Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია - „ჩემი ქალაქი“


ბოლოს და ბოლოს, განახლდა დისკუსია თემაზე ”ჩემი ქალაქი”. ასეთი დისკუსია აქამდე სულ რამდენჯერმე მოეწყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, რაც ნამდვილად არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ პრობლემის გადაწყვეტის პროცესში რაც შეიძლება ფართო საზოგადოება ჩართულიყო. არადა, თბილისელებს, მაგალითად, თითქოს აღელვებთ როგორ აშენებენ დედაქალაქს, როგორ აღადგენენ სიძველეებს. აღელვებთ ეს საქართველოს რეგიონებშიც. აღელვებთ, მაგრამ მოსახლეობას თითქმის არავინ არაფერს ეკითხება. “თბილისის ჰამქრის” აქტივისტთა აქციებს თუ არ ჩავთვლით, აღარც საზოგადოებას აქვს თითქოს რეაქცია. აქტიური პოზიცია გამოიხატება მხოლოდ აქა-იქ მოწყობილ დისკუსიებში... სასიხარულო მხოლოდ ისაა, რომ პოზიციას ამ დისკუსიებში დღეს უკვე ახალგაზრდა თაობა გამოხატავს.

დიახ, ახალგაზრდობით იყო სავსე ეროვნული მუზეუმის აუდიტორია ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მიერ მოწყობილ დისკუსიაზე, რომელსაც ”ჩემი ქალაქი” ერქვა. ასეთი ტიპის სხვა შეხვედრების მსგავსად, დისკუსია მომხსენებლებმა დაიწყეს - არქიტექტორებმა კოკა ამირეჯიბმა და ცირა ელისაშვილმა წაიკითხეს მოხსენებები ქალაქის რეაბილიტაციაზე, გარემოს მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, გარემოს მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე...

კოკა ამირეჯიბის თქმით, დღეს მხოლოდ ჩინოვნიკებზეა დამოკიდებული ვინ ააშენებს და ვინ არა. ეს არის კორუფცია, რასაც არავინ იკვლევს. გარდა ამისა, ესაა პროფესიონალების სასაუბრო თემა.

პრობლემას სწორედ ეს ამძაფრებს -არქიტექტურაზე, ქალაქის რეაბილიტაციაზე, ახლის აშენებასა და ძველის აღდგენაზე პროფესიონალებმა უნდა იმსჯელონ... მაგრამ ქვეყანაში შეიქმნა ასეთი სიტუაცია: პროფესიონალებს არა აქვთ სივრცე დისკუსიისთვის ან მათი გავლენა ქალაქში მიმდინარე მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესებზე მინიმალურია; მოქალაქეებს ეს თემა ან ნაკლებად აინტერესებთ, ანდა აინტერესებთ, მაგრამ არავინ უსმენს. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და შედეგიც შესატყვისი გვაქვს: რადგან არავინ უსმენს, აღარც აინტერესებთ.

კოკა ამირეჯიბის თქმით, ძალაუფლების კონცენტრაცია ქალაქში დღეს მთლიანად მერიის ხელშია. ფანჯრის გაჭრაც კი მერიის პრეროგატივაა. ნებისმიერი გადაკეთება, პატარა რეკონსტრუქცია, შიდა დაგეგმარება უნდა შეთანხმდეს მერიასთან. ”თბილისის დაყოფა რაიონებად არის ფიქტიური და უმოქმედო”, - აღნიშნა კოკა ამირეჯიბმა.

ეს უკვე რეაბილიტაციის და რესტავრაციის პრობლემაა, რომელსაც დისკუსიაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო. სხვათა შორის, მომხსენებლის მიმართ დარბაზიდან შენიშვნაც კი გამოითქვა: სიახლეს არასდროს უჭერდნენ მხარს საქართველოში, წარსულის იმიტაციის ტრადიცია კი დიდი ხანია გვაქვსო.

”ალბათ, არ უნდა გვეშინოდეს ამის... აბა, შეხედეთ 66-ე სკოლის შენობას სოლოლაკში - ესაა ფსევდოგოთიკა. არადა, გოთიკა საქართველოში არ ყოფილა... ახლა უკვე არ გვიშლის ვიზუალურად ხელს სოლოლაკში იტალიური რენესანსის სახლი, ვითომ იტალიური რენესანსის”, - უთხრეს კოკა ამირეჯიბს დარბაზიდან.

ამ კომენტარს კოკა ამირეჯიბმა ასე უპასუხა:

”კი მაგრამ, ის შენობები არ ამბობდნენ, რომ მე-15 საუკუნეში არიან აშენებულნი. ეს არ იყო იმიტაცია. ეს სახლები კი, რომლებიც ბათუმში აშენდა, ძველი არქიტექტურის პრეტენზიას გამოხატავენ. თითქოს ნაწილი იყოს ძველი არქიტექტურის.”

სიახლესა და სიძველის რეპრეზენტაციაზე საუბრისას ცირა ელისაშვილმა დასავლური გამოცდილება გაიხსენა: ვისთვის უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქალაქი - ტურისტისთვის თუ ქალაქის მცხოვრებლებისთვის? ვისზე უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში - ტურისტისთვის, რომელმაც ქალაქი უნდა დაათვალიეროს, თუ მოქალაქისთვის, რომელმაც ამ ქალაქში უნდა იცხოვროს? ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ ყველასთვის არა.

რა თქმა უნდა, დისკუსიაზე გარემოს მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს. თემა ”ქართველს არ უყვარს გარემო, რომელშიც ცხოვრობს” ბოლო დროს ათასნაირი სპეკულაციის საბაბი გახდა. გარემო შეიძლება ბევრს არ უყვარს, მაგრამ ამას რომ ამბობენ, იშვიათად კითხულობენ, რატომ ხდება ეს და როდიდან ხდება.

ცირა ელისაშვილის თქმით, როცა დასავლეთში ადამიანი საცხოვრებელს ირჩევს, ”ხედის” პრობლემა მისთვის უმნიშვნელოვანესი ხდება - იგი უნდა დაარწმუნონ, რომ ხედი მისი აივნიდან თუ ფანჯრიდან არ შეიცვლება. ამის გარანტია უნდა მისცენ. ანიჭებს თუ არა ასეთივე მნიშვნელობას ხედს და ყველაფერს, რაც საცხოვრებლის გარეთაა, ქართველი მოქალაქე? და, რაც მთავარია, შეუძლია თუ არა ვინმეს მისცეს მას გარანტია, რომ ხედი არ შეიცვლება?

რა დაასკვნეს ამ დისკუსიის შემდეგ? რა დაასკვნეს მომხსნებლებმა, პროფესიონალმა არქიტექტორებმა, უბრალოდ, ადამიანებმა, რომელთაც უყვართ თავიანთი ქალაქი? თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ პრობლემის არსს განსაზღვრავს ის, რომ პრობლემაზე არავის უნდა საუბარი; ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი შესაცვლელია და რომ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა ქვეყანაში არ არსებობს
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG