Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებმა კობა სუბელიანის პარლამენტში მისვლა გააპროტესტეს


პარლამენტის შენობასთან ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა, როგორც თავად უწოდეს, სიმბოლური აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის გამოხატვა პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის კვირეულს დაამთხვიეს, კონკრეტულად კი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის გამოსვლას.
გამობრძანდება ჩვენი სუბელიანი და კიდევ იტყვის იმ ტყუილებს, რაც მისთვის ჩვეულია...

40-მდე დევნილი შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი ეთქვა. სოხუმიდან დევნილი გულნარა სალია ამბობს, რომ გასულ ზაფხულს გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან გამოსახლების შემდეგ ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს:

”გამობრძანდება ჩვენი სუბელიანი და კიდევ იტყვის იმ ტყუილებს, რაც მისთვის ჩვეულია, რომ დევნილები რა კარგ პირობებში ჰყავს, როგორ ჰყავს დაკმაყოფილებული და რომ ცოტაღა დარჩა დასაკმაყოფილებელი და იმასაც დააკმაყოფილებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ჯერ კიდევ, სულ ცოტა, 40 000 დევნილი ჭერის გარეშეა.”
[კობა სუბელიანს] ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა აგვისტო-იანვრის თვეში დევნილთა გამოყრა-გამოსახლებასთან დაკავშირებით...

„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარის, მანუჩარ სიგუას განცხადებით, კობა სუბელიანი პასუხისმგებელია დევნილთა საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლებასა და მრავალი დევნილის უსახლკაროდ დატოვებაში, იმაში, რომ დღემდე გამოძიებული არ არის დევნილ ნანა ფიფიას საქმე, რომელიც თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მივიდა. შეგახსენებთ, რომ დევნილმა ნანა ფიფიამ 27 ოქტომბერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, 18 ნოემბერს ნანა ფიფია დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, მანუჩარ სიგუა ამბობს:

”[კობა სუბელიანს] ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა აგვისტო-იანვრის თვეში დევნილთა გამოყრა-გამოსახლებასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი პარლამენტში მოსმენებზე კი არ უნდა იყოს, არამედ - ციხეში.”

საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანს ლაშა ჩხრტიშვილს ხელში ფოტომონტაჟით გაფორმებული პლაკატი ეჭირა, რომელზეც კობა სუბელიანს, მეკობრის მსგავსად, ცალი თვალი ჰქონდა ახვეული. ლაშა ჩხარტიშვილმა ფოტოს შინაარსი და დანიშნულება შემდეგნაირად ახსნა:
დევნილთა საპროტესტო აქცია

”კობა სუბელიანის, ამ მართლაც სომალელი მძარცველის მსგავსი და დარი დამნაშავის ადგილი არის ციხეში და ამ ადამიანს აუცილებლად მოუწევს იქ წასვლა, სამართლიანი სასამართლოს შედეგად, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მალე იარსებებს.”

ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, სიმბოლური აქცია, სახელწოდებით ”საპროტესტო აქციები - სააკაშვილის მთავრობა ხალხის წინააღმდეგ”, მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ანუ იქამდე, სანამ პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის კვირეული არ დასრულდება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG