Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის გაზეთებსა და ჟურნალებში ამ კვირაში სტატიები საქართველოზე ნაკლებად გამოქვეყნდა. თავიდან გაგაცნობთ ერთ სტატიას თურქეთში გამომავალ „ჰურიეთიდან“.

ევროპის საბჭოს მინისტრების სტამბულში გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკების შემდეგ ვერ მოხერხდა ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნება, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური უთანხმოებაა, წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

სტატიის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის მინისტრების უთანხმოება ეხებოდა მათ შორის 2008 წლის ხუთდღიან ომს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - გამო. როგორც გამოცემას უთხრეს დიპლომატებმა, განხეთქილება უკვე სტრასბურგში დაიწყო, წინა შეხვედრაზე, როცა ამ დეკლარაციის პროექტი შეიქმნა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ, რომელსაც თურქეთმა ახლახან ჩააბარა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, გაზეთის თანახმად, ცდა არ დააკლო, მაგრამ მაინც ვერ მიაღწია დეკლარაციაში ამ სადავო თემისათვის თავი აერიდებინა, საბოლოო განცხადებას ხელი არც საქართველომ მოაწერა და არც რუსეთმა.

გაზეთი მკითხველს აცნობს სადავო პასაჟს სტრასბურგში მიღებული პროექტისა, სადაც მოუგვარებელ კონფლიქტებსა და რეგიონზე მათ ზეგავლენაზეა საუბარი. პროექტში არ ზუსტდება, სად არის და რა ხასიათი აქვს კონფლიქტებს. საქართველოს სურდა „სამხედრო“ დამატებოდა სიტყვა „კონფლიქტს“, რუსეთი კი ამის წინააღმდეგი იყო და გამოვიდა წინადადებით, რომ სიტყვები „საქართველოში ვითარება“ ჩაწერილიყო პროექტში. ამის მიღწევა და შეთანხმება, თურქეთის „ჰურიეთის“ თანახმად, ვერ მოხერხდა.

დასავლეთის გაზეთებმა ამ კვირაში არაერთი წერილი დაუთმეს ევროპის საერთო სავალუტო ზონის წევრის, საბერძნეთის თემას.

საბერძნეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა, საბიუჯეტო დეფიციტმა და ვალებმა, მოიტანეს ის, რომ ამ ქვეყანამ დიდი რაოდენობით სესხი უნდა აიღოს ევროკავშირის ქვეყნებისგან. გასაჭირი ადგას ესპანეთსაც, სწორედ მის თაობაზე წერს ბრიტანეთის „ტელეგრაფი“:

„თუკი სენი ესპანეთსაც გადაედო, ძნელი წარმოსადგენი გახდება, რომ ევრომ, თავისი დღევანდელი სახით, არსებობა გააგრძელოს. კვირის ბოლოს გავრცელებული ხმები, რომ საბერძნეთმა შეიძლება ევროზონა დატოვოს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩანს, თუ როგორი მღელვარებაა ბაზრებზე. ბოლოს და ბოლოს, გერმანიამ უნდა გადაწყვიტოს ბერძნების ბედი. ახლახან გამოაქვეყნა ბერლინმა რიცხვები იმის საჩვენებლად, რომ თავის ისტორიაში საუკეთესო საექსპორტო მონაცემები აქვს. მაგრამ გერმანიას კვლავაც უწევს მხოლოდ უცქიროს, როგორ იყენებენ მის უმაგალითო ეკონომიკურ დისციპლინას უქონელი ბერძნები. როდის მიხვდება გადასახადის გერმანელი გადამხდელი, რომ კმარა?“ - ამ შეკითხვით ასრულებს ბრიტანეთის „ტელეგრაფი“ თავის სტატიას.

