Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოდელირებული ომის წლისთავი


შარშან ამ დროს საქართველოში ყველაზე აქტუალური თემა იყო ”მოდელირებულ ქრონიკად” წოდებული სატელევიზიო გადაცემა, რომელსაც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ მოჰყოლია. ახალი ომის იმიტაციით გამოწვეული პირველი შოკის განელების შემდეგ საქართველოში გაჩნდა შეკითხვები და დაიწყო გარკვეული სამოქალაქო აქტივობაც, რომელიც რაიმე სერიოზული შედეგით არ დასრულებულა.

2010 წლის 13 მარტს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც გარკვეული დროით დაიჯერა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენცია და ახალი ომი დაიწყო, საღამოს 8 საათისთვის არ მოუსმენია ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანის შეკითხვა, უფიქრიათ თუ არა ოდესმე სახელმწიფოებრიობის დასასრულზე და განმარტება, რომ მაყურებელს ქრონიკის საგანგებო, ”მოდელირებულ” გამოშვებას შესთავაზებდნენ. მას შემდეგ, რაც ახალი ომის დაწყების ინფორმაციით შოკირებულმა მოქალაქეებმა გაარკვიეს, რომ ის, რასაც ტელეარხი უამბობდა, სიმართლე არ არის, ”იმედს” პირველი პროტესტი მისსავე შენობასთან გამოუცხადეს. თავად ტელეარხმა ბოდიში რამდენიმე საათის შემდეგ მოიხადა ე.წ. მორბენალი სტრიქონით, რომელიც იუწყებოდა, რომ ”მოდელირებული ქრონიკა” სინამდვილეს არ ასახავდა და მისი ამოცანა ”რუსეთის აგრესიული მიზნებისთვის ხელის შეშლა” ყოფილა. ”იმედის” მიერ დასახული ამ ამოცანის შესასრულებლად გამოყენებული მეთოდი იურისტებმა მაუწყებლობის კანონის და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევად შეაფასეს, რის საფუძველზეც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ტელეკომპანიას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლეს. კომისიამ ”იმედის” მიერ კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა და ტელეკომპანიას დაავალა ამის აღიარებისთვის საუკეთესო საეთერო დრო დაეთმო. ომის იმიტაციიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე ტელეარხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეიმედი მაუწყებლობის კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, ლიცენზიის პირობების დარღვევის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიშს უხდის მაყურებელს და უცხოელ დიპლომატებს, რომელთა კადრები მათთან შეუთანხმებლად გამოიყენა.

იმ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”მოდელირებულმა ქრონიკამ” არაერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, რაც ლეტალური შედეგითაც კი დასრულდა. სასამართლოში იმის მტკიცება, რომ სწორედ ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია იყო ადამიანის ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების მიზეზი, საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქეებს მსგავს საჩივრებზე მუშაობა შესთავაზა. ასოციაციის წევრი თამარ კორძაია იხსენებს თბილისის ოფისში მსგავსი სურვილით მისულ მხოლოდ ერთ ადამიანს. მაგრამ იმის გამო, რომ ის საავადმყოფოში ”მოდელირებული ქრონიკის” ეთერში გასვლიდან მეორე დღეს აღმოჩნდა, იურისტებმა კავშირის დადგენა ურთულესად, სასამართლო დავის დაწყება კი, აზრს მოკლებულად მიიჩნიეს.
”გორში იყო გარდაცვალების ერთი შემთხვევა და ჩვენ დახმარება შევთავაზეთ, მაგრამ ოჯახმა დავაზე უარი თქვა. რომ გითხრათ, მოქალაქეებმა იაქტიურეს და მოგვმართეს, ასეთი შემთხვევები ნამდვილად არ ყოფილა. პრინციპში, გაოცებული ვიყავით იმით, რომ მოქალაქეებიდან, მიუხედავად იმისა, რომ საუბრებისას გამოხატავდნენ სერიოზულ და დიდ აღშფოთებას, საბოლოოდ არავინ წამოვიდა იმაზე, რომ სასამართლოში გვედავა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ კორძაიამ.

”მოდელირებული ქრონიკით” საზოგადოების მოტყუების სამართლებრივმა მხარემ განსაკუთრებული აქტუალობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ შეიძინა, რაც გავრცელდა ტელეიმედის ორი წარმომადგენლის სატელეფონო საუბრად მიჩნეული ჩანაწერი, რომლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი სრულად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რაც 13 მარტს საზოგადოებას უნდა ენახა. ეს ჩანაწერი ”იმედის” და ხელისუფლების მიერ მაშინვე ფაბრიკაციად შეფასდა. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ კი იმჟამად არსებულმა ”ალიანსმა საქართველოსთვის” უცხოელი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ავთენტიკური იყო. ამ დასკვნის საფუძველზე ალიანსელებმა მოდელირებული ისტორიის ავტორები და პრეზიდენტი სისხლის სამართლის კოდექსის და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს, გამოძიების დაწყება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც შარშან დეტალურად საუბრობდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველსა და რამდენიმე კონკრეტულ დანაშაულზე, რომელსაც მინიმუმ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს, დღეს რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ ”ყველა ეს დოკუმენტი და დასაბუთება, ვის რა აქვს, ჩვენი აზრით, ჩადენილი, ზოგს კრიმინალი და ზოგს ადმინისტრაციული გადაცდომა, მივაწოდეთ სათანადო უწყებებს, მათ შორის პროკურატურასაც. მათი მხრიდან, ცხადია, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მაგრამ ეს დაფიქსირებულია და ისევე, როგორც ამ წლების განმავლობაში დაწერილი ძალიან ბევრი სხვა საჩივარი, ელის იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას - სხვა ხელისუფლებას, როგორც ჩანს - ექნება პოლიტიკური ნება ასეთი საქმეები ბოლომდე მიიყვანოს. ასე რომ, ეს საკითხი არ დაგვვიწყებია.”

”მოდელირებული ქრონიკა” რომ საზოგადოებას ჯერჯერობით არ დავიწყებია, ამის დასტურად ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების აქტივობას მიიჩნევს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა: ”დღემდე არსებობს შეკითხვა, რაში დასჭირდათ ტელევიზიას და ხელისუფლებას ომის მოდელირება მაშინ, როდესაც ომი რეალურად გადავიტანეთ?! მე ვერ ვიტყოდი, რომ საზოგადოებას ეს მოვლენა დაავიწყდა. დღეს ისეთი მძიმე პირობები აქვთ ადამიანებს, რომ აქტიური განხილვა, შესაძლოა, მინელდა. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი ხალხს აღარ ახსოვს.”

ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი ამბობს, რომ ”მოდელირებული ქრონიკის” აუცილებლობის თუნდაც ერთი ოდნავ დამაჯერებელი არგუმენტი დღემდე არ მოუსმენია. კონკრეტული ინფორმაცია არ მოუსმენია, თუმცა რადიო თავისუფლების ერთ-ერთ რესპონდენტს რატომღაც ეგონა, რომ შარშანდელი იმიტაციის ავტორებმა გარკვეულწილად პასუხი აგეს. კიდევ ერთ რესპონდენტს იმედი ჰქონდა, რომ ”ამ ნეგატიურ მოვლენას პოზიტიური შედეგი ექნებოდა და ქართული ჟურნალისტიკა პროფესიონალიზმისკენ შემობრუნდებოდა.” მაგრამ, მისივე შეფასებით, ამის ნიშნებიც კი არ ჩანს. როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, ქართულ ტელესივრცეში მოდელირება და იმიტაცია პერიოდულად დღესაც გრძელდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG