Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ


დღეს ბრიუსელში ევროპის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთისა და უკრაინის - დეპუტატები იკრიბებიან. ისინი პროექტის პირველ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომელთა ბაზაზეც აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნება. შეხვედრაში არ მონაწილეობენ პროგრამაში ჩართული მეექვსე ქვეყნის - ბელორუსიის - წარმომადგენლები, ვინაიდან, როგორც იცით, ევროკავშირმა ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სადამსჯელო სანქციები დაუწესა დეკემბრის არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ზეწოლის გამო. დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენმა რადიომ ინტერვიუ ჩამოართვა ტომას დე ვაალს, კავკასიის საკითხების ექსპერტს, რომელიც ამჟამად საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდში მუშაობს. ექსპერტმა ახლახან ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტში“ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც გახდა კიდეც ინტერვიუს საფუძველი. რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა საფუძვლიანი პროექტი გახდეს? - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელსაც ტომ დე ვაალმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში უპასუხა.

თუკი მოლდავეთის შემთხვევას ავიღებთ, ჩემი აზრით, ევროკავშირის სახით შექმნილი სტიმული ამ ქვეყნისთვის ძალიან დადებითი ფაქტორი იყო. მას რეგიონში ყველაზე პროევროპულად განწყობილი მთავრობა ჰყავს...
ტომას დე ვაალი:
აღმოსავლეთის პარტნიორობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ დღესდღეობით ევროკავშირის გაფართოების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. შეიძლება დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფომ - ხორვატიამ, შესაძლოა სერბიამ - მოახერხოს შესვლა, მაგრამ, ჩემი აზრით, პერსპექტივა ბევრად უფრო ბუნდოვანია სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული სახელმწიფოები არიან, მაგრამ ევროკავშირში შესვლისკენ გზაზე ბევრად უფრო მეტი წინაღობა ელით. ცხადია, ბევრი სირთულე ხვდება თურქეთს. უფრო აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, უკრაინისთვის, მოლდავეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის რეალისტური პერსპექტივა - ყოველ შემთხვევაში, მომავალი 10, 15, 20 წლის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით, სამეზობლო პოლიტიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. როგორ შეუძლია ევროკავშირს ამ ქვეყნებისთვის მომხიბლავი გახდეს, ოღონდ გაწევრიანების შეთავაზების გარეშე? ამასთან, ჩემი აზრით, ეს ორმხრივი გზა უნდა იყოს. ამ ქვეყნებმა უნდა აჩვენონ, რომ ნამდვილად არიან დაინტერესებული ევროკავშირით და ევროკავშირის ღირებულებებით. ბრიუსელის მიერ შესასრულებელი ამოცანები კი, ჩემი აზრით, ორ რამემდე დადის. პირველია გამარტივება სავიზო რეჟიმისა, რომელიც, ჩემი აზრით, უკვე იწყებს ამუშავებას. ეს უკვე შესთავაზეს უკრაინას, მოლდავეთს და საქართველოს - ამ ქვეყნების მოქალაქეებს ვიზების მიღება ახლა ბევრად უფრო ადვილად შეუძლიათ. ეს - ერთი საკითხი. მეორე, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ევროპულ ერთიან ბაზარზე დაშვება. ანუ სავაჭრო პოლიტიკა შეიძლება ამ ქვეყნებისთვის ღია გახდეს. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი მომხიბლავი ფაქტორია - თაფლაკვერაა - აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებისთვის. მე ვთვლი, რომ ეს კარგი პოლიტიკაა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ევროკავშირი სხვა საკითხებით უფროა დაკავებული და აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის საკმარისი რესურსებიც არ მოეპოვება - იქნება ეს დრო თუ ფული. ამასთან, ევროკავშირს უჭირს ამ პოლიტიკის მკაფიოდ ფორმულირება. მე ვთვლი, რომ თავად პოლიტიკა კარგია, მაგრამ მის სათანადოდ გადმოცემას ვერ ახერხებენ.

რადიო თავისუფლება: როგორც ჩანს, ზოგადად საკმაოდ პესიმისტურად ხართ განწყობილი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტის მიმართ.

ტომას დე ვაალი: არა, მთლად ასე არ არის. ქვეყნებს ინდივიდუალურად თუ მივუდგებით, ყოველი ცალკეული შემთხვევა განსხვავებული გახდება. ჩემი აზრით, მათ ერთ ჯგუფში მოთავსებასაც აზრი აქვს, თუმცა შემდეგ ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. მაგრამ აშკარაა, რომ ზოგიერთ ქვეყანას არანაირად არ აინტერესებს, ევროკავშირი რასაც სთავაზობს - აზერბაიჯანს და დღევანდელ ბელორუსიას, მაგალითად. მაგრამ თუკი მოლდავეთის შემთხვევას ავიღებთ, ჩემი აზრით, ევროკავშირის სახით შექმნილი სტიმული ამ ქვეყნისთვის ძალიან დადებითი ფაქტორი იყო. მას რეგიონში ყველაზე პროევროპულად განწყობილი მთავრობა ჰყავს და, ამის შედეგად, პროევროპული რეფორმების განხორციელებასაც იწყებს. შემდეგ რიგში საქართველო მოდის, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით ბევრად უფრო დაყოფილია. მაგრამ, ჩემი აზრით, ევროკავშირს საქართველოზეც აქვს დადებითი გავლენის მოხდენის პოტენციალი. უკრაინა, მისი დღევანდელი მთავრობის პირობებში, უფრო პრობლემური შემთხვევაა, მაგრამ მოლაპარაკება გრძელდება. ამდენად, სულ მცირე, სამი შემთხვევა გვაქვს, სადაც ასე თუ ისე წარმატება აღინიშნა.