ვითარებას აანალიზებს „ფაინენშელ ტაიმსი“ და ასეთი დასკვნით გამოდის:

„ევროს კრიზისის მთავარი პრობლემა ევროკაშირის ზოგიერთი სახელმწიფის მაღალი ვალები არ არის. ეს ვალები, ევროს ზონის საერთო შიდა პროდუქტთან შედარებით, მცირეა. ვალების და ამ მონაცემის ურთიერთმიმართება, ბრიტანეთსა და აშშ-თან ან იაპონიასთან შედარებით, ევროპაში უკეთესია. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ეს დიდი პრობლემა არ არის. საქმე ისაა, რომ ევროპის ზონა პოლიტიკურად უუნაროა მოერიოს კრიზისს, რომელიც გადამდები გახდა და აქვს იმის პოტენციალი, რომ თანმდევი ზიანი მოიტანოს.“

საფრანგეთის „ფიგარო“ კი ამავე თემაზე კრიტიკულად წერს, რომ ავადმყოფს სისხლის გამოშვებით ვერ უმკურნალებ. საბერძნეთში უკვე შეამცირეს პენსიები, ხელფასები, გაიზარდა გადასახადები, დაგეგმილია ფართო პრივატიზება. ათენმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და აკროპოლისის ქვეშ კი განძს ვერ ნახავენ. უფრო შორს მთავრობა ვეღარ წავა ისე, რომ პოლიტიკური საფრთხე არ გამოიწვიოს. ბოლო დღეებში ლაპარაკობენ ევრო ზონიდან საბერძნეთის გამოსვლის შესახებ და მას სულელურ, არარეალისტურ ნაბიჯად მიიჩნევენ. თუმცა ვინ იცის, ეს ალბათ ჯერჯერობით... მრავალმნიშვნელოვნად გვაფრთხილებს „ფიგარო“.

„ალ ყაიდის“ ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე პაკისტანში თავდასხმასა და მის მოკვლაზე წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“ და კრიტიკოსებს უპასუხებს:

„კრიტიკოსების მოსაზრება, რომ ოსამა ბინ ლადენის მოკვლა ჩვენ მისსავე დონეზე გვაყენებს, გიჟურია. თითქოს მოკვლა ყოველთვის მოკვლა იყოს. მხოლოდ შეშლილს და არამზადას შეუძლია იფიქროს, რომ „ალ ყაიდის“ ძალადობას შეგვიძლია შევებრძოლოთ ძალადობის გარეშე. ბინ ლადენისგან განსხვავებით, სპეცრაზმმა საგანგებოდ იფიქრა იმაზე, რომ სამოქალაქო პირები არ დაეხოცა. ბინ ლადენის უმცროს ცოლს ფეხში ესროლეს და ორი პატარა გოგონა სახიფათო ზონიდან გაიყვანეს, სანამ ბინ ლადენს მოკლავდნენ. მორალური და ოპერატიული თვალსაზრისით, ეს იყო სანიმუშო ანტიტერორისტული ოპერაცია. საბოდიშო არაფერი გვაქვ.“

ესპანეთის გაზეთი „პაისიც“ ეხება ამავე თემას და აშშ-ის და პაკისტანის ურთიერთობას განიხილავს ამ კონტექსტში. გაზეთის აზრით, აშშ-ის და პაკისტანის ურთიერთობის დიდი გამოცდის დრო დადგა და მის განვითარებაზეა დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი. პაკისტანის პრეზიდენტი, ზარდარი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, მუშარაფი, „ალ ყაიდის“ და „თალიბანის“ მიმართ ამბივალენტურ პოლიტიკას ატარებს. პრობლემები იგივე რჩება: საქმე ეხება ექსტრემისტებთან მუდმივ ბრძოლას ისე, რომ აშშ-თან ურთიერთობა არ დაზარალდეს, რადიკალებთან უშუალო დაპირისპირების გარეშე, იმისთვის, რომ პაკისტანის სტაბილურობა არ შეირყეს. შეიძლება ზარდარი თავის მცდელობისას, ეს ფეთქებადი თანასწორობა შეენარჩუნებინა, შეყოყმანდა, მაგრამ აშშ-მა თავშეკავებით უნდა იმოქმედოს, მით უმეტეს, რომ ბინ ლადენის სიკვდილით მღელვარების სახიფათო ფაქტორის ლიკვიდაცია მოხდა, რჩევას იძლევა „პაისი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG