება. ქუჩაში ავტომატებით ნამდვილად არ გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ერთობით შევძლებთ ყველაფერს.”

ნესტან კირთაძე, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ”ახალ თაობაში” ამბობს: ”სააკაშვილმა შექმნა ახალი პოლიტიკური კალენდარი. ეტყობა, ამ კალენდრიდან ვეღარ გადათვალა და ვერ გაიაზრა, რომ ამ სიტუაციაზე ყურს არავინ წაიყრუებს. მე უფრო მეტად მენიშნა, როცა სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას 2015 წელს ახსენებდა. როგორც ჩანს, 2011 წლის შემოდგომაზე მას უკვე განზრახული აქვს, რომ ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები. ამ შემთხვევაში ხელისუფლება 4-წლიანი ციკლის ფორმატში ჯდება. მე ამას არ ვამბობ, რომ ეს ასე იქნება. თუმცა მოვლენები შეიძლება ამ სცენარითაც განვითარდეს.”

”საქართველოს რესპუბლიკა” ბათუმში დაგეგმილ აქციას ვრცელ სტატიას უძღვნის, სათაურით - ”მზაკვრული გარიგება?!”. ავტორი წერს: ”23 მარტს ბათუმელები ღირსების აქციას აწყობენ. ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართება საინფორმაციო აქცია თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელიც ”ითვალისწინებს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის - ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ ქალაქ ბათუმში მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აგებული და შემდეგ დანგრეული, დამპყრობი ოსმალეთის იმპერიის სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთ-მუზეუმის ხელახლა აშენებას.”

”24 საათი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის ორი თვის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად, ”მიმდინარე წლის ორი თვისა და გასული წლის ორი თვის მონაცემების შედარებით, დანაშაულის საერთო რაოდენობამ იკლო. თუმცა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მაჩვენებელი 10, 7 პროცენტით შემცირდა, ასევე შემცირებულია გახსნის მაჩვენებელიც.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG