Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 მაისი, 2011


„2014 წლისთვის რუსეთმა კავკასიის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს“, - ვკითხულობთ გაზეთ „24 საათის“ ფურცლებზე, რუს სამხედრო ექსპერტ პაველ ფელგენჰაუერთან ინტერვიუში. მისი პროგნოზით, პროცესები ისე ვითარდება, რომ ომი კავკასიაში გარდაუვალი ჩანს.

ფელგენჰაუერი ამბობს, რომ სიტუაცია დაძაბულია მთიან ყარაბაღში, სადაც საომარი მოქმედებების დაწყების, დაპირისპირებაში მთელი კავკასიის ჩათრევისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამწვავების საფრთხე არსებობს. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთისათვის სომხეთში ჩაღწევა ნებისმიერი გზით აუცილებელი იქნება, აღნიშნავს პაველ ფელგენჰაუერი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოსთან კონფრონტაციის განახლება ძირითადად რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტექნიკის საქართველოს ტერიტორიით ტრანზიტის აკრძალვის გამო მოხდება. ექსპერტის აზრით, კავკასიის საკითხი რუსეთმა 2014 წლამდე უნდა მოაგვაროს, ანუ მანამდე, სანამ ავღანეთიდან ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები გავა, რაც, თავის მხრივ, რუსეთისთვის შუა აზიის უშიშროების სისტემის შექმნის საკითხის აქტუალიზებას გამოიწვევს.

”ჩვენ არ გვაქვს იმდენი ძალა, რომ ერთდროულად გავუმკლავდეთ ორ ცხელ და საშიშ ზონას - კავკასიასა და შუა აზიას. ამიტომ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები და სამხედრო ტექნიკა მხოლოდ კავკასიაში იყოს დისლოცირებული”, - უთხრა „24 საათს“ რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენჰაუერმა.

გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი თემა კი დღეს საარჩევნო ”რვიანის“ გეგმებია. გაზეთი იუწყება, რომ 12 მაისს ოპოზიციური „რვიანი” ხელისუფლების მისამართით ახალ განცხადებას გააკეთებს. განცხადების დეტალები და შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ”რვიანის” მოთხოვნები ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფორმატს შეხება. როგორც ”რვიანის” წარმომადგენელმა, მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ ”რეზონანსს” განუცხადა, ”რვიანსა” და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გასულ კვირაში უკვე გაიმართა, თუმცა იგი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს დაეთმო და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა. ”რვიანის” ინიციატივები 12 მაისს გახმიანდება, 11 მაისს კი მამუკა კაციტაძეს უჭირს იმის პროგნოზირება, როდის შეიძლება გაიმართოს შეწყვეტილი დიალოგის შემდგომი პირველი შეხვედრა. ” გაურკვევლობას თუნდაც უარყოფითი პასუხი სჯობს”, - აღნიშნავს მამუკა კაციტაძე ”რეზონანსთან” საუბარში. თავის მხრივ, გაზეთში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ინდივიდუალური წარმომადგენელი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში ”რვიანის” სახელით ილაპარაკებს.

გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ყურადღების ცენტრში კი იმ პარტიების უკანასკნელი დღეების აქტივობა აღმოჩნდა, რომლებიც, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ნაცვლად, უპირატესობას რევოლუციურ გზას ანიჭებენ. გაზეთის თანახმად, 9 მაისს ”ქართული პარტიის” მიერ დაწყებული საპროტესტო აქციები კახეთის რეგიონში რევოლუციური ძვრების დაწყების წინ ერთგვარი მოთელვა იყო, თუმცა საკმაოდ არადამაიმედებელი, სუსტი და არაეფექტიანი ერთი მარტივი მიზეზის გამო - ხალხი არ გამოვიდა.

”ვინ ჩაიბარებს 26 მაისს აღლუმს - ბურჯანაძე თუ სააკაშვილი?“- კითხულობს, თავის მხრივ, გაზეთი ”ახალი თაობა”. ბურჯანაძე, როგორც იტყვიან, დიდ ბრძოლაში მარტოა, წაიკითხავთ სტატიაში. მეტიც, მას „ქართულმა პარტიამ“ ბრძოლის წამოწყებაში დაასწრო, მაგრამ „დემოკრატიული მოძრაობა” ”სახალხო კრებასთან” ერთად საბოლოო ბრძოლისათვის ემზადება. ეს ბრძოლა კი, როგორც გვპირდებიან, ამ ხელისუფლების გაშვებით და ახალი, სამართლიანი არჩევნებით დასრულდება, ნათქვამია ”ახალი თაობის” ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

”მიშა რომ პრეზიდენტი აღარ იქნება, ამას ახლავე გიდასტურებთ”, უთხრა, თავის მხრივ, გაზეთ ”ვერსიას” მმართველი პარტიის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ. ” ამერიკელებს ვეთანხმები. საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მმართველობა სხვას მშვიდობიანად უნდა გადააბაროს, მაგრამ ვინ იქნება ეს სხვა, ამას ქართველი ხალხი არჩევნებზე გადაწყვეტს. მიშა რომ პრეზიდენტი აღარ იქნება, ამას ახლავე გიდასტურებთ - სააკაშვილის შეცვლას მე კი არა, კანონი აპირებს. ისე, ჩემი ნება რომ იყოს, მიშა პრეზიდენტი ჯერ დიდხანს იქნებოდა, ალბათ, კიდევ ორი-სამი მოწვევა.“

აკაკი ბობოხიძის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე გახდება თუ პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის საქმე იქნება. ”თუ დღევანდელი ოპოზიცია მოიგებს, მაშინ სააკაშვილი ოპოზიციური პარტია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდება“, - უთხრა აკაკი ბობოხიძემ გაზეთ ”ვერსიას.”
XS
SM
MD
LG