Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი აღდგენითი სამუშაოების რევიზიას ითხოვს


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მთავრობის წევრებთან თათბირი ჩაატარა. მის თათბირებს დიდი ხანია ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი აღარ ესწრება. სიტნიკი ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა ჩაიყვანა. ბროვცევის და კოკოითის დაპირისპირება კი პერიოდულად განახლდება ხოლმე. მათი დაპირისპირება რუსული ფულის გადანაწილების პროცესს მოჰყვა.

როგორც ცნობილია, კოკოითიმ, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი უჭერს მხარს, ბროვცევის მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის დაყენება არაერთხელ სცადა, მაგრამ ბროვცევს კრემლში მფარველები ჰყავს და კოკოითი მის გაშვებას ვერ ახერხებს.

თათბირზე სიტნიკის დაუსწრებლობის გამო კოკოითიმ აღშფოთება არ დამალა და მინისტრს მკაცრი საყვედური გამოუცხადა. როგორც ჩანს, ბროვცევი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მისი კადრებიც დე ფაქტო ლიდერს უკვე ღიად ეურჩებიან. ამავე თათბირზე კოკოითიმ შინაგან საქმეთა სამინისტროც გააკრიტიკა. შაბათ-კვირა ისე არ გავა, რომ ცხინვალში უმისამართო სროლა არ ატყდეს.

კოკოითი სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვს, რომ ქორწილებში უმისამართო სროლა აღიკვეთოს, მაგრამ შსს ამ ბრძანებას ვერ ასრულებს. ქორწილებში ძირითადად ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ისვრიან ხოლმე. კოკოითიმ ასევე მოითხოვა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების ტელევიზიით ჩვენება. თათბირზე დაზიანებული სახლების აღდგენის საკითხსაც შეეხნენ. დღემდე არაერთი ადამიანი ისევ კარავში ცხოვრობს და ბინის აღდგენას უშედეგოდ ელის.

კოკოითი აღდგენითი სამუშაოების რევიზიას ითხოვს. როგორც ცნობილია, აგვისტოს ომის დროს არაერთი საცხოვრებელი დაზიანდა, ხოლო სახლების ნაწილი სიძველის გამო დაინგრა. ზოგიერთი მოხელე ამ სახლების მესაკუთრეებს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას ჰპირდება, მაგრამ კოკოითი სიძველით დაზიანებული სახლების აღდგენას არ აპირებს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათი სახლებიც აფეთქებების ტალღამ დაანგრია და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც ცნობილია, ცხინვალის აღდგენითი სამუშაოები კრემლის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით მიმდინარეობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე მილიარდობით რუბლია დახარჯული, მაგრამ ცხინვალში არაერთი სახლი ისევ დანგრეულია.
XS
SM
MD
LG