Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქველმოქმედი თეატრები


„თეატრი თეატრისთვის“ – ასე ჰქვია საქველმოქმედო აქციას, რომელსაც საქართველოს თეატრები გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის დასახმარებლად აწყობენ. საქართველოს ყველა თეატრალური დასი ერთი თვის განმავლობაში გორში თითო სპექტაკლს თამაშობს, შემოსული თანხა კი ადგილობრივ თეატრს მოხმარდება. აქცია 27 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა გახსნა და იგი 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლით დასრულდება.

ამჟამად გორის თეატრის მთავარი დარბაზი დახურულია, ჭერიდან ნალესი ცვივა და იქ სპექტაკლის თამაში წარმოუდგენელია, ამიტომ წარმოდგენები მცირე დარბაზში იმართება, სადაც მოძველებული განათების სისტემა და აუდიომოწყობილობაა. გორის თეატრის რეჟისორი სოსო ნემსაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე დიდი დარბაზის აღდგენა შეუძლებელი იქნება, საქველმოქმედო აქციიდან შემოსული ფინანსებით კი მხოლოდ ტექნიკის განახლება მოხერხდება.

ამ დღეებში გორს სამეფო უბნის თეატრი ეწვია. წარმოდგენილი იყო მარიუს ფონ მაინბერგის პიესა „მახინჯი“, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა დავით თავაძემ დადგა. პიესის მთავარი გმირი, რომელიც მახინჯია, პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით გარეგნობას იცვლის. ამ ცვლილებასთან ერთად მასში ხასიათის და ცნობიერების ცვლილებაც ხდება, რაც, საბოლოოდ, ტრაგედიამდე მიდის.

სპექტაკლის შემდეგ მსახიობმა ნიკა თავაძემ თეატრალური სამყაროს სოლიდარობის აქციაზე ილაპარაკა. მისი აზრით, თეატრები აქციის გარეშეც ხშირად უნდა მოგზაურობდნენ მთელ საქართველოში, რაც, პირველ რიგში, მაყურებლისთვის არის სასარგებლო.

საქველმოქმედო აქციის ყველა სპექტაკლზე დარბაზი სავსეა. გორელი პედაგოგი ზვიად ხუბულური გორის თეატრის მაყურებელი და გულშემატკივარია. ქართული თეატრის ისტორიიდან იგი მსგავსი სახის აქციას ვერ იხსენებს.

საქართველოს თეატრების საქველმოქმედო აქცია 27 მარტს დასრულდება. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი გორის თეატრის სცენაზე ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებს“ ითამაშებს. ბილეთების გაყიდვა კი უკვე დაწყებულია.
XS
SM
MD
LG