რადიო თავისუფლება: ბელორუსია არ მიიწვიეს აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. როგორ ფიქრობთ, რითი შეუძლია ევროკავშირს იმის გამართლება, რომ ბელორუსიას და აზერბაიჯანს განსხვავებულად ეპყრობა? დემოკრატიას ხომ ამ ორივე ქვეყანაში ერთნაირი პრობლემები აქვს?

ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უაღრესად მიმზიდველია - ამ პერსპექტივის გამო მთელი ქვეყნა მართლაც შეძლებს გაერთიანებას და საკმაოდ მტკივნეული რეფორმების გატარებას...
ტომას დე ვაალი:
ვფიქრობ, ბელორუსიასთან დაკავშირებით მთავარი ის გახლავთ, რომ უფრო მაღალი მოლოდინი არსებობდა და ბრიუსელის თვალში დაპირებები დაირღვა. ცხადია, ორივე შემთხვევაში საქმე საკმაოდ რეპრესიულ რეჟიმებთან გვაქვს, მაგრამ აზერბაიჯანი ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა, როგორ აღიქვამს ევროკავშირთან თავის ურთიერთობას. ის თავს სავსებით ევროპულ ქვეყნად არ განიხილავს და, შესაბამისად, აზერბაიჯანთან მიმართებით მოლოდინიც ნაკლებია. მაგრამ ბელორუსია აშკარად ევროპული ქვეყანაა. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრება და, ამდენად, მნიშვნელოვანი იმედები არსებობდა. ამდენად, ჩემი აზრით, სასჯელი მართებული იყო - მას შემდეგ, რაც დეკემბერში ბელორუსიამ ასეთი სისასტიკით უარყო თავისი ვალდებულებები.

რადიო თავისუფლება: თქვენ სტატიაში მოგყავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ შიკორსკის სიტყვები, რომ პროცესი, რომლითაც საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტები, ცენტრალური ევროპის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანდნენ, წარმოადგენდა „რეფორმების გატარების დამქანცველ პერიოდს, რომლითაც კანდიდატი ქვეყნები თითქმის ატანილები იყვნენ.“ პოლონეთმა, მაგალითად, ათი მთავრობა გამოიცვალა 1989-დან 2004 წლამდე, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, მაგრამ ევროკავშირისკენ მისწრაფება არასოდეს დაუკარგავს. რატომ არ შეიძლება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გახდნენ ასე „ატანილები“ რეფორმებით?

ტომას დე ვაალი: ვფიქრობ, ამას ორი აშკარა მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა საკმარისად მიმზიდველ ფაქტორს არ წარმოადგენს. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უაღრესად მიმზიდველია - ამ პერსპექტივის გამო მთელი ქვეყნა მართლაც შეძლებს გაერთიანებას და საკმაოდ მტკივნეული რეფორმების გატარებას. მაგრამ როცა გაწევრიანებას არ სთავაზობენ, მოტივაცია ნაკლებია. მეორე - ვფიქრობ, ამ პოლიტიკური ელიტებიდან ბევრს აქვს ეჭვი, რომ ევროკავშირთან დაახლოება შესაძლოა წარმოადგენდეს ტროას ცხენს, რომელიც მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების კლებას მოიტანს. საუბარი ხომ მათი ქვეყნების უფრო გამჭვირვალედ, გარეშე თვალისთვის უფრო ღიად ქცევაზე და დამოუკიდებლად მოქმედების გარკვეულწილად შეზღუდვაზეა, რაც ქვეყნებისთვის ცალსახად კარგი იქნება, მაგრამ პოლიტიკური ელიტებისთვის - არც ისე კარგი.

რადიო თავისუფლება: თქვენს სტატიაში არ არის ნახსენები რუსეთი. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ, ერთი მხრივ, რუსეთის, მეორე მხრივ კი, ევროკავშირის გეოპოლიტიკური მიზიდულობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შუაზე ხლეჩს - როგორც სიმბოლური, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის წარმოება კრემლის აქტიური მონაწილეობისა და დაყაბულების გარეშე შეძლოს?

ტომას დე ვაალი: დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემი აზრით, რუსეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. მას, ცხადია, არ სურდა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტში მონაწილეობა. ევროკავშირთან ურთიერთობას ის უფრო ორ სტრატეგიულ, თანასწორ, დიდ [პარტნიორს] შორის ურთიერთობად განიხილავს. მაგრამ რუსეთი და ბრიუსელი ამ ქვეყნებს სხვადასხვა რაღაცებს სთავაზობენ. სომხეთს, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან თავდაცვითი და სტრატეგიული ურთიერთობა შესთავაზონ - ამავე დროს, ევროკავშირისგან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და სავაჭრო პრივილეგიების შეთავაზება მიიღოს. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ნატოს და რუსეთს, ნატოს განცხადებების მიუხედავად, ჩემი აზრით, შეიძლება სტრატეგიული მეტოქეები ეწოდოს. მაგრამ იმის მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ ვერ შეძლებენ ეს ქვეყნები ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც რუსეთთან, ისე ევროკავშირთან - ასეთი სურვილის ქონის შემთხვევაში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG