Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მიმართავენ ზომებს წყლის და საკვების რადიაციით დაბინძურებასთან დაკავშირებით


იაპონიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ტოკიოს სასმელ წყალში რადიაქტიული იოდის ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა, ვიდრე ბავშვებისთვის უსაფრთხოდ არის მიჩნეული. დამატებით შეშფოთებას იწვევს ცნობა, რომ ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე ისევ გაჩნდა კვამლი. როგორც იუწყებიან, შავი კვამლი აუვიდა ფუკუსიმის საწარმოს მესამე რექტორს, რის გამოც ისევ გახდა საჭირო თანამშრომლების ევაკუაცია. ატომურ ელექტროსადგურზე დასაქმებულები ცდილობენ რეაქტორების გასაციებელი სისტემის ელექტრომომარაგების აღდგენას და უფრო მასშტაბური ატომური კატასტროფის თავიდან აცილებას. ფუკუსიმა ტოკიოს ჩრდილოეთით, 240-მდე კილომეტრში მდებარეობს. შეშფოთებას გამოთქვამენ მის გარშემო წყლის და საკვები პროდუქტების რადიაციით დაბინძურების მწვავე საფრთხის გამო. იაპონიის მთავრობის მდივანმა, იუკიო ედანომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმართავენ ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რადიაციით დაბინძურებული სურსათის გაყიდვა: „სამწუხაროდ, მოველით, რომ ეს ვითარება უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ამიტომ თავიდანვე რომ აღვკვეთოთ შესაძლო ზარალი, აკრძალვა დავაწესეთ რადიაციით დაბინძურებული ბოსტნეულის გადატანაზე საზიანო ნივთიერებებთან ადამიანის კონტაქტის შესამცირებლად“. ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგური 11 მარტის ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამიმ დააზიანა.
XS
SM
MD
LG