Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჰაერო დარტყმები კადაფის არმიაზე გრძელდება


აშშ-ისა და ევროპის ძალები ჰაერიდან და ზღვიდან განაგრძობენ დარტყმას ლიბიის ობიექტებზე. ოპერაცია სახელწოდებით, „ოდისეა. აისი“ ხორციელდება გაეროს გადაწყვეტილების შესაბამისად, აიკრძალოს ფრენა ლიბიის თავზე, რათა შეაჩერონ კადაფის ჯარის შეტევა ლიბიის მოქალაქეებსა და ოპოზიციის ძალებზე.

აშშ-ის შეირაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ მალენმა, განაცხადა, რომ ოპერაციის პირველი ფაზა წარმატებული იყო და ბენღაზიზე მთავრობის ჯარის სახმელეთო შეტევა შეჩერებულია. თუმცა მალენმა თქვა, რომ ლიბიის მომავალი გაურკვეველია, რადგან კადაფიმ შეიძლება ხელისუფლება არ დათმოს. "CNN"-ისშეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ლიბიის კონფლიქტი დასრულდეს ჩიხით, რომ კადაფი ხელისუფლებაში დარჩეს, მალენმა დადებითად უპასუხა. კადაფის მთავრობის თანახმად, აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 48 ადამიანი დაიხოცა და 150 დაშავდა.

დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურ პირთა თქმით, ოპერაციის მიზანია, ლიბიის საჰაერო თავდაცვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანა. საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ბრიტანეთისა და საფრანგეთის თვითმფრინავებმა. პენტაგონის თანახმად, აშშ-ისა და ბრიტანეთის ხომალდებმა და წყალქვეშა ნავებმა 110 ცალი „ტომოჰოკის“ ტიპის რაკეტა გატყორცნეს. შედეგად მათ დააზიანეს ლიბიის საჰაერო თავდაცვის 20-მდე ობიექტი. ბენღაზიდან იუწყებიან, რომ ლიბიის არმიის ათობით ტანკი და მანქანა გაანადგურეს. არაბული ლიგის თავმჯდომარემ, ამრ მუსამ განაცხადა, რომ მოკავშირეთა ძალებმა გაეროს მანდატს გადააჭარბეს: „ჩვენ მოქალაქეთა დაცვა გვსურს და არა მოქალაქეთა დამატებით დაბომბვა.“

კადაფი აპირებს, როგორც თვითონ უწოდა, „კოლონიალისტური აგრესიის“ წინააღმდეგ ხანგძლივ ომს. მისივე თქმით, არსენალები გახსნილია და ლიბიელებს შეუძლიათ დაიცვან ქვეყანა. კვირას მისმა ჯარებმა მეამბოხეთა ხელში მყოფი ქალაქი მისურატა დაიკავეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მან ნება დართო აშშ-ის ჯარს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობის „შეზღუდულ აქციაში“ ლიბიის მოქალაქეთა დასაცავად.
XS
SM
MD
LG