Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის „თალიბანი“ ბინ ლადენის მოკვლის გამო შურს იძიებს


პაკისტანში მომხდარი აფეთქება
პაკისტანში მომხდარი აფეთქება
80 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. „თალიბანმა“, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა ამ აქტებისთვის, განაცხადა, რომ ეს არის შურისძიება აშშ-ის სპეცრაზმის მიერ „ალ-ყაიდის“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის იმავე პაკისტანში მოკვლის გამო.

სასაზღვრო ჯარის წვევამდელები უკვე წასვლას აპირებდნენ და ველოდებოდით მანქანებში. სწორედ მაშინ მოხდა აფეთქება...
ორი თვითმკვლელის მიერ განხორციელებული ორი აფეთქება პარასკევს მოხდა გასამხედროებული პოლიციის სასაზღვრო ძალების საწვრთნელ ცენტრთან, ქალაქ შაბყადარში. ეს ამ არეალში პირველი ასეთი თავდასხმა არაა, აქ „ალ-ყაიდაც“ და „თალიბანიც“ ადრეც აქტიურობდა. ხიბერ ფახთუნხვას პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა, ბაშირ აჰმედ ბილურმა დააზუსტა, რომ დახოცილთაგან 69 სასაზღვრო ჯარის წევრია, 11 კი, სამოქალაქო პირები არიან. ამდენად, ეს პაკისტანში ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა 2010 წლის ივლისის შემდეგ, როცა მოჰმანდში ტერაქტს 105 ადამიანი ემსხვერპლა. მოჰმანდთან ახლოსაა დღევანდელი ინციდენტის ადგილი. მთლიანად ეს არეალი აშშ-ის უშიშროების სამსახურების სამიზნეა, რადგან მიიჩნევა, რომ იქ „ალ-ყაიდაა“ გამაგრებული. აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები იქ ახორციელებენ ხოლმე თავდასხმებს. შაბყადარის ტერაქტებს გადარჩენილ ერთ-ერთ პირს ესაუბრა რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტი, რომელსაც დაშავებულმა მძღოლმა უთხრა, წვევამდელები უნდა გადამეყვანა, მათ ველოდებოდი და ამ დროს მოხდა აფეთქებაო:

„სასაზღვრო ჯარის წვევამდელები უკვე წასვლას აპირებდნენ და ველოდებოდით მანქანებში. სწორედ მაშინ მოხდა აფეთქება. მე მკლავში დავიჭერი.“

კადეტი აბდულ ვაჰიდ შაჰი სრულიად შემთხვევით გადარჩა, რადგან მანქანასთან მისვლამდე შენობაში შებრუნდა:

„ჩემი კოლეგები შესასვლელთან იდგნენ. მე კი ჩემს ოთახში დავბრუნდი. შესვლა და აფეთქება ერთი იყო. გარეთ გამოვვარდით, დახოცილების და დაჭრილების შეგროვება დავიწყეთ, საავადმყოფოში წავიყვანეთ და იქ სისხლი ჩავაბარეთ მათ დასახმარებლად.“

პირველი აფეთქება მოტოციკლიანმა ტერორისტმა მოაწყო, როცა კადეტების ჯგუფში შეიჭრა. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ახალბედა კადეტებმა შეცდომა დაუშვეს და აფეთქების ადგილზე შეგროვდნენ, რაც მეორე თავდამსხმელისთვის აფეთქების მოწყობის ხელსაყრელ მომენტად იქცა. სასაზღვრო ჯარი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრისპირა არეალში ებრძვის „ალ-ყაიდას“ და თალიბებს. ასე რომ, ეს თავდასხმა მიზანდასახულად იყო მოწყობილი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG