Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სანიაღვრე სისტემა თუ გუდაური


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო
საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” განცხადებით, დღესდღეობით თბილისის სანიაღვრე ქსელების მოსაწესრიგებლად ქალაქის ბიუჯეტში თანხები აღარ არსებობს და ამის მიზეზი ”გუდაურის განვითარების ფონდის” დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხებით შევსებაა. „ქრისტიან-დემოკრატების“ განცხადებას თბილისის მერია ეხმაურება და მას აბსურდულს უწოდებს.
ქალაქის მერიამ აიღო მილიონ 200 ათასი ლარი და გადარიცხა პროექტისათვის, რომელიც არავითარ კავშირში არ არის თბილისის პრობლემებთან, ვგულისხმობ გუდაურის პროექტს...

”წვიმების სეზონი დგას თბილისში. ოდნავ მოჭარბებული ნალექი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩები, განსაკუთრებით კი გარეუბნები, წვიმის წყლით ივსება და გადაადგილება ჭირს როგორც ფეხით მოსიარულეებისათვის, ასევე ავტომობილებისათვის”, - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მდივანი ზაზა გაბუნია, რომელმაც სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა თბილისში სანიაღვრე ქსელების გამართულად მუშაობის საკითხს. ”ეს თემა ქალაქისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება”, - ამბობს ზაზა გაბუნია, თუმცა, მისი თქმით, ამ პრობლემას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ, როგორც სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, „გუდაურის განვითარების ფონდი“ დედაქალაქის ბიჯეტიდან დაზოგილი თანხით დაფინანსდეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გუდაურის განვითარების ფონდი“ - დააარსა:

”ქალაქის მერიამ აიღო მილიონ 200 ათასი ლარი და გადარიცხა პროექტისათვის, რომელიც არავითარ კავშირში არ არის თბილისის პრობლემებთან, ვგულისხმობ გუდაურის პროექტს. ჩვენ ახლა ქალაქის მერიისაგან ველოდებით რაიმე საგნობრივ პასუხს იმის შესახებ, თუ სად წავიდა ფული. საუბრობენ იმაზე, რომ ფული კი არ ავიღეთ, არამედ ტენდერიდან დავზოგეთო, თუმცა რეალურად ფული არ არის ქალაქის ბიუჯეტში. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი. ასე რომ, ძალიან საინტერესოა, თუ რა პასუხს გაგვცემს ქალაქის მერია მაშინ, როდესაც პრობლემა არის ძალიან ცხადი და ნათელი”, - ამბობს ზაზა გაბუნია.
არც ერთი თეთრი არ აკლდება თბილისის სოციალურ თუ სხვა პროექტს გუდაურის განვითარებისათვის...

არ დაახანა მერიის პასუხმა - ნახევარ საათში თბილისის საკრებულოს ფოიეში ქრისტიან-დემოკრატების მოსასმენად მისულმა ჟურნალისტებმა პუშკინის სკვერში გადაინაცვლეს, სადაც ზაზა გაბუნიას არგუმენტების გაბათილებას თბილისის მერიის სპიკერი ბაჩო დოლიძე შეეცადა. მისი თქმით, დღესდღეობით თბილისში სანიაღვრე ქსელების მოცულობა 500 კილომეტრს შეადგენს და თბილისის კეთილმოწყობის სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალაქში ეს სისტემა მოაგვაროს: ”თუკი ქალაქში არის კონკრეტული ქუჩა, სადაც ეს პრობლემა დგას, მივიდეთ ერთად და ერთად გადავწყვიტოთ აღნიშნული პრობლემა. დიღომში, სამგორში, გლდანში ეს პრობლემა მართლაც დგას და დღესაც მიმდინარეობს იქ მუშაობა. ხდება ახალი მანქანა-დანადგარების შესყიდვა, რომელიც ასუფთავებს ქსელებს, ხდება ახალი კოლექტორების ლოკალური ჩადგმა. ეს არის ის გეგმა და პოლიტიკა, რომელიც ქალაქს აქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით”, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს გუდაურის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხა თბილისის სანიაღვრე ქსელების მოსაწესრიგებელ თანხებს ჩამოაკლდა, ეს არის სრული აბსურდი, ამბობს ბაჩო დოლიძე: ”არც ერთი თეთრი არ აკლდება თბილისის სოციალურ თუ სხვა პროექტს გუდაურის განვითარებისათვის. ეს თანხა, რომელიც ამ ეტაპზეა გუდაურისათვის მობილიზებული, სრულად იქნება კომპენსირებული ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტიდან”, - ირწმუნება ბაჩო დოლიძე.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა აზრი, რომ თანხა გუდაურის განვითარებისათვის ქალაქის სანიაღვრე ქსელების მოწყობის თანხებიდან ჩამოიჭრა, ის პასუხობს: ”ძალიან კარგი შეკითხვაა. ეს მეც მაინტერესებს და შეევცდებით, რომ გავარკვიოთ ეს საკითხი, რადგან ეს არის სრული აბსურდი”, - ამბობს ბაჩო დარჩია.

ნოდარ ზარდიაშვილი უკვე წლებია თბილისის სანიაღვრე სამსახურში წამყვან თანამდებობაზე მუშაობს. მისი მტკიცებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გატარებული და სიტუაცია უკეთესობისაკენ არის შეცვლილი, თუმცა თბილისის გაშენების თავისებურება სანიაღვრე ქსელების გამართულად მუშაობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორია:

”საქმე როგორ არ არის, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ეს ყველაფერი მეთოდურად გაკეთდება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა. ყველა ახალ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა ან ახლიდან კეთდება, ან რეაბილიტაცია უკეთდება. თბილისი ფერდობებზე გაშენებული ქალაქია და ამიტომ, რაც არ უნდა გამართულად მუშაობდეს სანიაღვრე სისტემა, როდესაც ნალექი უხვია, ნაშალი ჩამოდის და მიდის იმ ადგილებში, რომელიც წყალს ჩვეულებრივად გაატარებს, მაგრამ მიწას და ნალექს იჭერს ჭები და არ უშვებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა”, - ამბობს ნოდარ ზარდიაშვილი.

როგორც 6 მაისს თბილისის საკრებულოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე „ქრისტიან-დემოკრატების“ მდივანმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, ქრისტიან-დემოკრატები ოფიციალური მოთხოვნით მიმართავენ თბილისის მერს გიგი უგულავას, რათა თანხა სანიაღვრე ქსელების პრობლემის მოსაგვარებლად მან მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს, რადგან ამ ეტაპზე ბიუჯეტში თანხა სანიაღვრე ქსელების მოსაწესრიგებლად აღარ არსებობს. მერიის სპიკერი ამ განცხადებას სრულიად არაკომპეტენტურად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG