Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტროლოგიის საერთაშორისო დღე


ასტროლოგიას დღესაც ცრუმეცნიერებად მიიჩნევენ, თუმცა ასტროლოგიის პოპულარობა მაინც დღითი დღე იზრდება. უფრო მეტიც, მსოფლიო ყოველი წლის 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის ჟამს, ასტროლოგიის დღეს აღნიშნავს.

ოდესღაც ითვლებოდა, რომ ასტროლოგების მომსახურებით სარგებლობენ ადამიანები, რომლებმაც ვერ მოიწყვეს თავიანთი ცხოვრება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასტროლოგების სჯერათ წარმატებულ ბიზნესმენებსაც. ასტროლოგებს დახმარებას დღეს უამრავი ადამიანი სთხოვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.შეიძლება ამიტომაცაა, რომ 20 მარტს, ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს, როცა ახალი ასტროლოგიური წელი იწყება, მეცნიერი-ასტროლოგები და, უბრალოდ, ”ვარსკვლავებით გატაცებულები”, პროფესიულ დღესასწაულს ულოცავენ ერთმანეთს. აი, უკვე ათ წელზე მეტია აღინიშნება ეს დღე და, აი, უკვე ათ წელზე მეტია სერიოზული ასტროლოგები ცდილობენ დაარწმუნონ სკეპტიკოსები, რომ ბულვარულ პრესაში დაბეჭდილ ”ვარსკვლავების წინასწარმეტყველებას” ასტროლოგიასთან თითქმის არაფერი აქვს საერთო. ჰოროსკოპები, რომელსაც ძალიან ხშირად არაპროფესიონალები ადგენენ, უფრო ასტროლოგიის კარიკატურაა. პროფესიით არქიტექტორი, ჟურნალ ”ლიბერალის” ფოტოჟურნალისტი ლევან ხერხეულიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ასტროლოგია, რომლითაც 1994 წლიდანაა გატაცებული, ძალიან დაეხმარა უკეთ შეეცნო, უკეთ გაეცნო თავისი ფოტოპორტრეტების პერსონაჟები. ლევანი ასტროლოგიას მეცნიერებად მიიჩნევს, ასტროლოგიის და ფსიქოლოგიის მსგავსებაზე გვესაუბრება:
პრიმიტიული ადამიანები კმაყოფილდებიან იმ ფსევდოასტროლოგებით, იმ მეტყველებით, იმ პასუხებით... ანუ ღრმად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, თუ როდის მოიგებს მანქანას ...

"კარგი ასტროლოგი ადამიანს ეხმარება შეიცნოს თავისი თავი, თუ ეს არ ხდება, ყველაფერი დანარჩენი მძიმე დანაშაულია ადამიანის მიმართ... ასტროლოგები ჩემთვის არიან გაიგივებულნი ფსიქოლოგებთან, რომელთაც შეუძლიათ დაანგრიონ კიდეც ადამიანი. ძლიერ ასტროლოგს შეუძლია ადამიანს შიგნიდან დაუნგრიოს ცხოვრება და ნება შეუსუსტოს..."

ნების შესუსტება მართლაც სერიოზული თემაა ასტროლოგიაში, მაგრამ ამის შიშით, ფსიქოანალიზიც უნდა ავკრძალოთ, რადგან ზოგიერთი პაციენტი ისე მიეჯაჭვება ხოლმე ანალიტიკოსს, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს კარგავს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ანალიტიკოსზე, ასტროლოგზეა დამოკიდებული, - ამბობენ ასტროლოგი-მეცნიერები. თანაც, მნიშვნელოვანია, რის გასაგებად მიდის ადამიანი ასტროლოგთან, რა აინტერესებს:

"მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ პრიმიტიული ადამიანები კმაყოფილდებიან იმ ფსევდოასტროლოგებით, იმ მეტყველებით, იმ პასუხებით... ანუ ღრმად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, თუ როდის მოიგებს მანქანას, როდის გათხოვდება და როდის გაუჩნდება შვილი, არამედ აინტერესებს რა ხდება მასში, მათ რომ ეს აუხსნან, ასეთი ხალხი გაცილებით უფრო ნაკლებია... რუკაში, რომელიც დგება, ინდივიდუალურ რუკაში, ჩანს ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, როცა ფსიქოლოგი იკვლევს რაღაც კომპლექსს, მან შეიძლება მიაკვლიოს ამ კომპლექსს ან ჩქარა, ან გვიან, მაგრამ ასტროლოგი როცა ხედავს რუკას, ამ კომპლექსს ხედავს მომენტალურად, თუ არის კარგი წამკითხავი... კარგი ასტროლოგი არის ჰუმანისტი, კარგი ფსიქოლოგი და ძალიან ზუსტი ინტერპრეტატორი იმისა, რასაც ხედავს... "

რელიგია აღიქვამს ასტროლოგიას როგორც დისციპლინას, რომელიც განაგებს ადამიანის მომავალს ...
კარგი ასტროლოგი ჰუმანისტი იყო ჯერ კიდევ რომის იმპერიის ხანაში, როცა ასტროლოგიას მეცნიერების პრეტენზია გაუჩნდა. მაგრამ მოგვიანებით ასტროლოგიის დისკრედიტაცია დაიწყო. განსაკუთრებით საზოგადოების განვითარების კრიზისულ ეტაპებზე, როცა ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე რეალობიდან გაქცევა და თავის შექცევა ”მაგიებით”, კროსვორდებით, წინასწარმეტყველებით..ასე იყო თუნდაც 90-იანი წლების საქართველოში, როცა ჩვენში განსაკუთრებით აშკარად დამკვიდრდა მოდა ასტროლოგიაზე.

ასტროლოგს, ალბათ, იმის "გამოანგარიშებაც" უნდა შეეძლოს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, პროფესიონალი ასტროლოგის პროგნოზი უფრო საინტერესოა, ვიდრე "ყავაზე მკითხავების" თუ ნათელმხილველების წინასწარმეტყველება... მაგრამ ლევან ხერხეულიძემ გვითხრა, რომ მომავლის წინასწარმეტყველება ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ხოლმე:

"რელიგია აღიქვამს ასტროლოგიას როგორც დისციპლინას, რომელიც განაგებს ადამიანის მომავალს... გარკვეული თვალსაზრისით, ასეა, მაგრამ მე, მაგალითად, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა ყოველთვის პროგნოზები...“

ასეა თუ ისე, მიწისძვრა და ბუნების კატაკლიზმები იაპონიაში დაემთხვა ასტროლოგიის მსოფლიო დღეს და ადამიანებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწორედ მათ, ასტროლოგებს, მიაკითხეს. პროფესიონალი ასტროლოგების მხარდაჭერა კი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რათა ადამიანები შარლატანების მანიპულაციის მსხვერპლნი არ გახდნენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG